fbpx

სემ ალტმანის სტარტაპრჩევები

სემ

სემ ალტმანის სტარტაპრჩევები

,,[მუშაობა] უნდა დაიწყოთ იდეით და არა კომპანიით’’, – გვეუბნება სემ ალტმანი და აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც დამფუძნებლები მხოლოდ იდეის ეტაპზე არიან, ისინი უცნაური ჟღერადობის [ზოგადად ხომ საუკეთესო იდეები ცუდ იღეებად აღიქმება], მაგრამ პოტენციურად უფრო მასშტაბურ იდეებს განიხილავენ და რაიმე უნიკალურის ძიებას მეტ დროს უთმობენ. ამის საწინააღმდეგოდ, კომპანიის ფლობის შემთხვევაში, ადამიანები ზეწოლას გრძნობენ, რომ არსებულ იდეას ბოლომდე უნდა გაჰყვნენ და საკუთარი თავი მიუძღვნან – ,,კომპანიის დასაწყებად საუკეთესო გზა საინტერესო პროექტების შექმნაა… გუნდს მინიმუმ ერთი ტექნოლოგიური დამფუძნებელი უნდა ჰყავდეს. ანუ ადამიანი, რომელსაც შეეძლება იმის შექმნა, რის შექმნასაც კომპანია აპირებს’’. 

მას შემდეგ, რაც საინტერესო პროექტებზე მუშაობიდან კომპანიის რეჟიმზე გადახვალთ, გადაწყვეტილებების მიღებაზე არ იორჭოფოთ და სწრაფად იმოქმედეთ – ,,გადაწყვეტილების მიღებაზე ერთი კვირის განმავლობაში ფიქრის ნაცვლად, მის მიღებაზე ერთი საათი იფიქრეთ, მომდევნო ერთ საათში კი უკვე – მის განხორციელებაზე’’. აღსანიშნია, რომ ამ უნარის გამომუშავებასთან ერთად ჯიუტიც უნდა გახდეთ, რადგანაც, ალტმანის თქმით, წინ გასავლელი გზა რთულია და ამ პერიოდში საკუთარ თავში ბევრჯერ დაეჭვდებით.

სტარტაპზე მუშაობისას ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი ისეთი პროდუქტის შექმნაა, რომელიც ადამიანების პრობლემებს აგვარებს და მათ ცხოვრებას უმარტივებს, ამიტომ – ,,შექმენით ის, რაც ხალხს სურს. მოუსმინეთ, რას გეუბნებიან მომხმარებლები, გააუმჯობესეთ პროდუქტი და შემდეგ მათ კვლავ მოუსმინეთ. ეს პროცესი გააგრძელეთ მანამ, სანამ არ შექმნით იმას, რაც ზოგიერთ მომხმარებელს შეუყვარდება (პოლ ბუჰაიტის მრავალი ბრწყინვალე დაკვირვებიდან – უკეთესია შექმნათ ის, რაც მომხმარებელთა მცირე რაოდენობას უყვარს; ვიდრე ის, რაც ბევრ მომხმარებელს მოსწონს)’’. თანაც, გახსოვდეთ, რომ მომხმარებლების მოსაპოვებლად იმაზე მეტი თანხა არ უნდა დახარჯოთ, ვიდრე მათი Customer Lifetime Value-ია [იმ თანხის ჯამური რაოდენობა, რომელსაც მომხმარებელი თქვენთან ურთიერთკავშირის სრული პერიოდის განმავლობაში პროდუქტზე ან მომსახურებაზე დახარჯავს].

პროდუქტთან და მომხმარებელთან ერთად აუცილებლად აღსანიშნი საკითხია ბაზარი – ,,ზოგადად, სწრაფად მზარდი ბაზარი დიდ, მაგრამ ნელა მზარდ ბაზარს ამჯობინეთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ პირველი მათგანი მომავალში მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა, სხვები მას უმნიშვნელოდ მიიჩნევენ’’.

წარმატების მისაღწევად სტრატეგიის ქონაც აუცილებელია, რაც, სემ ალტმანის თქმით, ბევრ ადამიანს არ აქვს – ,,ხანდახან ცოტა დრო დაუთმეთ იმაზე ფიქრს, თუ როგორ აღასრულებთ სტრატეგიას. კონკრეტულად, გახსოვდეთ, რომ ერთ დღეს მონოპოლია უნდა გქონდეთ’’. ცხადია, ამგვარი მასშტაბური კომპანიის შექმნისთვის კონკრეტული ზრდის ტემპის მიზნის დასახვაა – ,,თუ ოდესმე იტყვით – ,,ჩვენ ახლა ზრდაზე ორიენტირებულები არ ვართ’’ – იცოდეთ, რომ არასწორ საკითხზე ხართ ორიენტირებულნი’’.

სტარტაპის ზრდისთვის ხარჯების მაქსიმალურად დაბალი დონის შენარჩუნებაა საჭირო – ,,ე.წ. წვის სიჩქარის (Burn rate) დაბალი მაჩვენებელი შეინარჩუნეთ მანამ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ის შექმენით, რაც ხალხს უყვარს. ამის გაკეთების უმარტივესი გზა თანამშრომლების გვიან აყვანაა. ეცადეთ, რომ საუკეთესო ადამიანები დაიქირაოთ – მაღალი მოლოდინი უნდა გქონდეთ, რადგან ჭკვიანი და ეფექტური ადამიანები წარმატებისთვის მნიშვნელოვანი არიან. ამასთანავე, სასწრაფოგაათავისუფლეთ ადამიანები, როდესაც მათი დაქირავებისას შეცდომას დაუშვებთ. ისწავლეთ ადამიანების მართვა და დარწმუნდით, რომ თქვენი თანამშრომლები ბედნიერები არიან’’, – ამბობს სემ ალტმანი და აღნიშნავს, რომ არ უნდა იმუშაოთ ისეთ ადამიანებთან, რომელთა მიმართაც ცუდი შეგრძნება გაქვთ – ,,ეს ეხება თანამშრომლებს, თანადამფუძნებლებს, პარტნიორებს, ინვესტორებსა და ა.შ.’’.

და ბოლოს, უმნიშვნელო საკითხებზე (ნებისმიერ სხვა რამეზე, რაც პროდუქტის შექმნას, მომხმარებელთან საუბარს, ზრდასა და ა.შ. არ უკავშირდება) დრო არ უნდა დახარჯოთ – ,,ზოგადად, მოერიდეთ ისეთი რაღაცების კეთებას, რაც სტარტაპის მართვის შესახებ ფილმში შეიძლება იხილოთ – იურისტებთან და ბუღალტრებთან შეხვედრა, ბევრ კონფერენციაზე სიარული, ხალხთან ერთად ყავის დალევა, ბევრ შეხვედრაზე ჯდომა და ა.შ. ამის ნაცვლად, ინტენსიურად კონცენტრირდით მნიშვნელოვან საკითხებზე. ყოველდღიურად გაარკვიეთ, რა არის თქვენთვის 2 ან 3 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, აღასრულეთ ისინი და ყურადღების გამფანტავი მოვლენები უგულებელყავით’’.

ამის გარდა, სემ ალტმანი გვირჩევს რომ პირად კავშირებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა არ მივანიჭოთ, ვიდრე რეალურად აქვს; ვიმუშაოთ მუყაითად; საჭირო საქმეების არგასაკეთებლად მიზეზები არ ვეძიოთ და 10 წლის განმავლობაში ასე გავაგრძელოთ მუშაობა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post