Sirens – ომის ისტორიის ამსახველი უკრაინული NFT პროექტი
Sirens – ეს არის რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის ისტორიის ამსახველი NFT პროექტი. უფრო კონკრეტულად კი, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გენერირებული, ზეთოვანი ფერწერის სტილში შესრულებული 1991 ნამუშევრის გალერეა, რომელიც სამხედრო დაპირისპირების დაწყების პირველივე დღიდან დღევანდელობამდე მომხდარი 150 მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ მოგვითხრობს.
,,Sirens (სირენები) – ეს არის ხმა, რომელმაც 2022 წლის 24 თებერვალს მილიონობით უკრაინელი ადამიანი გააღვიძა… Sirens – ეს არის ხმა, რომელიც მოსვენებას არ გვაძლევს ყოველდღე… Sirens – ეს არის ომის გალერეა’’, – ნათქვამია პროექტის ვებსაიტზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ქვეყნის დატოვებაზე უარი და იარაღის მოწოდების თხოვნა; ზმეინიზე (გველების კუნძულზე) თავდასხმა; ჯო ბაიდენის მიერ ,,ლენდ-ლიზის’’ კანონის ხელმოწერა; მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, უკრაინული წარმოების თვითმფრინავის An-225 ,,Mriya’’ დაწვა; რუსულ კრეისერ ,,მოსკვაზე’’ ცეცხლის გაჩენა; რუსი სამხედროების მიერ ატომური ელექტროსადგურების დაკავება; მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ თავდასაცავად მოლოტოვის კოქტეილების მომზადება; მარიუპოლის თეატრის, რომელსაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს, დაბომბვა; გამნაღმველი ძაღლი სახელად პატრონი; უკრაინელების მიერ ტრაქტორით წაღებული რუსული სამხედრო ტექნიკა; კიევის აჩრდილი; უკრაინელი ჯარისკაცის მიერ, რუსი სამხედროების შესაჩერებლად, საკუთარი სიცოცხლის ფასად ხიდის აფეთქება; დღე X, როდესაც უკრაინა ომში გამარჯვებას აღნიშნავს – ეს იმ მოვლენების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც აღნიშნული NFT პროექტი ასახავს.
პროექტზე იმუშავა უკრაინული სტარტაპის, ZibraAI-ის გუნდმა, რომლის მთავარი მიზანიც ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად და დაზიანებული ქალაქების აღსადგენად ფინანსების მოგროვებაა. სწორედ ამიტომ, NFT-ების გაყიდვებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა საქველმოქმედო ფონდებს DobroUA და Unchain.
,,გადავწყვიტეთ, Generative AI-ში დაგროვილი გამოცდილება ქვეყნის დასახმარებლად გამოგვეყენებინა. გვინდა, პატივი მივაგოთ უკრაინელების გამბედაობას და ბლოკჩეინი ამ ომის ისტორიის სამუდამოდ შესანახად გამოვიყენოთ’’, – აცხადებს გუნდი.
ZibraAI-ის გუნდს პროექტის შექმნის იდეა 2022 წლის 7 მარტს გაუჩნდა. შემდეგ, მათ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ქრონოლოგიურად დაალაგეს და აღწერეს. მომდევნო პროცესი კი, შედგენილი ტექსტებიდან, ნეირონული ქსელის საშუალებით, გამოსახულებების შექმნა იყო. სტარტაპის მთავარი საოპერაციო ოფიცრის (ასევე, სტარტაპ Reface-ის თანადამფუძნებლის) რომან მოგილნის თქმით, საბოლოო ჯამში, გუნდმა 3-4-ჯერ მეტი გამოსახულება შექმნა, თუმცა, დაიყვანა 1991 ნამუშევრამდე, რომლებიც NFT-ების სახით $2 მილიონამდე თანხის შეგროვების მიზნით გაიყიდება.
როგორ ადაპტირდა უკრაინული სტარტაპი Reface ომის პირობებში
24 თებერვალს, უკრაინის ბევრი სხვა მაცხოვრებლის მსგავსად, დიმა შვეცსაც აფეთქებების ხმაზე გაეღვიძა – ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, მის ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ძალები შეიჭრნენ. საჰაერო თავდასხმის სირენების ხმის გაგების შემდეგ, შვეცი მეგობრებს, ოჯახსა და კოლეგებს დაუკავშირდა, რათა არსებულ ვითარებაში გარკვეულიყო.
პროექტიდან პირველი 661 ნამუშევრის გაყიდვა OpenSea-ზე 24 ივნისს, საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ, მსგავსი რაოდენობის NFT-ები მომდევნო ორ კვირაში, – პირველ ივლისსა და 8 ივლისს, – ჩაეშვება. მათი საწყისი ფასი კი $100 იქნება.
იდეის მთავარი მხარდამჭერია უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო, ასევე მისი პარტნიორები არიან Unchain, DobroUA, Reface და სხვები.