რატომ ისწრაფვიან სტარტაპები საერთო სამუშაო სივრცეებისკენ?
საერთო სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა ყოველწლიურად 10-დან 15%-მდე იზრდება. ინდივიდები, სტარტაპები და კარგად გამოცდილი ბიზნესებიც კი უპირატესობას, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამგვარ სამუშაო გარემოს ანიჭებენ. ამ მხრივ, დიდი ხანია, საზოგადოების აღქმა შეიცვალა და უბრალოდ მაგიდებისა და რუტინული გარემოს ნაცვლად, საერთო სამუშაო სივრცე კომფორტთან და ამაღლებულ განწყობასთან ასოცირდება.
პოპულარობის ეს მნიშვნელოვანი ზრდა, ნაწილობრივ, გამოწვეულია დამწყები კომპანიების მზარდი რაოდენობით, რომელთათვისაც საერთო სამუშაო სივრცეები ნამდვილად ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს. და მაინც, რა განაპირობებს ამგვარი სივრცეების უპირატესობას? საამისოდ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ:
ნაკლები ხარჯი
დღესდღეობით, თანამედროვე საოფისე სივრცის საჭიროებებს დიდი ხარჯები მიაქვთ. ავეჯი, დეკორი, ტექნოლოგია, რემონტი და სივრცის მოვლა-დასუფთავება – ეს ხარჯები სწრაფად იზრდება და შეიძლება, სერიოზული ზიანიც კი მიაყენოს თქვენს სამუშაო კაპიტალს.
საერთო სამუშაო სივრცეები ამ ხარჯებს გიზოგავთ – თქვენ და თქვენი გუნდი უბრალოდ იყენებთ ამ სივრცეს ისე, რომ იხდით თვიურ გადასახადს, რაც ჯამში ნამდვილად ბევრად ცოტაა, ვიდრე საოფისე ხარჯები.
შთაგონება
დამწყები ბიზნესებისთვის ახალ იდეებზე მუშაობა მთავარი გამოწვევაა. ასეთ მომენტში კი მნიშვნელოვანია ფოკუსირებისა და მოთმინების უნარი, რადგანაც საათებისა და დღეების განმავლობაში იდეებზე მუშაობა რუტინად იქცევა ხოლმე; სწორედ ასეთ მომენტში ქრება შთაგონება და შემოქმედებითობა.
საერთო სამუშაო სივრცეები კი პირდაპირ მომართულია განწყობის ასამაღლებლად და მოტივაციის შეძენისკენ. თქვენ ყოველთვის გარშემორტყმული ხართ უნიკალური ინდივიდებით, რომლებსაც ახალი და ინოვაციური იდეები აქვთ. ამ ადამიანებთან ინტერაქცია კი აუცილებლად მიგმართავთ იმისკენ, რომ საქმე უფრო წარმატებულად და შემოქმედებითად აკეთოთ.
კოლაბორაცია
გარდა იმისა, რომ წარმატებული ადამიანების გარშემო ყოლა ხშირად შემოქმედებითობის უნარს აღვივებს და მოტივაციას ამაღლებს, საერთო სამუშაო სივრცეები ქმნიან გარემოს კოლაბორაციისთვისაც. მათი სიახლოვე საშუალებას გაძლევთ, ითანამშრომლოთ აღმასრულებელ დირექტორებთან, მარკეტინგის წარმომადგენლებთან, გრაფიკულ დიზაინერებთან, რედაქტორებთან, ფოტოგრაფებთან და ყველა სახის სპეციალისტებთან.
ინფრასტრუქტურა
რას გულისხმობს ინფრასტრუქტურა საოფისე გარემოში? ეს არის ყველა ის წვრილმანის ერთობლიობა, რომელიც აადვილებს მუშაობას, მაგრამ აშკარა ერთი შეხედვით სულაც არ არის. გადახედეთ ყველა საოფისე სივრცეს და დაინახავთ ავეჯს, დეკორს და ტექნოლოგიას.
მაგრამ ვინ ამარაგებს საკუჭნაოს? სად ინახავენ გუნდის წევრები თავიანთ აღჭურვილობას (მაგ., ველოსიპედები, ჩანთები, ქურთუკები და ა.შ.)? ვინ ასუფთავებს სამზარეულოს და აწესრიგებს დარბაზს ყველას სახლში წასვლის შემდეგ? ვინ აკონტროლებს გათბობას და გაგრილებას?
ამ უხილავმა ფაქტორებმა შეიძლება, ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს თქვენი მუშაობის ხარისხზე. როდესაც თქვენ ზრუნავთ საკუთარ ოფისზე, ეს ინფრასტრუქტურა მთლიანად თქვენს მხრებზეა. საერთო სამუშაო სივრცეში კი მსგავსი საკითხები მოგვარებულია და თქვენ მათზე ზრუნვა არ გიწევთ.
პროფესიული იმიჯი
როგორც სტარტაპმა, მნიშვნელოვანია, თქვენი კაპიტალი, რაც შეიძლება, მეტად მიმართოთ პროდუქტის ან სერვისის განვითარებისკენ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი საოფისე ფართი თქვენს პრიორიტეტებში მეორე ადგილს დაიკავებს და, შესაბამისად, მასზე ნაკლებს დახარჯავთ.
ამ პრიორიტეტების გამო, შესაძლოა, თქვენი ოფისის ინტერიერი არც თუ ისე სახარბიელო იყოს; ამან კი, შეიძლება, სერიოზულად შეგიშალოთ ხელი თქვენს ოფისში კლიენტებთან შეხვედრისას.
საერთო სივრცეში პროფესიონალური იმიჯი თავიდანვე გაქვთ – აქ გეძლევათ საშუალება, მხოლოდ პროდუქტსა თუ სერვისზე იყოთ ორიენტირებულნი.
კომფორტი
თქვენი საოფისე სივრცის კომფორტი აუცილებელია იმისთვის, რომ დაეხმაროთ თქვენი გუნდის წევრებს, იყვნენ კონცენტრირებულები, სამუშაო პროცესებში ჩართულნი და პროდუქტიულები. იგივე კომფორტი შეიძლება, დიდი მნიშვნელობის იყოს მომხმარებლებისა და კლიენტებისთვის, რომლებიც თქვენს ოფისს სტუმრობენ. აი, სწორედ ამ კომფორტს ქმნის საერთო სამუშაო სივრცე, რის შედეგადაც, თქვენი გუნდის წევრები და სტუმრები ბედნიერად და პროდუქტიულად გრძნობენ თავს დღის უმეტეს ნაწილში.
მოქნილობა
მოქნილობა აუცილებელია წარმატებული სტარტაპის განვითარებისთვის. თუკი ერთ დღეს თქვენ შეუფერხებლად მუშაობთ 10 თანამშრომელთან ერთად, მეორე დღეს შეიძლება, 5 ან 10 თანამშრომლის დამატება მოგიწიოთ. 20 თანამშრომლის იმ ოფისში განთავსებამ, რომელიც 10 ადამიანისთვის არის გათვლილი, შეიძლება, სერიოზულად შეაფერხოს თქვენი გუნდის პროდუქტიულობა და შემოქმედებითობა. საერთო სამუშაო სივრცის ერთ-ერთი სარგებელი სწორედ ეს მოქნილობაა, რომლითაც შეგიძლიათ თავისუფლად გააფართოვოთ თქვენი გუნდი.
საერთო სამუშაო სივრცეების კულტურა უკვე კარგა ხანია, რაც საქართველოშიც დაინერგა. ერთ-ერთი პიონერი კი ამ საკითხში “ტერმინალია”. დღეს უკვე ის მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვაგვარ სერვისებსა და სივრცეებს, თუნდაც როგორებიცაა: შეხვედრების ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, პირადი ოფისი, ცალკეული მაგიდა და ა.შ