ქართული სტარტაპები: QuickShipper
QuickShipper – ასე ეწოდება ლევან კილაძის, მარიამ ახვლედიანისა და ილია გიჯაშვილის მერ შექმნილ ქართულ სტარტაპს, რომლის მეშვეობითაც ბიზნესებს შეუძლიათ ნებისმიერი არხიდან შემოსული შეკვეთების მართვა, მათი დაბინავება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შედეგების ანალიზი.
QuickShipper 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილეა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მის საქმიანობაზე უფრო ვრცლად მისსავე თანადამფუძნებელს, მარიამ ახვლედიანს გავსაუბრებოდით”
იდეა
ჩვენი სხვა საერთო სტარტაპიდან – ელვისი – გამომდინარე, დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა ელ. კომერციისა და ლოჯისტიკის სფეროებში. იმხელა გამოცდილება მივიღეთ ამ სწრაფ მიწოდების სერვისში და მის საჭიროებებში, გადავწყვიტეთ, ეს ცოდნა უდრო მასშტაბურ პროექტში დაგვებინავებინა, რომელიც საერთაშორისოდ გამოყენებადი იქნებოდა.
გავაანალიზეთ სხვადასხვა კურიერის მიერ გავლილი მარშრუტები და დავინახეთ, რომ სწორი ალგორითმითა და ოპტიმალური გადანაწილებით, კურიერებს 20%-ით ნაკლები მანძილის დაფარვით შეეძლოთ იმავე შედეგების მიღწევა. ასევე, ბიზნესებისთვის გადატვირთულობისას, დამატებითი კურიერების მოშველიების საჭიროება დავინახეთ.
პროდუქტის იდეა დაახლოებით 1 წლის წინ გაჩნდა, ტესტირება კი 2022 წლის იანვრიდან დავიწყეთ იმის გამოსაკვლევად, თუ რამდენად იყო ბაზარზე მისი მოთხოვნა. სწორედ ტესტირების რეჟიმით მოვედით აქამდე და წლის ბოლომდე ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ სრულიად ახალ პროდუქტს, რომლის ანალოგიც საქართველოში და რეგიონში არ არსებობს.
მსგავსი software-ების პრაქტიკა ამ ეტაპისთვის, ძირითადად, ამერიკის ბაზარზეა და ჩვენც ისე ვავითარებთ პროდუქტს, რომ არაფრით ჩამოუვარდებოდეს მათ. ვფიქრობთ, ეს ქართული პროდუქტი ძალიან წარმატებული იქნება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
პროდუქტი/მომსახურება
ქვიქშიპერი არის ერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესებს შეუძლიათ ნებისმიერი არხიდან შემოსული შეკვეთების მართვა, მათი დაბინავება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შედეგების ანალიზი.
პლატფორმა დაგეხმარებათ:
მართოთ საკუთარი კურიერები ოპტიმალურად
გადატვირთულობისას, მოიშველიოთ ალტერნატიული საკურიერო სერვისები
და მომხმარებელი გყავდეთ მუდმივად ინფორმირებული შეკვეთის სტატუსებსა და მიტანის დროის შესახებ.
ქვიქშიფერის მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს, საკუთარი კურიერებისა და შეკვეთების მაქსიმალურად ოპტიმალურად მართვაში. ეს ნიშნავს, რომ ქვიქშიფერი ეცდება, მინიმალური დანახარჯით, მინიმალური მარშრუტის დაფარვით დააბინავებინოს კურიერებს მაქსიმალური რაოდენობის ამანათი.
ქვიქშიფერის პლატფორმა ბიზნესებს სთავაზობს სრულ კომფორტს:
პლატფორმასთან, შესაძლოა, გაყიდვების ნებისმიერი არხის ინტეგრირება; ასევე შეკვეთების მანუალურად რეგისტრაციაც;
კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ბრენდის ქვეშ დაარეგისტრირონ მათი თანამშრომელი კურიერები და სამუშაოდ მისცენ ქვიქშიფერის კურიერის აპლიკაცია;
შემოსული შეკვეთების საწყისი და საბოლოო მისამართებიდან გამომდინარე, ქვიქშიფერი თავად ადგენს იმ ოპტიმალურ მარშრუტს, რომელიც კურიერმა უნდა გაიაროს;
ქვიქშიფერი ასევე აჯგუფებს მსგავს მისამართებს, რათა კურიერს არ მოუწიოს ერთიდაიგივე მარშრუტის ზედმეტად გავლა;
გარდა ამისა, ქვიქშიფერი ბიზნესს საბოლოო მომხმარებელთან კომუნიკაციის მარტივ შესაძლებლობას სთავაზობს: მყიდველებს ეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინება მათი შეკვეთის tracking ბმულით. ამ ბმულზე მათ შეუძლიათ, რეალურ დროში, რუკაზე ადევნონ თვალი კურიერის გადაადგილებას;
ინოვაციური მიდგომაა ასევე ქვიქშიფერის ჰაბის ფუნქციონალი: პლატფორმაში ინტეგრირებულია მოწინავე საერთაშორისო და ლოკალური საკურიერო კომპანიები. შესაბამისად, თუ კომპანიის შეკვეთების რაოდენობას მისი თანამშრომელი კურიერი ვეღარ გაუმკლავდება, ბიზნესს შესაძლებლობა ექნება, მოიშველიოს სხვა კომპანიის კურიერი, იმავე პლატფორმიდან.
ბიზნესს, ერთი მხრივ, უნდა, რომ ხარჯი დაწიოს და ამიტომ აჰყავს საკუთარი კურიერი, მაგრამ, მეორე მხრივ, ექმნება პრობლემა გადატვირთული პერიოდების დროს, რადგან საკუთარი რესურსით პიკურ დატვირთვებთან გამკლავება რთულია.
ამიტომ ჩვენს ბიზნესებს ვთავაზობთ ჰიბრიდულ გამოსავალს – მაქსიმალურად ვტვირთავთ კომპანიის თანამშრომელ კურიერს და ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ვაძლევთ შესაძლებლობას, ჩვენივე სისტემიდან მოიშველიოს იმ მომენტში ხელმისაწვდომი კურიერი სხვა კომპანიიდან.
ერთ პლატფორმაში შეკრებილი სხვადასხვა ალტერნატივა, გამოკვეთილი ფასებითა და მიტანის დროებით კიდევ უფრო მოსახერხებელია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც საკუთარი კურიერები ჯერ არც ჰყავთ.
ბიზნესმოდელი
ქვიქშიფერში ოპერირებისათვის ბიზნესები მათი შეკვეთების რაოდენობიდან გამომდინარე იხდიან საფასურს. ეს შეიძლება იყოს ფიქსირებული თანხა თითოეულ შეკვეთაზე, ან პაკეტური შეთავაზება თვის ჭრილში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცულობაზეა საუბარი.
გუნდი და დამფუძნებლები
სტარტაპის უკან დგას გუნდი, რომელსაც ბევრწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთად მუშაობის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: IT დეველოპმენტი, ელ. კომერცია, ლოჯისტიკა, ბიზნესის განვითარება და სხვა.
დამფუძნებლებში სამი ადამიანი ვართ:
ლევან კილაძე: 2010 წელს დააარსა საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი აიტი კომპანია Lemondo, რომელიც ქვიქშიფერთან ერთად სხვა მრავალი ქართული პროდუქტის მშობელი კომპანიაა. ლემონდუს პროექტების სიაშია ისეთი ცნობილი პროდუქტები, როგორებიცაა: tkt.ge, ss.ge, moitane, elvis და სხვა.
მარიამ ახვლედიანი – მარიამს აქვს გამოცდილება როგორც მარკეტინგის, ასევე ბრედის განვითარების მიმართულებით. მისი წარმატებული სტარტაპია სასაჩუქრე კომპანია მონამი.
ილია გიჯაშვილი – ილიას დიდი გამოცდილება აქვს როგორც უშუალოდ პროდუქტების, ასევე მათი დიზაინის შექმნაში. მის პორტფოლიოშია თითქმის ყველა ის წარმატებული პროექტი, რაც ლემონდუში იქმნება.
კონკურენტები
ლოკალურ და რეგიონალურ ჭრილში, კონკურენტი პროდუქტი არ არსებობს. თუმცა, არსებობს მსგავსი ტიპის ამერიკული სტარტაპები, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან. ამ ეტაპზე საქართველოში კომპანიების უმეტესობა იმ პრობლემას, რომელზეც ვისაუბრეთ, მანუალური ოპერირების გზით ჭრის. ეს შეიძლება იყოს ოპერირება Google Drive თუ სხვა მსგავსი ტიპის პროგრამების გამოყენებით. ქვიქშიფერის მიზანია, კომპანიებს ეს პროცესები გაუმარტივოს და გახადოს მუშაობა კომფორტული როგორც ადმინისტრატორებისთვის, ასევე – კურიერებისთვის.
პირველი ნაბიჯები
საწყის ეტაპზე რაც ქვიქშიფერი უნდა ყოფილიყო, ახლა უკვე ამჟამინდელი პროდუქტის მხოლოდ ერთი, პატარა ნაწილი იქნება. რომ შევადაროთ პროდუქტი იდეის დაბადებიდან დღევანდელ შედეგამდე, ამ პერიოდში იმხელა განვითარება ჰპოვა უკვე, მომავალ წელს სადამდე მივალთ, ვერც კი წარმოვიდგენთ. თავდაპირველად მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტროს საგრანტო პროგრამაში, სადაც ქვიქშიფერი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ეს გრანტი დაგვეხმარა სტარტაპის პირველადი ნაბიჯების გადადგმისას. ახლა უკვე გვერდში 500 და მისი მენტორები გვიდგანან და გვაძლევენ სწორ მიმართულებას პროდუქტის განსავითარებლად.
ისტორია
ყველა სირთულე ამ საქმეში ყოველთვის ლოჯიტიკის ნაწილს ეხება. სწორედ ეს ნაწილი არის მტკივნეული ბიზნესებისთვისაც და ამ სირთულის გადაჭრისკენ არის მიმართული მთლიანად პროდუქტი. ლოჯისტიკა & საოპერაციო ნაწილის ოპტიმალურად მართვა გამოწვევაა ყველა კომპანიისთვის, ნებისმიერ ბაზარზე. თუმცა, ჩვენი დაგროვილი გამოცდილებითა და ცოდნით ვცდილობთ, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ეს ასპექტები.
მიღებული დაფინანსება/ინვესტიციები
ზაფხულში გავხდით ჯიტას პროგრამის გამარჯვებულები, რის შედეგადაც მივიღეთ 150,000 ლარიანი დაფინანსება.
ინვესტორებთან ურთიერთობა
ინვესტორთან შეხვედრამდე აუცილებელია, სტარტაპს ჰქონდეს რაიმე სახის სტატისტიკა, სასურველია ბოლო 3-4 თვის მაჩვენებლები, სადაც ისინი შეძლებენ სტარტაპის ზრდის ჩვენებას. გარდა ამისა, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა პროდუქტს ვქმნით, რა პრობლემის გადასაჭრელად და რატომ აირჩევს სამიზნე აუდიტორია ჩვენს პროდუქტს სხვა ალტერნატივასთან მიმართებაში. თუ ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული და რიცხვებიც ხელს შეუწყობს ყველაფერს, წესით ინვესტორთან საუბარიც უნდა გამარტივდეს.
QuickShipper დღეს
ქვიქშიფერის პლატფორმის ტესტირებაში ახლა რამდენიმე კომპანიაა ჩართული, საბოლოო პროდუქტი წლის ბოლომდე ჩაეშვება და წინასაახალწლო პერიოდში კიდევ ერთხელ დაიტესტება მომხმარებლების მიერ. მათგან მიღებული უკუკავშირით დავხვეწთ პროდუქტს და 2023 წლიდან უკვე მასობრივი მოხმარებისთვის ჩავუშვებთ და შევთავაზებთ სხვადასხვა კომპანიას. როგორც კი დავრწმუნდებით, რომ პროდუქტი „მზად არის“, დავიწყებთ აქტიურ კამპანიებს მისი ცნობადობის ასამაღლებლად როგორც საქართველოში, ასევე – ფარგლებს გარეთ.
სამომავლო გეგმები
ჩვენი მიზანია, ამ წლის ბოლომდე დავასრულოთ პროდუქტზე მუშაობა, რაც მოიცავს ჩვენი მომხმარებლებისგან ნებისმიერი სახის უკუკავშირის შეგროვებასა და გათვალისწინებას. ქვიქშიფერი სხვა უცხოურ ანალოგს არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ შესაძლოა, მათზე უკეთესიც იყოს, რადგან საკმაოდ ბევრ უპირატესობას აერთიანებს.
2023 წლიდან კი უკვე გეგმაში გვაქვს პროდუქტის როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ გატანაც. როგორც ვახსენე, ეს ჩვენს შემთხვევაში შედარებით მარტივია, რადგან ქვიქშიფერი არის სრულიად ციფრული პროდუქტი და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ გვინდა, შევძლებთ მის გაყიდვას ასევე ციფრული არხების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ, რომ მომავალ წელს ჩვენi პროდუქტი უკვე საერთაშორისო ბაზარს გავაცნოთ.
ინდუსტრია
ჩვენი პროდუქტის წარმატება პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია ელ. კომერციის განვითარებაზე. ელ. კომერცია საქართველოში საკმაოდ აქტიურად ვითარდება და მისი ზრდა კიდევ უფრო მოსალოდნელია 2025 წლისთვის. ზოგადად ელ. კომერციის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს სექტორში არსებულ ბევრ კომპანიას, მათ შორის ერთ-ერთია ქვიქშიფერის „მშობელი“ აიტი კომპანია ლემონდუ. ყოველი ახალი გაყიდული პროდუქტი ნიშნავს მისი სწორად დაბინავების მორიგ მოთხოვნას, შესაბამისად, პერსპექტივაში ჩვენი პროდუქტის მოთხოვნის ზრდას ვხედავთ.
რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე გასვლისას გამოწვევაც არაერთი იქნება, ამა თუ იმ ქვეყნის ბაზრის შესწავლა და ანალიზი, მომხმარებლამდე პროდუქტის სწორად მიწოდება და სხვა, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, ამ სირთულეებს ერთიანი ძალისხმევით თავს გავართმევთ.
500 Georgia
გარდა იმ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისა, 500 გლობალი არის პროგრამა, სადაც გეხმარებიან, იფიქრო უფრო მასშტაბურად. აქ გეძლევა შესაძლებლობა, პირველ რიგში, აზრობრივად გაცდე საქართველოს ფარგლებს და სწორად შეაფასო საერთაშორისო ბაზრის პოტენციალი. მოლოდინიც სწორედ ის არის, რომ პროგრამის ბოლოს ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი იქნება იმაზე უფრო მასშტაბური, ვიდრე აქამდე წარმოვიდგენდით.