რა ტიპის ინვესტორები არსებობენ?
ინვესტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიზნესის სფეროში – ხშირად ისინი სასიცოცხლო ძალას წარმოადგენენ სტარტაპებისთვის. სწორ ინვესტორს შეუძლია, დაეხმაროს სტარტაპს დასაწყისიდან საბოლოო წარმატებამდე. თუმცა, არასწორად შერჩეული ინვესტორი შეიძლება დიდი წინაღობა გახდეს დამწყები ბიზნესისთვის და სარგებლის მაგივრად, ზიანი მოუტანოს მას. სწორედ ამიტომ, ინვესტორის შერჩევამდე მნიშვნელოვანია, კარგად დაფიქრდნენ სტარტაპერები, თუ რამდენად რელევანტურია ის თავიანთი ბიზნესისთვის და რამდენად ერგება კონტექსტს. ინვესტორის კონკრეტულ შეფასებებამდე კი საჭიროა, ვიცოდეთ, ზოგადად რა ტიპის ინვესტორები არსებობენ და რა სარგებელის მოტანა შეუძლია თითოეულს სტარტაპისთვის.
“ანგელოზი ინვესტორები”
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ანგელოზი ინვესტორები არიან ინდივიდები და არა დაწესებულებები. ამ ტიპის ინვესტორებს ყოველწლიურად აქვთ 200,000 დოლარზე მეტი შემოსავალი ან აქვთ რაიმე ტიპის ქონება, რომლის ღირებულებაც აღემატება 1 მილიონ დოლარს. მათი მოძიება, როგორც წესი, შესაძლებელია კონკრეტული ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორში. ზოგადად კი ისინი მუშაობენ სხვადასხვა ანტრეპრენერებთან ერთად. ვენჩურული კაპიტალის ფირმისგან (VC) განსხვავებით, რომელიც იყენებს საინვესტიციო ფონდს, ანგელოზი ინვესტორები იყენებენ საკუთარ ქონებას. ვენჩურული კაპიტალებთან შედარებით, ანგელოზები ასევე შეიძლება იყვნენ უფრო მომთმენი მეწარმეების მიმართ.
Peer-to-Peer კრედიტორები
Peer-to-peer კრედიტორები შეიძლება იყვნენ ინდივიდები ან ჯგუფები. კრედიტორები და მსესხებლები, როგორც წესი, ერთმანეთს ვებსაიტების მეშვეობით უკავშირდებიან. მსესხებელი კრედიტორისგან პირდაპირ იღებს კრედიტს ყოველგვარი შუამავალი ინტიტუტის გარეშე. თითოეული ვებსაიტი ადგენს ტარიფებს და პირობებს და ახორციელებს ტრანზაქციას. საიტების უმეტესობას აქვს საპროცენტო განაკვეთების ფართო სპექტრი, რომელიც ეფუძნება განმცხადებლის კრედიტუნარიანობას. ეს პროცესი შეიძლება მთლიანად ავტომატიზებული იყოს, ასევე, კრედიტორებსა და მსესხებლებს შეუძლიათ აირჩიონ ვაჭრობის რეჟიმიც.
პირადი ინვესტორები
მაშინ, როცა ბანკი უბრალოდ ფულს გაძლევთ, კერძო ინვესტორები ხდებიან თქვენი გუნდის ნაწილი. ინვესტორის ეს ტიპი უფრო ხელსაყრელია ახლადდაწყებული საქმიანობებისთვის. თქვენი პირადი ინვესტორი დაგეხმარებათ, მიიღოთ სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები თქვენი კომპანიის განვითარებისთვის. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ინვესტორს კონკრეტული ინდუსტრიის შესახებ ჰქონდეს ცოდნა ან მინიმუმ – ჰქონდეს ამ ცოდნის ათვისების სურვილი.
ბანკები
ბანკები ბიზნეს სესხების კლასიკური წყაროა. მანამ, სანამ ბანკი გენდობათ და ფინანსურ დახმარებას მოგცემთ, აუცილებელია, მასთან წარადგინოთ შემოსავლის ან გირაოს დამადასტურებელი საბუთი. ამის გამო, ბანკები, როგორც წესი, უკეთესი ვარიანტია პირველადი ინვესტიციისთვის და სტარტაპის აწყობისთვის, თანაც, ამ შემთხვევაში, თქვენ არ გჭირდებათ, იყოთ მაგნატი დაფინანსების მისაღებად. თუმცა, აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბანკები სტარტაპ რჩევებს ვერ მოგცემენ – ისინი უბრალოდ ფულით უზრუნველყოფენ თქვენს ბიზნესს. სწორედ ამიტომ, უფრო სწორი იქნება, თუკი ბანკს მაშინ მიმართავთ, როცა ზუსტად გეცოდინებათ, რა გზით უნდა გააგრძელოთ სვლა.
ვენჩურული კაპიტალი (VC)
ვენჩურული კაპიტალი (VC) არის კერძო კაპიტალის ფორმა და დაფინანსების სახეობა, რომელსაც ინვესტორები აწვდიან დამწყებ კომპანიებსა და მცირე ბიზნესს, რომლებსაც, სავარაუდოდ, აქვთ გრძელვადიანი ზრდის პოტენციალი. ამ ტიპის კაპიტალს, როგორც წესი, გასცემენ წარმატებული ინვესტორებისგან, საინვესტიციო ბანკებისგან და ნებისმიერი სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან. თუმცა, მას ყოველთვის ფულადი ფორმა როდი გააჩნია; ის ასევე შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს ტექნიკური ან მენეჯერული ბენეფიტების სახით. ვენჩურული კაპიტალი, როგორც წესი, ნაწილდება მცირე კომპანიებზე, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ზრდის პოტენციალი, ან კომპანიებზე, რომლებიც სწრაფად იზრდებიან და, როგორც ჩანს, მზად არიან გააგრძელონ გაფართოება.
Crowdfunding
Crowdfunding არის მცირე რაოდენობის კაპიტალის გამოყენება დიდი რაოდენობის ფიზიკური პირებისგან ახალი ბიზნეს წამოწყების დასაფინანსებლად. Crowdfunding იყენებს ადამიანთა ფართო ქსელების მარტივ ხელმისაწვდომობას სოციალური მედიისა და crowdfunding ვებსაიტების მეშვეობით, რათა ერთმანეთთან დააკავშიროს ინვესტორები და მეწარმეები. Crowdfunding-ი შედარებით მარტივი და უწყინარი გზაა დაფინანსების მოსაპოვებლად. თუმცა, რასაკვირველია, აქაც ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული სტარტაპის მისია, რათა ხალხი დარწმუნდეს, რომ მათ ამ ბიზნესისთვის ფინანსების გაღება უღირთ.
საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, თუკი თქვენ დიდი დაფინანსება გჭირდებათ, კერძო ინვესტორები ამაზე რთულად გამოგყვებიან. საამისოდ დაგჭირდებათ, გქონდეთ კონკრეტულად განსაზღვრული მიზანი და ბიზნეს გეგმა. ასევე, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი სტარტაპის ზრდის მონაცემები სტაბილური და საიმედოა.
სანამ ანგელოზ ინვესტორებსა და ვენჩურულ კაპიტალისტებს დაფინანსებას სთხოვთ, შეიძლება სცადოთ ქრაუდფანდინგის პლატფორმების გამოყენება, როგორიცაა Kickstarter ან GoFundMe. ეს პლატფორმები შეიძლება იყოს შესანიშნავი სივრცე თქვენი ბიზნესის შესაძლო კონტრიბუტორებისთვის გასაცნობად. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაეყრდნოთ მეგობრებსა და ოჯახს თქვენი მცირე ბიზნესის დასახმარებლად, სესხის ან ინვესტიციის გზით.