fbpx

როგორ დაეხმარება ტელემედიცინა სასოფლო დასახლებებს?

სასოფლო

როგორ დაეხმარება ტელემედიცინა სასოფლო დასახლებებს?

სასოფლო დასახლებებში მაცხოვრებელი მოსახლეობა და ამ ტერიტორიებზე მდებარე საავადმყოფოები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ შორისაა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა სამედიცინო პერსონალის დეფიციტი ან მათი მინიმალური დატვირთულობა და კლინიკების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის შეზღუდულობა. ჩამოთვლილი საკითხების მოგვარება კი, ჯანდაცვის ციფრული ინსტრუმენტების, კერძოდ ტელემედიცინის დამკვიდრებით არის შესაძლებელი.

 

და მაინც, როგორ გადაჭრის ტელემედიცინა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს?

სამედიცინო პერსონალი

პაციენტებზე ვირტუალურად ზრუნვის მეთოდების გამოყენებით, ჯანდაცვის პროვაიდერებს სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებული ორი პრობლემის, – მათი დეფიციტის ან დაქირავებულთა მინიმალური დატვირთვის, – გადაჭრა შეუძლიათ. კერძოდ, ტელემედიცინის საშუალებით, მათ პერსონალის მოსაზიდად გეოგრაფიული დიაპაზონის გაფართოება შეუძლიათ. შესაბამისად, სასოფლო დასახლებებში მდებარე კლინიკები არასაკმარისი სამედიცინო პერსონალის საკითხის გადაჭრას არაადგილობრივი სპეციალისტების დისტანციურ სამუშაოზე დაქირავებით შეძლებენ. ხოლო რაც შეეხება ტერიტორიაზე არსებული დაბალი პოპულაციის პირობებში უკვე დაქირავებული პერსონალის მინიმალური დატვირთვის პრობლემას, მისი გადაჭრის გზაც მსგავსია – ეს ადამიანები დისტანციურად სხვა რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს დაეხმარებიან.

რა არის ტელემედიცინა?

ტელემედიცინა

ტელემედიცინა საშუალებას აძლევს ჯანდაცვის სპეციალისტებს, შეაფასონ, დაადგინონ და უმკურნალონ პაციენტებს დისტანციურად სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

ხელმისაწვდომობა

ექიმთან პირადი ვიზიტის დაგეგმვა ყოველთვის მარტივი არ არის. სასოფლო დასახლებებში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, ხშირად, გეოგრაფიულად ხელმიუწვდომელია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები. აქედან გამომდინარე, მათ შესაძლოა ზოგჯერ ვიზიტისგან თავი შეიკავონ და პროფესიონალებს მხოლოდ მაშინ მიმართონ, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები მეტად სერიოზული გახდება. აღნიშნული პრობლემა რომ არ არსებობდეს, პაციენტები სხვა გამოწვევის წინაშე მაინც დგანან – ზოგიერთ სპეციალისტს ვიზიტისთვის თავისუფალი ადგილი შესაძლოა თვეების განმავლობაშიც კი არ ჰქონდეს.

ამ ორი საკითხის გადაჭრაში კი ტელემედიცინა კვლავ საუკეთესო გამოსავალია. განსაკუთრებით კი, ასინქრონული კონსულტაცია, რომელიც პორტალის საშუალებით, პაციენტის მხრიდან ფოტოების ან ვიდეოების გაგზავნას, ხოლო სპეციალისტის მხრიდან შესაბამისი დანიშნულების გაცემას გულისხმობს. ამ სახის კონსულტაციის მეშვეობით, ექიმები დღის განმავლობაში მეტ პაციენტთან დაკავშირებას ახერხებენ, პაციენტთა ლოდინის დრო კი მცირდება.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post