fbpx

ქართული სტარტაპები: Sprenty

Sprenty

ქართული სტარტაპები: Sprenty

,,სამეგობროსთვის კერძო მოედნის მოძებნა, შემდეგ სასურველი დროის დაჯავშნა და ბურთების, გადასაცმელებისა და სხვა აქსესუარების საკითხის ორგანიზება დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ინტერნეტსივცრეში კერძო ობიექტების უმეტესობა არც კი იძებნება’’, – დიდი ალბათობით, აღნიშნული პრობლემა საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ არაერთ პირს ეცნობა და თავად გამოუცდია კიდეც. სწორედ ასეთი ადამიანების რიგებში შედიოდნენ ლევან ქევხიშვილი და ნოდარ ლაცაბიძეც, რომლებმაც ამ საკითხის გადაჭრა სტარტაპის, სახელწოდებით Sprenty, შექმნით გადაწყვიტეს.

იდეა

სტარტაპის დაარსების იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც დამღლელი დღის ბოლოს სამეგობრომ ფეხბურთის სათამაშოდ კერძო მოედნის დაჯავშნა გადაწყვიტა – ,,Google-ში, ფაქტობრივად, ვერაფერი ვიპოვეთ. შემდეგ სამეგობროს გარეთ დავიწყეთ ნომრების მოძიება და რამდენიმე მოვიპოვეთ კიდეც, თუმცა მათ შორის ისეთი საკონტაქტოებიც იყო, რომლებზეც აღარც კი ირეკებოდა. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ საქართველოში სპორტი ძალიან შორს იყო ციფრული სივრცისგან’’ – ამის შემდეგ, მათ მიზნად დაისახეს ისეთი სივრცის შექმნა, რომლის საშუალებითაც, ადამიანები სასურველ სპორტულ ობიექტს რამდენიმე წამში იპოვიდნენ, დაჯავშნიდნენ და ამავდროულად თამაშისთვის საჭირო დამატებით ინვენტარსაც იქირავებდნენ.

პროდუქტი და ბიზნესმოდელი

Sprenty მომხმარებლებს სთავაზობს სპორტული ობიექტების სხვადასხვა ფილტრის (საფარი, გადახურვა, გათბობა, გასახდელი, პარკინგი, საგულშემატკივრო სივრცე, საშხაპე, ღამის განათება) მიხედვით გადარჩევისა და დაჯავშნის შესაძლებლობას; ასევე სპორტული აქსესუარების (გადასაცმელები, ბურთები) ქირაობისა და ადგილზე მიტანის მომსახურებას, რაც მათ ობიექტთან კომუნიკაციის დისკომფორტსა და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს თავიდან არიდებს.

რადგანაც პლატფორმა სპორტულ ობიექტებსა და სპორტით გატაცებულ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, სტარტაპის შემოსავლის წყარო Sprenty-ზე განთავსებული ობიექტების გაქირავებით მიღებული შემოსავლის ნაწილი და დამატებითი აქსესუარების გაქირავების ღირებულებაა. ამასთანავე, შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს კომპანიების კორპორაციული მომსახურება –  მათთვის სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებებისა და შეჯიბრებების ორგანიზება წარმოადგენს.

პირველი ნაბიჯებიდან დღევანდელობამდე

Sprenty სულ ახლახან გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. თუმცა, გარკვეულ გამოწვევებთან შეჯახება და მათთან გამკლავება უკვე მოასწრო. კერძოდ, სტარტაპის დამფუძნებლები პირველ სირთულეს სხვადასხვა ობიექტის მენეჯერებისთვის პლატფორმის არსის ახსნისას წააწყდნენ – ,,საიტსა და აპლიკაციაზე მუშაობის პარალელურად, ობიექტების მენეჯერებთან დავდიოდით. მათ სერვისის არსსა და საჭიროებას ვუხსნიდით. არ დავმალავთ, რამდენიმე მათგანმა არც მოგვისმინა და ცივი უარით გამოგვისტუმრა. თუმცაღა ვიცოდით, როდესაც ისეთ სერვისს ქმნი, რომლის შესახებაც ამ დრომდე არავის სმენია, ასეთი შემთხვევებსაც წავაწყდებოდით. საბოლოოდ, ბევრი შრომის შემდეგ, საიტზე მუშაობა დავასრულეთ’’, – იხსენებს ნოდო ლაცაბიძე.

პლატფორმა მიმდინარე წლის 20 მაისს ჩაეშვა და 1 კვირის თავზე ვიზიტორების რაოდენობამ 24 ათასს გადააჭარბა, ხოლო საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლების  რიცხვი 3 250-ამდეა.

სტარტაპმა უკვე მოახერხა, რომ საწყის ეტაპზევე საკმარო რაოდენობის პარტნიორი ობიექტებისთვისაც მოეყარა თავი – ,,ჩვენი პარტნიორებიდან ყველაზე გამორჩეულია ზაზა ფაჩულიას აკადემია, ლეილა მესხის აკადემია, ბრუკლინის აკადემია, ოლიმპიური ქალაქი, 35-ე საფეხბურთო სკოლის მოედნები, ასევე მზიურისა და მარაკანას მოედნები’’.

ინვესტიციები

,,ინვესტორის მოძიებაზე მუშაობა სტარტაპის შექმნის იდეის გაჩენისთანავე დავიწყეთ. რეალობა ბევრად უფრო რთულად წარმოგვედგინა, თუმცა ინვესტორ პავლე მგელაძესთან კომუნიკაცია მალევე დავამყარეთ. შემდეგ შევხვდით, ბიზნესგეგმა და გუნდი წარვუდგინეთ, სამომავლო პერსპექტივების შესახებ ვესაუბრეთ. მას იდეა მოეწონა და ჩვენი ინვესტორი გახდა’’, – ამბობენ დამფუძნებლები და დასძენენ, რომ ამჟამად Sprenty არის re:invent ჯგუფის წევრი, რაც მათ სხვა გამოცდილ კომპანიებთან და სტარტაპებთან კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.

ინვესტორის მოპოვების ამბავთან ერთად, ამ საკითხთან დაკავშირებით, ლევანი და ნოდარი  რჩევასაც გვიზიარებენ – ,,[სტარტაპებს] არ უნდა ჰქონდეთ იმის შიში, რომ ინვესტორებისგან უპასუხოდ დარჩებიან ან უარყოფით უკუკავშირს მიიღებენ. მათი დაინტერესების გასაზრდელად მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა და მისი გადაჭრის გზები სწორად განვსაზღვროთ, ასევე რეალისტური ბიზნესმოდელი წარვადგინოთ’’.

სამომავლო გეგმები

სტარტაპის სამომავლო გეგმები, პირველ რიგში, სპორტული მიმართულების საქართველოში ათვისებას მოიცავს. ამის შემდეგ 1 წლის ვადაში, დამფუძნებლებს აქვთ ამბიცია, რომ სერვისი ყაზახეთში შეიტანონ; მოგვიანებით კი, აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზეც გავიდნენ – ,,ვიცნობთ ყაზახეთის ბაზარს, არსებულ მოთხოვნასა და მსყიდველუნარიანობას. ამ ბაზარზე წარმატებულად შესვლის შემდეგ, სერვისის აღმოსავლეთ ევროპაში, – საბერძნეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში, – გატანას ვაპირებთ. შემდეგში კი, ცენტრალური ევროპისა და ამერიკის ბაზრის ათვისება გვინდა’’.

რაც შეეხება პროდუქტის მიმართულებას, Sprenty-ზე სპორტის იმ სახეობების ობიექტების დამატება იგეგმება, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებშია პოპულარული. ასეთებია, მაგალითად, ჰოკეი, ბეისბოლი, კრიკეტი, კერლინგი და სხვა.

აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის, შემდეგში კი ცენტრალური ევროპის და ამერიკის ბაზარს აითვისებს.

ინდუსტრია საქართველოსა და მსოფლიოში

სტარტაპის დამფუძნებლები Sprenty-ის საოპერაციო ინდუსტრიის გამოწვევებსა და პერსპექტივებზეც გვესაუბრნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ დღესდღეობით ყველაზე ხშირად გამოყენებადი შუამავლური სერვისებია (მაგალითად, Bolt, Uber, Airbnb, Copart, Amazon და სხვა). საქართველოში კი, ამ მხრივ, სპორტული სფერო აუთვისებელია – ,,ეს პრობლემა ძალიან მასშტაბური და ხელშესახებია, რადგან სპორტით დაინტერესებული ადამიანების უდიდესი ნაწილი შუამავლური სერვისის არქონის პრობლემას ყოველდღიურად აწყდება. სპორტულ ობიექტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გლობალურ ბაზარზე ამგვარი სერვისები ახლა იქმნება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მსგავსი სერვისის შესაქმნელად და ბაზარზე გასასვლელად ახლა იდეალური დროა’’.

რჩევა სტარტაპებს

ყველა სტარტაპერს უნდა სჯეროდეს თავისი იდეის, თუმცა, ამავდროულად კრიტიკულად უნდა მიუდგეს იმას, თუ რამდენად მასშტაბური და რეალურია პრობლემა და მისი გადაჭრის გზა.

სტარტაპერებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ კავშირები და ისეთი ინვესტორი ეძიონ, რომელიც მათ განვითარებაში შეუწყობს ხელს.

არ არის აუცილებელი, თქვენი სტარტაპის საჭიროება ყველამ დაინახოს. მთავარია, იდეა ბოლომდე მიიყვანოთ და ხალხის აზრიც შეიცვლება.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post