რა არის ფინტექი (Fintech)?
ბოლო წლებში ინტერნეტმა, სმარტფონებთან და ტაბლეტებთან ერთად, ტექნოლოგიის მიერ ფინანსური ინდუსტრიის ჩანაცვლების სიჩქარე მნიშვნელოვნად გაზარდა.
ჯერ კიდევ 2018 წელს, საბანკო ხელმძღვანელების დაახლოებით 70%-მა თქვა, რომ ახალი სერვისების შესაქმნელად Fintech-ებთან და Bigtech-ებთან თანამშრომლობა იყო აუცილებელი. შესაბამისად, სექტორში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა ამ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და $112 მილიარდი შეადგინა.
აღსანიშნია, რომ Statista.com-ის პროგნოზით, 2022 წლისთვის ამერიკის მოსახლეობის 65% ციფრული ბანკებისა და სხვა ფინტექ კომპანიების მომხმარებელი გახდება.
რატომ? რა არის განსაკუთრებული ამ ტიპის კომპანიებში? – ამ კითხვებზე პასუხს ფინტექის შესახებ ყველაფრის გაცნობის შემდეგ იპოვნი.
რას ნიშნავს ფინტექი
სიტყვა ,,ფინტექი’’ სიტყვების ,,ფინანსური’’ და ,,ტექნოლოგიის’’ კომბინაციაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ტერმინი ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში მოქმედი კომპანიების დასახასიათებლად გამოიყენება.
უფრო კონკრეტულად, ფინტექი არის მომხმარებლისთვის ფინანსური სერვისებისა და პროდუქტების მისაწოდებლად ტექნოლოგიის გამოყენება. ეს შეიძლება იყოს საბანკო, სადაზღვევო, საინვესტიციო ან სხვა ნებისმიერი სახის მომსახურება, რაც ფინანსებს ეხება.
ძირითადად, ამ ტერმინს უკავშირებენ იმ კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ავითარებენ. მათი სამოღვაწეო მიმართულებები კი მობილური და ონლაინგადახდები, ასევე ალტერნატიული ფინანსები და ფინანსური მენეჯმენტია.
ფინტექის უპირატესობები
– ფინტექის პროდუქტები მომხმარებელს ონლაინ მიეწოდება და, შესაბამისად, მათზე წვდომა ბევრად მოსახერხებელი და სწრაფია.
– მომხმარებლები პროდუქტებისა და სერვისების უფრო დიდი არჩევანით სარგებლობენ. ხოლო მათი შეძენა, მდებარეობის მიუხედავად, დისტანციურადაა შესაძლებელი.
– ფინტექ კომპანიებს არ სჭირდებათ ფულის ინვესტირება ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში, თუნდაც ფილიალების ქსელში. ამიტომ, მათ მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზება შეუძლიათ.
– ტექნოლოგიის საშუალებით, ფინტექ კომპანიები მომხმარებელზე მეტ ინფორმაციას აგროვებენ და ინახავენ, რათა შემდეგ მეტად პერსონალიზებული პროდუქტები და მომსახურება შესთავაზონ.
ფინტექი არის ჩვენს ყოველდღიურობაში
ფინტექი საფინანსო ინდუსტრიას მრავალი გზით ცვლის. მაგალითად, საბანკო ანგარიშის ინტერნეტით, ბანკში ფიზიკური ვიზიტის გარეშე გახსნა და სმარტფონიდან ჩვენს ფინანსურ აქტივობაზე თვალის მიდევნება შეგვიძლია. ჩვენი სმარტფონები ერთგვარ ციფრულ საფულეებად გარდაიქმნა, რომელთაც თანხის გადასახდელად ყოველდღიურად ვიყენებთ.
ტექნოლოგიის წინსვლა ასევე ნიშნავს ავტომატიზებული გადახდებისა და პერსონალური ფინანსური რჩევების მიღებას ადამიანებთან ყოველგვარი პირისპირი კონტაქტის გარეშე.
რა ხდება საქართველოში?
საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში საბანკო სექტორი საკმაოდ განვითარებულია. ეს კი ბევრი დროის, ენერგიისა და ფინანსების დაზოგვის, ასევე ფინანსური მომსახურების მარტივად მიღების საშუალებას გვაძლევს.
მაგალითისთვის, საქართველოს ბანკის მობაილბანკში ანგარიშის დისტანციურად გახსნით, სრული საბანკო მომსახურების მიღება ფილიალში ვიზიტის გარეშე შეგვიძლია. ამის გარდა, ნებისმიერი გადასახადის ერთი ღილაკით გასტუმრება, ავტომატური გადახდების ფუნქციით შეგვიძლია. პირადი ფინანსური მენეჯერი (PFM) კი დაგვთვლის თვის განმავლობაში რამდენი თანხა დავხარჯეთ საკვებში, საყიდლებზე, ტრანსპორტში და სხვა აქტივობებში.