fbpx

ქართული სტარტაპები: Signify

Signify

ქართული სტარტაპები: Signify

Signify – ასე ეწოდება ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმას, რომელიც პანდემიის განმავლობაში შეიქმნა და ქართულ ბაზარზე სწრაფადვე აიდგა ფეხი. კომპანიის დამფუძნებლების თქმით, საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს მსგავსი სერვისის პლატფორმა, რაც Signify-ს კიდევ უფრო საჭიროს ხდის.

ვინ არიან სტარტაპის დამფუძნებლები და რა ეტაპზეა ამჟამად Signify? ამ საკითხებზე პლატფორმის მმართველ პარტნიორს, ზვიად წოწკოლაურს გავესაუბრეთ.

იდეა

Signfiy-ს შექმნის იდეა 2020 წელს გაგვიჩნდა, როდესაც მსოფლიო მასშტაბით არსებულმა კოვიდპანდემიამ  არაერთი სერვისისა და პროდუქტის გაციფრულება გამოიწვია, მანამდე არსებულ ციფრულ პროდუქტებზე კი მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. მათ შორის იყო ელექტრონული ხელმოწერაც, რომელიც პანდემიის პერიოდში დისტანციურად მუშაობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. განვითარებულ ბაზრებზე არსებული კომპანიებისთვის მსგავსი პროდუქტები უკვე აქტიურად გამოიყენებოდა და შესაბამისად, მათ არ გაუჭირდათ ადაპტაცია, რაასაც ვერ ვიტყვით ჩვენი ქვეყნის ბაზარზე, სადაც ჯერ კიდევ ბევრი დოკუმენტი იქმნება და არქივდება ფიზიკურ გარემოში.

სწორედ ზემოაღნიშნულმა გარემოებამ გადაგვაწყვეტინა, საქართველოს ბაზრისთვის შეგვეთავაზებინა ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმა – Signify.

Signify-ს საქმიანობა

Signify არის ელექტრონული ხელმოწერების და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს დოკუმენტის ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს.

Signify-ს პლატფორმა მოიცავს ორ მიმართულებას: 1. SignifyWeb – ელექტრონული ხელმოწერის ვებ-პლატფორმა (დისტანციური ხელმოწერის პროცესისთვის) 2. SignifyPad – ბიომეტრიული ხელმოწერები პადების საშუალებით (როცა ხელმოწერა ხდება კომპანიის ფილიალებში ან ოფისებში).

Signify-ს მისია დაკონტრაქტების პროცესის გამარტივებაა. ხშირად ჩვენი პროდუქტი აღიქმება მხოლოდ ხელმოწერის საშუალებად, თუმცა Signify-ს მიზანია სრული პროცესის ავტომატიზაცია (დოკუმენტის შექმნიდან დაწყებული, მისი ხელმოწერით და შენახვით დამთავრებული).

Signify-ს დამფუძნებლები

Signify-ს დამფუძნებლები არიან ზვიად წოწკოლაური, ალექსანდრე ნემსაძე და ენჯითი ჯგუფი.

ზვიადს 15 წლიანი გამოცდილება აქვს ციფრული პროდუქტების დიზაინისა და განვითარების მიმართულებით. გასული წლების განმავლობაში იგი თიბისის ციფრული ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელი იყო.

ალექსანდრე ნემსაძე Signify-ში ტექნიკურ მიმართულებას უძღვება. ჩვენი სტარტაპის დაარსებამდე, 14 წლის განმავლობაში ალექსანდრე იყო კომპანია “აზრი”-ის გუნდის წევრი და ბოლო წლების განმავლობაში პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

NGT Group  უკვე წლებია, ბაზარზე ოპერირებს და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული ციფრული ხელმოწერების კუთხით, მათ შორის, კომპანია არის ტექნოლოგიის მიმწოდებელი სახელმწიფო სერვისების სააგენტოსთვის, კვალიფიციური ელ. ხელმოწერების კუთხით.

პირველი ნაბიჯები

ყველა სტარტაპის გზა არის ვალიდაციების გზა – აკეთებ დაშვებას და შემდეგ ცდილობ მის ვალიდაციას, რომ პრობლემა არსებობს, რომ ჩემი პროდუქტი ამ პრობლემას აგვარებს, რომ კლიენტები მზად არიან ამაში ფული გადაიხადონ და ა.შ.

ჩვენი სტრატეგია იყო, რაც შეიძლება, სწრაფად გაგვეტანა ბაზარზე პროდუქტი და მაქსიმალურად დაგვეჩქარებინა ჩვენი ჰიპოთეზების ვალიდაცია. პროდუქტი დაახლოებით 3 თვეში გავუშვით. პრობლემა, რომ ნამდვილად არსებობს, ამაში გაშვებიდან 1 კვირაშივე დავრწმუნდით, როცა სხვადასხვა სექტორისა და ზომის ბიზნესებმა დაიწყეს კითხვების დასმა და დაინტერესდნენ ჩვენი პროდუქტით. მეორე ვალიდაცია, რომ ჩვენ ამ პრობლემას ვაგვარებთ, დაახლოებით 2 თვის თავზე მივიღეთ, როდესაც პირველმა კლიენტებმა აქტიურად დაიწყეს პროდუქტის გამოყენება და არ მიატოვეს.

მთავარი გამოწვევა რაც Signify-ს ამ ეტაპზე აქვს  – არის ქცევის შეცვლა, თანაც ყველაზე სენსიტიურ სეგმენტზე და სფეროში. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიაა:

• აქტიური მარკეტინგული კომუნიკაციით მაქსიმალურად გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა;

• მსხვილ კლიენტებზე ვიმუშაოთ პირდაპირი გაყიდვებით, ხოლო საშუალოზე – ციფრული არხებით;

• პროდუქტები გავხადოთ უფრო მარტივი და დავფაროთ ის საჭიროებები, რაც დაკონტრაქტების პროცესს თან ახლავს.

სირთულეები

იქედან გამომდინარე, რომ Signify პირველი პლატფორმაა ელექტრონული ხელმოწერების მიმართულებით, გარდა უშუალოდ ჩვენი ბრენდის ცნობადობისა, გვჭირდება ზოგადად კატეგორიაზეც (ელ. ხელმოწერაზეც) გავზარდოთ ცნობადობა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ გსურს გაყიდო Iphone,  უნდა იცოდე, რა არის ზოგადად სმარტფონი. ჩვენს შემთხვევაში ვცდილობთ, სამიზნე აუდიტორიასთან მივიტანოთ მესიჯი რომ ელ. ხელმოწერა მარტივი, ლეგალური და უსაფრთხოა. ამას კი,  სჭირდება როგორც დრო და ასევე, საკმაოდ დიდი რესურსი.

Signify დღეს

Signify უკვე 1 წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე 30,000 დოკუმენტს მოეწერა ხელი ელექტრონულად. Signify-ის პლატფორმა უკვე 15,000-ზე მეტმა ადამიანმა გამოსცადა. ჩვენს კლიენტებს შორის არიან მსხვილი და ცნობილი კომპანიები თითქმის ყველა სექტორიდან (საბანკო, სადაზღვევო, რითეილი, სამშენებლო, საგანმანათლებლო და ა.შ.). თვიდან თვემდე საშუალოდ 30%-ით ვიზრდებით.

მეტრიკები

მთავარი მეტრიკები, რასაც ვაკვირდებით არის: გაზიარებული  დოკუმენტების რაოდენობა, ხელმოწერების რაოდენობა და უნიკალური ხელმომწერები, ვინც ერთხელ მაინც მოაწერა ხელი ჩვენს პლატფორმაზე.

რჩევა სტარტაპებს

ყველა სტარტაპი უნდა ეცადოს, მაქსიმალურად სწრაფად გავიდეს ბაზარზე და ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია თავის მომხმარებელთან. ასევე, შეეძლოს სწრაფი ადაპტირება ცვლილებებზე.

სამომავლო გეგმები

ახლო მომავალში ვგეგმავთ, მომხმარებელს სრულად განახლებული პლატფორმა წარვუდგინოთ, რომელიც ბევრად უფრო მარტივი გამოსაყენებელი იქნება და მაქსიმალურად იქნება მორგებული ჩენი მომხმარებლების საჭიროებებს. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post