Social Impact Award 2022-ის ჟიურის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
დღეს საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის Social Impact Award ჟიურის წევრებთან და პროგრამის საორგანიზაციო ჯგუფთან ონლაინშეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საკონკურსო განაცხადების წარდგენის როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი ნაწილის განხილვას დაეთმო.
ცნობისთვის, Social Impact Award-ის საკონკურსო განაცხადების მიღება 29 მაისს სრულდება და პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით, ონლაინპლატფორმაზე უნდა წარადგინონ.
შემოსული განაცხადების საფუძველზე დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული 6 ფინალისტი გუნდი გაივლის ორთვიან ინკუბაციას და, ინდივიდუალური მენტორების დახმარებით, დახვეწს ბიზნესმოდელს, შეადგენს ბიზნესგეგმას და ფინალისთვის მოემზადება. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც ბიზნესიდეების განსახორციელებლად დაფინანსება გადაეცემათ და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში, რომელიც წელს ვენაში (ავსტრიაში) გაიმართება.
პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-ამდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად საგანმანათლებლო კურსს სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ სოციალური ბიზნესის რეალურად წამოწყების შესაძლებლობას აძლევს.
იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეექვსე წელია ახალგაზრდებს სოციალური ბიზნესის წამოწყების საშუალებას აძლევს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1200-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 130-ამდე ახალგაზრდამ (40 გუნდი) და გამოვლინდა 20 გამარჯვებული გუნდი, რომელთაც სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად დაფინანსება გადაეცათ. აღსანიშნია, რომ ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
პროგრამის მხარდამჭერები არიან თიბისის პროგრამა სტარტაპერი და Mercy Corps.