,,Will you be my startup wife?’’ – როგორია სტარტაპ(თანა)ცხოვრება
,,სტარტაპი ოჯახია, რომლის წამოწყებამდეც უნდა გააცნობიერო, რომ ცხოვრების შეცვლა და პასუხისმგებლობების აღება მოგიწევს. როგორც დაოჯახებისას ფიქრობ ბევრს, კომპანიის წამოწყებისასაც მრავალი რამ უნდა აწონ-დაწონო’’, – გვეუბნება Edupay-ის თანადამფუძნებელი გიორგი ხაჩიძე და აღნიშნავს, რომ სტარტაპი უბრალო სამსახური არ არის – ,,ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ჩვეულებრივი სამსახურის მსგავსად იმუშავებენ (ოღონდ, ამ შემთხვევაში, პროექტზე) და წარმატებულები გახდებიან. რეალურად, ეს ამგვარად არ არის’’.
მართლაც, სტარტაპზე მუშაობისას საკუთარ თავში მრავალი ცვლილების შეტანა არის საჭირო – დამფუძნებლებმა თავიანთი ფიქრის მიმართულება უნდა შეცვალონ; ცნობისმოყვარეობა, შრომისმოყვარეობა და სიჯიუტე გამოიმუშაონ; მარცხის მიმართ შეუპოვრები უნდა გახდნენ, რათა წარუმატებლობის შემთხვევაში 180°-ით შემობრუნდნენ და ახლიდან, მეტი შემართებით, წუწუნის გარეშე გააგრძელონ საქმიანობა. ამ ყველაფერს კი ცხოვრების უდიდესი ნაწილის დათმობა სჭირდება.
,,თუ ნამდვილად სტარტაპერობა გსურთ, უნდა გაიაზროთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში თქვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილის ამ საქმიანობისთვის დათმობა მოგიწევთ’’, – აღნიშნავს OMOFOX-ის თანადამფუძნებელი მახო ქიტუაშვილი. მისი თქმით, 5 ტრადიციული ბიზნესის დაწყება და მართვა უფრო იოლია, ვიდრე ერთი წარმატებული სტარტაპის შექმნა.
დიახ, სტარტაპის დაფუძნება, მისი განვითარება და საბოლოოდ დიდი წარმატების მიღწევა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ყველაფერი უფრო რთულდება, როდესაც ამ საქმიანობაში მარტო ხარ – ,,სტარტაპცხოვრებაში მარტოკაცობა ძალიან რთულია. ამ მომენტში ყველაზე დიდი გამოწვევა ეჭვის ქონაა, რომლის გამოც, შესაძლოა, დროზე ადრე დანებდე. ორი ადამიანის ერთად მუშაობის შემთხვევაში, ამის ნაკლები შანსია’’, – გვეუბნება Optio.ai-ის თანადამფუძნებელი გიორგი მირზიკაშვილი.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სტარტაპის მართვა მხოლოდ იმ დროს მარტივდება, თუ სწორი თანადამფუძნებელი გყავს – მასთან გულწრფელი ურთიერთობა, მეგობრობა და ნდობა უნდა გაკავშირებდეს.
,,ზოგჯერ ოჯახში (სტარტაპში) კონფლიქტებიც ხდება, თუმცა, მთავარი ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაა. თანადამფუძნებლები ერთმანეთთან მაქსიმალურად გულწრფელები უნდა იყვნენ. თუ სტარტაპზე ამ მხრივ დავიწყებთ ფიქრს, მერე ყველაფერი კარგად აეწყობა’’, – აღნიშნავს გიორგი ხაჩიძე.
გარდა მეგობრული ურთიერთკავშირისა, კარგი იქნება, თუ თანადამფუძნებლები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან.
,,პირველ რიგში, სწორი პარტნიორი იპოვე და მერე რაც გინდა ის გააკეთე, ეს უკვე მეორეხარისხოვანია… თუ ისე მოხდა, რომ ორივე საერთოდ სხვადასხვა სექტორიდან ხართ, მაშინ, ძალიან გაგმართლებიათ. შოთას რომ ვეკითხები – ,,ნეტა, ჩეტბოტის გაკეთებას შევძლებთ?’’- და ის მპასუხობს, რომ კი, ეს თემა მოგვარებულია. შოთა რომ მეკითხება – ,,კონტრაქტს დავწერთ?’’- ვეუბნები, რომ კი, დავწერთ და ვწერთ კიდეც. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა… სტარტაპში ბევრად კარგად გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კოლაბორაციის ორივე კომპონენტი. ერთი – მეგობრობის ნაწილი, რომელიც გვეხმარება, რომ საერთო ენა მარტივად ვიპოვოთ და ნებისმიერ თემაზე შევთანხმდეთ. ხოლო მეორე – ის საქმიანი გამოცდილება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს ვენდოთ, ხაზები გავავლოთ სადაც საჭიროა, ერთმანეთის ტერიტორიაზე არ შევიჭრათ და ა.შ.’’, – ამბობს გიორგი მირზიკაშვილი.