რა არის სოციალური მედიის მარკეტინგი?
ტერმინი სოციალური მედიის მარკეტინგი (იგივე SMM) გულისხმობს სოციალური მედიაპლატფორმების გამოყენებას კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტებისა და მიწოდებული მომსახურებების რეკლამირებისთვის. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდაა. იგი მოიცავს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მათ ქცევებზე დაკვირვებას, ჩართულობის უზრუნველყოფასა და საბოლოოდ პროცესის ეფექტურობის დადგენას, რისთვისაც მონაცემთა ანალიტიკის ინსტრუმენტები გამოიყენება.
სოციალური მედიის მარკეტინგის ხუთი ძირითადი ნაწილი
სტრატეგია
სოციალურ მედიაში რაიმე მასალის გამოქვეყნებამდე, ფართო სურათის დანახვა და შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემაა საჭირო.
რომელ სოციალურ მედიაპლატფორმებზე გსურთ ფოკუსირება? დღესდღეობით მრავალი სახის სოციალური მედია არსებობს, თუმცა, ამჟამად მათ შორის ყველაზე პოპულარულია Facebook, Instagram, Twitter, LinkedIn, YouTube, TikTok და Pinterest. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქსელები მუდმივი განახლების პროცესშია. მაგალითად, ადრე Facebook-ზე მხოლოდ ტექსტური სიახლეების გაზიარება იყო შესაძლებელი, ახლა კი პლატფორმაზე სხვადასხვა ტიპის მასალაა ხელმისაწვდომი, მათ შორის, ფოტოები, ვიდეოები და პირდაპირი ჩართვები.
იმისათვის, რომ კომპანიამ სოციალური მედიის მარკეტინგიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, მან უნდა გაითვალისწინოს თითოეული ქსელის მახასიათებლები, ტენდენციები და ის, თუ რომელ პლატფორმებზე იმყოფებიან მისი სამიზნე აუდიტორიის წარმომადგენლები.
რა ტიპის კონტენტის გაზიარება გსურთ? კომპანიისთვის ასევე აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რა ტიპის კონტენტი იზიდავს მის სამიზნე აუდიტორიას ყველაზე მეტად – ფოტო თუ ვიდეომასალა? საგანმანათლებლო თუ გასართობი მასალები? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში მარკეტინგული პერსონის შექმნა დაგეხმარებათ. ცხადია, მისი პირველი ვარიანტი საბოლოო სახე არ იქნება და სტრატეგიის შეცვლა შეგიძლიათ იმის მიხედვით, თუ რამდენად სასურველ შედეგებს იღებთ.
დაგეგმვა და გამოქვეყნება
სოციალურ მედიაში მასალის გამოქვეყნება ძალიან მარტივია, თუმცა, სჯობს, რომ ეს პროცესი წინასწარ დაგეგმოთ და კონტენტი შექმნისთანავე, სპონტანურად არ განათავსოთ.
მომხმარებლის მოსმენა და მათი ჩართულობა
კომპანიის ცნობადობისა და სოციალური ქსელების ანგარიშების გამომწერთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მის შესახებ სოციალურ მედიაში ადამიანები უფრო ხშირად ისაუბრებენ. მომხმარებლები ზოგჯერ თქვენ მიერ განთავსებულ მასალებზე გააკეთებენ კომენტარს ან თავიანთ პოსტებში მოგნიშნავენ, ზოგ შემთხვევაში კი ბრენდის შესახებ თქვენი ინფორმირების გარეშე ისაუბრებენ.
ამ ნაწილში კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს და ხშირად ადევნოს თვალყური იმას, თუ რას ამბობენ ადამიანები მის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ცუდი გამოცდილება ჰქონდა და ბრენდის შესახებ უარყოფითი გამოხმაურება გავრცელდა, კომპანიამ შესაბამის პირებს დახმარება უნდა შესთავაზოს და ხარვეზი გამოასწოროს. დადებითი კომენტარის შემთხვევაში კი მას საშუალება ეძლევა მომხმარებელი მოულოდნელად გახაროს, თუნდაც, მცირე საჩუქრის გაგზავნით ან რაიმე სპეციალური შეთავაზების გაკეთებით.
ანალიზი და ანგარიშები
კომპანიამ აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს მისი სოციალური მედიის მარკეტინგი – უფრო დიდ აუდიტორიას მიაღწიეთ, ვიდრე გასულ თვეში? რამდენი დადებითი გამოხმაურება მიიღეთ? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გასაცემად კი მონაცემებზე დაკვირვებაა საჭირო. ინფორმაციის საბაზისო დონეს თავად სოციალური მედიის პლატფორმებიც უზრუნველყოფენ, უფრო სიღრმისეული ანალიტიკური მონაცემების მისაღებად კი სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენებაა შესაძლებელი.
რეკლამირება
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას აქვს შესაბამისი ფინანსები, მან სოციალური მედიის სარეკლამო კამპანიებიც უნდა განიხილოს. სოციალურ ქსელებში განთავსებული რეკლამები უფრო ფართო აუდიტორიაზე წვდომის საშუალებას იძლევა. თანაც, სამიზნე აუდიტორიის სეგმენტირება მრავალი მაჩვენებლის, მათ შორის დემოგრაფიის, ინტერესებისა და ქცევის საფუძველზე შეიძლება.