სტარტაპის წარმატებული მმართველის 6 ძირითადი თვისება
ბევრი ჩვენგანი ოცნებობს ან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ერთ დღესაც დაამზადოს საკუთარი სავიზიტო ბარათი, წარწერით „აღმასრულებელი დირექტორი“. სტარტაპ ინდუსტრიაში ეს პოზიცია ყველაზე რთულ სამუშაოს უკავშირდება.
რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს არ შეუძლია გახდეს წარმატებული სტარტაპ CEO. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა დამფუძნებლები კომპანიის ყოველდღიურ მართვას აღმასრულებელ დირექტორს აბარებენ, რაც ხშირად სწორი გადაწყვეტილებაა მათთვის. თუ თვლით რომ CEO-ს პოზიციისთვის ზედგამოჭრილი ხართ, გაეცანით სტარტაპების მმართველების 6 ყველაზე გავრცელებულ თვისებას და შეამოწმეთ რამდენად შეესაბამებით ამ პოზიციას.
1.ფოკუსი
ერთ მთავარ მიზანზე ყურადღების მთელი რესურსის კონცენტრირება ბევრად უფრო რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ასეთი კონცენტრაცია წარმატებულად მუშაობს როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაშიც. ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე სტარტაპების დირექტორებს სწორედ ეს თვისება აერთიანებთ. ისინი ახერხებენ ფოკუსირებას მთავარ მიზანზე, უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორის მიუხედავად.
წარმატებული CEO დაუღალავად მიდის წინასწარ განსაზღვრული მიზნისკენ და არ აქვს მნიშვნელობა სხვა რა ხდება მის გარშემო. სრულ სურათზე კონცენტრაცია რთულდება, მაშინ როცა პატარ-პატარა, მაგრამ საჩქარო საკითხები იჩენს თავს. ძლიერი დირექტორი არ აძლევს ასეთ მოულოდნელობებს იმის საშუალებას რომ საბოლოო შედეგიდან გადახვევა მოხდეს.
2.ხედვა
სტარტაპის ზომის მიუხედავად, მისი დირექტორის ხედვა აუცილებლად ფართო უნდა იყოს. ეს მისი ინსტრუმენტია, რომელიც სხვებს ეხმარება გაითავისონ თავისი როლი კომპანიაში და სამსახურებრივი მიზნები. კორპორატიული ხედვა არის გეგმების, მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვის და გადაწყვეტილებების მიღების კომპლექსური ერთიანობა.
სტარტაპის დირექტორი უნდა აბალანსებდეს ამ საკითხებს და ამავდროულად არ უნდა ივიწყებდეს კომპანიის ფართო ხედვას. კარგი CEO სხვა წარმატებული კოლეგების გამოცდილებას იყენებს საკუთარი ხედვის გასამდიდრებლად, რადგან იცის რომ ეს მისტიური თვისება არაა, რომელიც მხოლოდ ერთეულებს აქვთ. პირიქით, ხედვა არის უნარი რომელიც სხვების გამოცდილების გაცნობასთან ერთად იხვეწება.
3.მამოტივირებელი ხასიათი
სტარტაპის ატმოსფერო სავსეა სტრესორებით და ისეთი საკითხებით, რომლებიც თანამშრომლების დემოტივაციას იწვევს. კომპანია საწყის ეტაპზე მატერიალურად მოწყვლადია, ბენეფიტების სისტემა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა არ არის და ამასთან, უმეტეს შემთხვევებში კონკურენტებთან ყველაფერი უკეთესად ჩანს. ამ პირობებში, დირექტორის პასუხისმგებლობაა გახდეს უწყვეტი ენერგიისა და ენთუზიაზმის წყარო.
სტარტაპ CEO უნდა ახერხებდეს რომ სამუშაო პროცესი სასიამოვნოდ აქციოს თანამშრომლებისთვის. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მან დრო და ძალისხმევა არ დაზოგოს პატარა წარმატებების და მიზნების მიღწევის თანამშრომლებთან ერთად აღსანიშნად.
მთავარი იდეა თქვენს გონებაში – Paul Graham
როგორც Y combinator-ის თანადამფუძნებელი პოლ გრეემი გვეუბნება, დილით შხაპის ქვეშ ყოფნისას არსებული ფიქრები იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა. ყველამ ვიცით, რომ ეს კარგი დროა ახალი იდეების გაჩენისთვის, მაგრამ მეტსაც გეტყვით – ნებისმიერი საქმის კარგად შესრულება რთულდება თუ მასზე სწორედ შხაპის მიღებისას არ ვფიქრობთ.
4.გამჭრიახი გონება
ახალი თანამშრომლების და მენეჯერების შერჩევა სტარტაპისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რადგან კარგი კადრების დაქირავება ლიმიტირებული რესურსის ფონზე უფრო რთულია. ამ შემთხვევაში ტრადიციული მიდგომები ძირითადად არ მუშაობს, ამიტომაც დირექტორმა გამჭრიახი გონების გამოყენებით ყოველ ჯერზე სწორი ინვესტიცია უნდა განახორციელოს ადამიანურ კაპიტალში.
წარმატებული CEO-ები როგორც წესი მიღწევებზე მეტად პოტენციალს აფასებენ. მაგალითად, ისინი ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიაზე კანდიდატის აკადემიურ ხარისხს. აგრეთვე მათ აქვთ უნარი სწორ ადამიანებს მოარგონ სწორი როლები. ეს ხელს უწყობს გუნდის სწრაფ გადალაგებას წევრების ძლიერი მხარეების გამოყენებით და ისეთი ხალხის სწრაფად გაშვებასაც ვისთანაც ვერ მოხერხდება შეთამაშება.
5.სიმამაცე
ნებისმიერი სტარტაპის მართვა საკმაოდ რთულია, თუნდაც საუკეთესო გარემოებებში. ყოველდღიური სტრესი შესაძლოა გადატვირთვის მიზეზი გახდეს. სტარტაპები თითქმის ყოველთვის ქაოტურ გარემოში ოპერირებენ და განიცდიან ფინანსურ პრობლემებს, ეჯახებიან მოულოდნელ გამოწვევებს და რისკებს. ძლიერი დირექტორი სწრაფად ადაპტირდება ასეთ სიტუაციებში. კარგი სტარტაპ CEO მამაცი ადამიანია, რომელსაც შეუძლია კრიტიკულ სიტუაციებშიც შეინარჩუნოს ცივი გონება, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები პრობლემებით სავსე გარემოში კომპანიის გადასარჩენად.
6.სწავლის სურვილი და მზაობა
რამდენიმე კვლევის მიხედვით, წარმატებული კომპანიების დირექტორები წელიწადში საშუალოდ 60 წიგნს კითხულობენ. დამატებითი ცოდნის მიღების წყურვილი მათი საერთო თვისებაა, რადგან ისინი აფასებენ განათლების მნიშვნელობას. მათ ასევე ახასიათებთ მაღალი თვითშეგნების ხარისხი და თავმდაბლობა, რაც ეხმარებათ იმის გააზრებაში, რომ ყველაფერი არ იციან.
წარმატებული CEO სწავლობს მტკივნეული გამოცდილებიდან და წარუმატებლობიდან, ისევე როგორც სხვების გამოცდილებიდან. ის საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევს და არასდროს მიიჩნევს რომ სწავლა დაასრულა. ძლიერი დირექტორი განაგრძობს სიახლეების ათვისებას და არ ჩერდება საკუთარი წარმატებით დატკბობის მიზნით. პარალელურად, მიზნის მიღწევა მისთვის არ არის საბოლოო წერტილი, ხოლო განვითარებისთვის და ახალი მწვერვალების დაპყრობისთვის ასეთი სტრატეგია ყველაზე მომგებიანია.
თუ ექვსივე თვისებას ფლობთ, სტარტაპის მმართველის როლს მეტწილად შეესაბამებით. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს თვისებები არ არის საკმარისი წარმატების მისაღწევად, თუმცა მათ გარეშე სასურველი შედეგის მიღება ალბათ შეუძლებელია. განავითარეთ ისინი და ეს თქვენს სტარტაპზე აუცილებლად დადებითად აისახება.