ქართული სტარტაპები: Self.ge
Self.ge არის HR პროცესების მართვისა და პერსონალის აღრიცხვის ღრუბლოვანი სისტემა, რომელიც კომპანიებს ბიზნესპროცესების გაციფრულებისა და ავტომატიზების საშუალებას აძლევს. სტარტაპი იდეასა და პროდუქტზე დიდხანს, თითქმის 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და 2021 წლის მარტში ბაზარზე Self.ge-ის პირველი ვერსია ჩაეშვა. სულ რაღაც წელიწადსა და რამდენიმე თვეში სტარტაპმა თანამშრომლობის დამყარება საქართველოს ბაზარზე მოქმედ 200-ზე მეტ ქართულ და საერთაშორისო კომპანიასთან შეძლო, რომელთა 38 000-ზე მეტი თანამშრომლის პორტფელი სწორედ Self.ge-ის სისტემიდან იმართება.
როგორ გაჩნდა სტარტაპის შექმნის იდეა, რა გზა გაიარა მან და როგორი სამომავლო გეგმები აქვს Self.ge-ის გუნდს – ამ საკითხების შესახებ ნინო ფეიქრიშვილი გვესაუბრა.
იდეა და პროდუქტი
სტარტაპის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას აღმოჩენილი არაერთი ხარვეზის გაანალიზების შემდეგ გაჩნდა – ,,HR-ის მიმართულებით 10 წელზე მეტ ხანს ვმუშაობდი და ყველა ის პროდუქტი, რომელსაც სხვადასხვა კომპანიაში ვნერგავდი, არსებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. აციფრულებდა მხოლოდ პროცესების ნაწილს და მთავარს – თანამშრომელს კარგავდა. პანდემიამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა ამ პრობლემის მოგვარება და სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, შეგვექმნა სელფი, რომელიც კომპანიების შიდა ბიზნესპროცესების მართვას სრულად გააციფრულებდა და, შესაბამისად, რუტინულ პროცესებზე დახარჯულ დროს და რესურსს შეამცირებდა’’, – იხსენებს ნინო.
და მაინც, რას და როგორ ამარტივებს Self.ge? აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა: ორგანიზაციული სტრუქტურის, სამუშაო აღწერების, თანამშრომელთა აყვანის, დაწინაურების, გათავისუფლებისა და სხვა ცვილებების მართვა; თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა; შვებულებების, ბიულეტენების, მივლინებების და სხვა აპლიკაციების, ასევე შიდა კომუნიკაციების მენეჯმენტი და ა.შ. ამის გარდა, პროდუქტი თანამშრომლებისთვის თვითმომსახურების ინტერფეისსაც მოიცავს – ,,Self.ge-ის საშუალებით კომპანიაში არსებული ყველა HR ბიზნესპროცესის გაციფრულება და ავტომატიზებაა შესაძლებელი. აღსანიშნია, რომ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ბიზნესპროცესების მართვის ციფრულ გადაწყვეტილებაში თვითმომსახურების შესაძლებლობა შემოვიტანეთ. აქ იგულისხმება, რომ თანამშრომლებს თავიანთი ტელეფონებიდან ან კომპიუტერებიდან აბსოლუტურად ყველა პროცესის მართვა შეუძლიათ – ისინი თავად აკეთებენ განაცხადებს, რომლებიც მენეჯმენტს ეგზავნება; ხოლო შემდეგ, მათგან დასტურებს იღებენ. სისტემა კი, ამ ყველაფერს აღრიცხავს და მონაცემებს ანალიტიკურად ამუშავებს’’, – განმარტავს ნინო.
საინტერესოა, რომ სტარტაპთან თანამშრომლობის ფარგლებში, თითოეულ კომპანიას HR ბიზნესპარტნიორი ჰყავს, რომელიც მათ მთელი კონტრაქტის განმავლობაში ემსახურება – პირველ ეტაპზე პროდუქტის დანერგვაში მონაწილეობს, ხოლო შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას უწევს, რაც სიახლეების გაცნობასა და მათ დანერგვას გულისხმობს.
პროდუქტის დანერგვაც საკმაოდ მარტივია და არც ისე დიდ პერიოდს საჭიროებს – ,,სისტემის სრულად ჩაშვებას 2 კვირიდან თვე-ნახევრამდე სჭირდება. ცხადია, ვადები კომპანიის სიდიდეზეა დამოკიდებული – ზოგიერთ მათგანში 30-40 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ზოგი პარტნიორის თანამშრომელთა რაოდენობა 2-3 ათასია’’.
როგორც ნინო ამბობს, სისტემის მთავარი ხიბლი გადახდის პრინციპია – კომპანიას პირველადი ინვესტიციის გაწევა არ უხდება, სისტემის მოხმარება ყოველთვიური სააბონენტო გადასახადითაა შესაძლებელი – ,,სააბონენტო გადახდის პრინციპმა მოგვცა შესაძლებლობა, ყველა ზომის კომპანიისთვის მიგვეცა HR ბიზნესპროცესების გაციფრულებაზე წვდომა’’.
პირველი ნაბიჯები ბაზარზე და სირთულეები
საწყისი კაპიტალი თავად დამფუძნებლებმა ჩადეს და პროდუქტზე მუშაობაც მცირე გუნდთან ერთად დაიწყეს. დღეს კი მათი გუნდი ვებდეველოპერებით, product owner-ებით, HR ბიზნესპარტნიორებით, გაყიდვების მენეჯერებითა და სხვა პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული – ,,ვამაყობთ, რომ ერთ პატარა ოთახში შექმნილი კომპანიიდან შევძელით, მთელ საქართველოში ძალიან მოთხოვნადი ტექნოლოგიური პროდუქტი გავმხდარიყავით. დღევანდელი მონაცემებით, Self.ge-ის სისტემით 200-ზე მეტი კომპანიის 38000-ზე მეტი თანამშრომლის პორტფელი იმართება და ეს მართლა ძალიან გვეამაყება“.
ცხადია, პირველი ნაბიჯები გარკვეულ სირთულეებთანაც იყო დაკავშირებული – ,,მოგეხსენებათ, საქართველოში ამ ტიპის ბევრი სტარტაპი არ არსებობს. ზოგადად, ღრუბლოვანი სისტემების (რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე უკვე, ფაქტობრივად, უალტერნატივოა) მიმართ ნდობა ჩვენს ქვეყანაში დაბალია. შესაბამისად, კომპანიების ნდობის მოპოვებისა და მისი მაქსიმალურად გაზრდის კუთხით დიდი რესურსის ჩადება მოგვიწია’’.
გამოწვევა წარმატებით დაძლიეს – პირველივე თვიდან, Self.ge-ის პარტნიორთა რაოდენობა ყოველთვიურად ორმაგდებოდა და 2021 წელს ის საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სტარტაპადაც ჩამოყალიბდა – ,,ვფიქრობ, ოპერირების პირველი წელი ძალიან კარგი დასაწყისი გამოვიდა და ეს კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ მომდევნო წელი რამდენიმე სხვა ბაზარზე შესვლის წელი იყოს’’.
სამომავლო გეგმები
სტარტაპის სამომავლო გეგმები, პირველ რიგში, პროდუქტის დახვეწას უკავშირდება – ,,შემოდგომამდე გვინდა, რომ სისტემას შევძინოთ ახალი ფუნქციონალი, რომელიც კომპანიებს აბსოლუტურად ყველა ბიზნესპროცესის გაციფრულების საშუალებას მისცემს’’.
ამის გარდა, წლის ბოლოს Self.ge-ის ორ ახალ ბაზარზე გატანა იგეგმება. ამ ეტაპზე, ქვეყნები არ არის ცნობილი, თუმცა, როგორც ნინო გვეუბნება, რამდენიმე მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.
რჩევა სტარტაპებს
„არ მიყვარს შაბლონური რჩევების მიცემა იმის შესახებ, რომ უნდა მოინდომო, შენი იდეის გჯეროდეს, მოემზადო თავდაუზოგავი შრომისთვის, გარისკო და დაასწრო სხვას, იყო პირველი, მაგრამ ალბათ მაინც ამ შაბლონის გამეორება მომიწევს’’, – ამბობს ნინო და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა არის წარმატების მისაღწევად საჭირო – ,,თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც მომხმარებლების გულისყურით მოსმენა და მათი მოთხოვნებისა და რჩევების გათვალისწინებაა’’.