4 წიგნი პროდუქტის მენეჯმენტის შესახებ, რომელიც უნდა წაიკითხო
პროდუქტის მენეჯერის პროფესია სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. თუმცა, ეს გასაკვირი არცაა, რადგან ამ სფეროში კარგად გათვითცნობიერებულ ადამიანს კომპანიის მოგების მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია.
თუ ჯერ კარგად არ იცნობთ აღნიშნულ პროფესიას, Atlassian-ის განმარტებით:
პროდუქტის მენეჯმენტი არის ორგანიზაციული ფუნქცია, რომელიც პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ყოველ ნაბიჯს, პირველ რიგში, პროდუქტსა და მის მომხმარებლებზე ფოკუსირებით წარმართავს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროდუქტის მენეჯერი განსაზღვრავს მომხმარებლის საჭიროებებსა და ბიზნესმიზნებს, შემდეგ კი გუნდს მომართავს იმისკენ, რომ მომხმარებლის მოთხოვნილებები თუ მოსაგვარებელი პრობლემები მათი პროდუქტის ნაწილად იქცეს.
პროდუქტის მენეჯმენტის შესახებ უფრო მეტი პრაქტიკული თუ თეორიული ინფორმაციის მისაღებად კი, გიზიარებთ 4 წიგნს.
The Lean Product Playbook: How to Innovate with Minimum Viable Products and Rapid Customer Feedback
ავტორი: დენ ოლსენი.
ეს არის ერთგვარი პრაქტიკული სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ შევქმნათ მომხმარებლისთვის საყვარელი პროდუქტი. წიგნის მთავარი იდეა კი, პროდუქტის მართვის პროცესში ე.წ. მომჭირნე მეთოდოლოგიის (lean methodology) გამოყენებაა.
The Product Book: How to Become A Great Product Manager
ავტორი: კარლოს გონსალეზი, ჯოშ ანონი.
კარლოს გონსალეზმა 2014 წელს Product School დააარსა, რომელიც პროდუქტის მენეჯმენტის სწავლებაში ერთ-ერთი გლობალური ლიდერია. წიგნის თანაავტორი ჯოშ ანონი კი ამავე დაწესებულებაში პროდუქტის მენეჯმენტის ინსტრუქტორია.
სწორედ აღნიშნული სკოლის კურიკულუმზე დაყრდნობითაა დაწერილი The Product Book, რომელიც ერთ მთავარ კითხვას სცემს პასუხს – რას აკეთებს პროდუქტის მენეჯერი? ამის გარდა წიგნი მკითხველს სთავაზობს სფეროს ექსპერტთა პრაქტიკულ რჩევებს პროდუქტის კონცეფციის, განვითარებისა და ჩაშვების შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
Intercom on Product Management
ავტორი: დის ტრეინორი
Intercom არის ერთ-ერთი წამყვანი კომუნიკაციის პლატფორმა სფეროში 10 წლიანი გამოცდილებით. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გამორჩეული პროდუქტის შექმნა ყოველი სტარტაპის პირველი და მთავარი ფოკუსი უნდა იყოს.
წიგნი ერთგვარი კრებულია გაკვეთილებისა იმ საკითხების შესახებ, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს პროდუქტის მენეჯერი. ნაშრომი ფარავს ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა პროდუქტის დიზაინი, ინჟინერია, ბრენდინგი და მარკეტინგი.
The Design of Everyday Things
ავტორი: დონ ნორმანი.
აღნიშნულ წიგნში ავტორი კოგნიტიურ მეცნიერებასა და გამოყენებადობის ინჟინერიას (usability engineering) იყენებს იმის ასახსნელად, თუ როგორ ასრულებს დიზაინი კომუნიკატორის როლს ობიექტსა და მომხმარებელს შორის. ამასთან ერთად, ნორმანი წერს, თუ როგორ მოვახერხოთ ამ კონტაქტის არხის ოპტიმიზაცია, რათა ობიექტის გამოყენების გამოცდილება სასიამოვნო გახდეს.
ნაშრომში მოცემულია ცალკეული პრობლემის ანალიზი (case studies) კარგი და ცუდი დიზაინის განსახილველად და ამის გარდა, დიზაინის პრინციპებსაც გვთავაზობს.