fbpx

რატომ დაეცა Spotify -ის აქციების ფასი

Spotify

რატომ დაეცა Spotify -ის აქციების ფასი

გასული ერთი თვის განმავლობაში (10 იანვარი – 10 თებერვალი), Spotify-ის (NYSE: SPOT) აქციების ფასი 25%-ით დაეცა. შემცირებულია ასევე კომპანიის S&P 500 და დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსიც (Dow Jones Industrial Average).

რა მოხდა?

გასულ თვეში Spotify მისი ექსკლუზიური და ყველაზე წარმატებული პოდკასტის (The Joe Rogan Experience) წამყვანის, ჯო როგანის გამო სკანდალში გაეხვია. კომპანიისა და პოდკასტერის მიმართ დაწყებული დავა საბოლოოდ ორი მიმართულებით განივრცო.

დაძაბული სიტუაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც როგანმა მეცნიერ რობერტ მელოუნს უმასპინძლა. კორონავირუსის პანდემიაზე საუბრისას სტუმარმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ,,მასობრივი ფორმირების ფსიქოზი’’ გავრცელდა. ის ამ ტერმინით გულისხმობდა, რომ საზოგადოება იყო, ფაქტობრივად, ჰიპნოზის ქვეშ და მათი ყურადღება იყო მიმართული ლიდერისკენ, რომელსაც ნებისმიერი მიმართულებით გაჰყვებოდნენ.

ცნობისთვის, „მასობრივი ფორმირების ფსიქოზი“ არ არის ფსიქოლოგიის სფეროში აღიარებული აკადემიური ტერმინი და არც არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს რაიმე მსგავსი ფენომენი მოხდა (ან ხდება).

საზოგადოების გამოხმაურება

პოდკასტის ეთერში გასვლის შემდეგ, კანადელმა მუსიკოსმა ნილ იანგმა კომპანიას ულტიმატუმი წაუყენა. თავისი მენეჯმენტის გუნდისთვის გაგზავნილ წერილში ის აღნიშნავდა, რომ Spotify დეზინფორმაციას ავრცელებდა, რასაც შეეძლო ადამიანების (ვინც ცრუინფორმაციას დაიჯერებდა) სიკვდილი გამოეწვია.

,,მინდა დაუყოვნებლივ შეატყობინოთ Spotify-ს, რომ მსურს ჩემი მუსიკა პლატფორმიდან წაიშალოს. მათ შეუძლიათ ჰყავდეთ ან როგანი ან იანგი. ორივე ერთად არა’’, – წერდა იანგი.

კომპანიამ მოთხოვნა დააკმაყოფილა და მუსიკა პლატფორმიდან წაშალა. თუმცა, ეს მოსალოდნელიც კი იყო, რადგან როგანის პოდკასტის თითოეული ეპიზოდი 11 მილიონ  მომხმარებელს იზიდავს, ხოლო იანგი – ყოველთვიურად 6 მილიონს.

კომპანიისა და როგანის პასუხი

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი პოდკასტის ეპიზოდს, რომელშიც კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, საინფორმაციო შეტყობინება დაერთვება. Spotify-ის თქმით, მსმენელი გადამისამართდება Covid-19 ცენტრთან, რომელიც სანდო წყაროების სასარგებლო ბმულებს მოიცავს.

დავას გამოეხმაურა თავად ჯო როგანიც და აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას არ ცდილობს.

,,დეზინფორმაციის პროპაგანდას არ ვცდილობ. ამ პოდკასტით მხოლოდ საინტერესო საუბრების წარმოება მინდა. მსურს, ვაჩვენო ყველანაირი მოსაზრება, რათა ყველამ გავარკვიოთ, რა ხდება არა მხოლოდ კორონავირუსთან, არამედ ჯანმრთელობასთან, ფიტნესთან, მსოფლიოს მდგომარეობასთან დაკავშირებით. რა საკითხებსაც სულ ცოტა ხნის წინ დეზინფორმაციად მივიჩნევდით, ახლა ფაქტად არის მიღებული’’, – აღნიშნავდა იგი.

როგორ გაგრძელდა დავა?

როგორც უკვე ვახსენეთ, დავა ორი მიმართულებით განივრცო. ნილ იანგს მხარდაჭერა გამოუცხადეს სხვა ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის ჯონი მიტჩელმა, ნილს ლოფგრენმა, დევიდ კროსბიმ, სტივენ სტილსმა და გრეემ ნეშმა. იანგის მოთხოვნას სულ მალე შეუერთდა ინდია არი. თუმცა, მისი მუსიკის Spotify-დან წაშლის მიზეზები კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას სცდილდებოდა.

,,მე მჯერა სიტყვის თავისუფლების, თუმცა ჯო როგანს პრობლემატურ ადამიანად ვთვლი სხვა მიზეზების გამო. ეს არის მისი საუბრები რასასთან დაკავშირებით’’, – აღნიშნავდა მუსიკოსი.

ინდია არის განცხადება უკავშირდებოდა როგანის პოდკასტის ეპიზოდს, რომელშიც ის ფსიქოლოგ ჯორდან პიტერსონს მასპინძლობდა. პოდკასტერი ამბობდა, რომ უცნაურია ვინმეს შავკანიანი ან თეთრკანიანი კანის ტონის მიხედვით უწოდო.

,,თუ თქვენ არ საუბრობთ ადამიანზე, რომელიც 100%-ით აფრიკელია და ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც მთელი დღის განმავლობაში ტანსაცმელი არ აცვია და მელანინიც მზისგან დასაცავად გამოიმუშავა, ტერმინის ’’Black’’ გამოყენება უცნაურია’’, – აღნიშნავდა იგი.

კომპანიისა და როგანის პასუხი

დავის მეორე ნაწილთანაც დაკავშირებით ჯო როგანმა საჯარო ბოდიში მოიხადა. აღსანიშნია, რომ კომპანიასთან საუბრის შემდეგ, მისი გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის, პოდკასტის 100-ზე მეტი ძველი ეპიზოდია წაშლილი Spotify-დან. რაც შეეხება კომპანიის წარმომადგენლებს, აღნიშნულთან დაკავშირებით დანიელ ეკიმ თანამშრომლებს მოუხადა ბოდიში.

,,სიტყვები არ არსებობს, რომლითაც ადეკვატურად გადმოვცემ, თუ რამდენად ვწუხვარ იმის გამო, რომ დაპირისპირება კვლავ მოქმედებს თითოეულ თქვენგანზე. ჯო როგანის გაკეთებული ზოგიერთ კომენტარი წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია. ამასთანავე მინდა განვმარტო, რომ ისინი კომპანიის ღირებულებებს არ წარმოადგენენ’’, – განაცხადა ეკიმ.

ის ასევე აღნიშნავდა, რომ მართალია როგანის ნათქვამს გმობდა, თუმცა არ თვლიდა, რომ ჯოს გაჩუმება სიტუაციაზე შესაბამისი პასუხი იქნებოდა.

რა მოხდება?

კომპანიამ 2020 წელს როგანს $100 მილიონი გადაუხადა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ Spotify ამ ინვესტიციას რაიმე საფრთხეს შეუქმნის. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ როგანს დიდი აუდიტორია ჰყავს. თუმცა ფაქტია, რომ პოდკასტერთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები კომპანიის აქციების ფასებზე უარყოფითად მოქმედებს, აღნიშნული კი ინვესტორებისთვის რისკს წარმოშობს. ამის მიუხედავად, Spotify კვლავ მსოფლიო ლიდერია აუდიო სერვისში.

ახალი ხელშეკრულება

მიმდინარე დავის მიუხედავად, სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ,,ბარსელონამ’’ და Spotify-მ €280 მილიონის ღირებულების სამწლიანი ხელშეკრულება დადეს. კონტრაქტის თანახმად, საფეხბურთო კლუბის სტადიონის სახელწოდება ,,კამპ ნოუს’’ ნაცვლად, ,,კამპ ნოუ სპოტიფაი’’ იქნება. გარიგება ძალაში მიმდინარე ზაფხულს შევა.

 

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post