fbpx

YouTube Shorts-ს ახალი ფუნქცია – ვიდეოს რემიქსი ემატება

Shorts

YouTube Shorts-ს ახალი ფუნქცია – ვიდეოს რემიქსი ემატება

YouTube Shorts-ს ემატება ახალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს მათი შექმნის პროცესში YouTube-ის პლატფორმაზე განთავსებული სტანდარტული და Shorts ტიპის ვიდეოებიდან მცირე ხანგრძლივობის ფრაგმენტების გამოყენების საშუალებას მისცემს. ეს არის გაფართოება პლატფორმაზე უკვე არსებული Remix-ის ფუნქციისა, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს საკუთარ Shorts-ში სხვა ვიდეოების აუდიოს გამოყენება შეუძლიათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი სიახლე მისი კონკურენტის, TikTok-ის აპლიკაციაში არსებული ფუნქციის, Stitch-ის იდენტურია.

YouTube-ის განცხადებით, ახალი ფუნქცია პლატფორმაზე საჯაროდ განთავსებულ თითქმის ყველა ვიდეოზე ავტომატურად არის დაშვებული – გამონაკლისია მხოლოდ ის მუსიკალური კონტენტი, რომელიც საავტორო უფლებით არის დაცული. იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტული ვიდეოს ავტორს არ სურს, რომ მისი მასალიდან გარკვეული სეგმენტის Short-ებში გამოყენება იყოს შესაძლებელი, ეს ფუნქცია YouTube Studio-დან უნდა გამორთოს. ხოლო, თავად YouTube Shorts-ის ვიდეოების შემქმნელებს ეს არჩევანი არ აქვთ.

ახალი ფუნქციის გამოსაყენებლად, მომხმარებელმა სამი მარტივი მოქმედება უნდა შეასრულოს – ჯერ სასურველი სტანდარტული ვიდეოს ქვეშ არსებულ ,,Create’’ (,,შექმნა’’), შემდეგ კი ,, Cut’’ (,,მოჭრა’’) ღილაკს უნდა დააჭიროს, ბოლოს ერთიდან ხუთ წამამდე ხანგრძლივობის ფრაგმენტი მონიშნოს და კონტენტი ასე შექმნას. პროცესი Shorts ტიპის ვიდეოების შემთხვევაშიც იდენტურია, თუმცა, აღნიშნული ღილაკები მარჯვენა მხარეს მოთავსებულ სამწერტილიან მენიუშია ხელმისაწვდომი.

Youtube Shorts

Shorts-ის ამ პრინციპით შექმნისას, ახალი მასალა ორიგინალ ვიდეოს ბმულით უკავშირდება. ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ვიდეოდან ფრაგმენტს სხვა ადამიანი გამოიყენებს, ის ავტორს ახალი აუდიტორიის მოზიდვაშიც დაეხმარება.

კომპანიის თქმით, ვიდეოს შემქმნელები YouTube Analtyics-ის საშუალებით შეძლებენ ნახონ, მათი რომელი მასალა გამოიყენეს ახალი ფუნქციის ფარგლებში. სულ მალე კი ამის შესახებ ინფორმაციას მომხმარებლები სპეციალური შეტყობინებების საშუალებით მიიღებენ.

სიახლე iOS მოწყობილობებზე უკვე ხელმისაწვდომია და უახლოეს მომავალში ის  Android-ზეც დაემატება.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post