fbpx

რაზე ისაუბრეს Startup Grind-ზე Payze-მ, Pulsar Ai-მ, და Kernel-მა?

რაზე ისაუბრეს Startup Grind-ზე Payze-მ, Pulsar Ai-მ, და Kernel-მა?

26 ოქტომბერს ტერმინალმა startup grind-ის მორიგ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიება ამჯერად სრულად ქართულ ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ქართული სტარტაპების – Payze-ს, Kernel-ისა და Pulsar Ai-ს თანადამფუძნებლებმა გეგა წურწუმიამ, ბექა დალაქიშვილმა და სოფო ჭყოიძემ.

შეხვედრის მოდერატორი სტარტაპ გრაინდის თანაორგანიზატორი, გიორგი ტუხაშვილი იყო, რომელიც მონაწილეებს სხვადასხვა შეკითხვით მიმართავდა.

შეხვედრა უცხოურ ბაზრებზე საუბრით დაიწყო. მოგეხსენებათ, სამივე სტარტაპი ამ მხრივ დიდი წარმატებებით გამოირჩევა და მათ უკვე ათვისებული აქვთ სხვადასხვა ქვეყნის ბაზარი. გეგამ ისაუბრა Y Combinator-ში მიღებულ გამოცდილებასა და რჩევებზე, სადაც მენტორებმა ურჩიეს, რომ გადახდების ფრაგმენტირებული გადაწყვეტების გამო, კარგი იქნებოდა, თუ უზბეკეთში ცდიდნენ ბედს, რამაც სრულიად გაამართლა და დღეს უკვე Payze ამ ქვეყნის ბაზარზე ერთ-ერთი წარმატებული მოთამაშეა.

რაც შეეხება Pulsar Ai-ს, სოფომ ამერიკულ ბაზრამდე სტარტაპის პროდუქტები მიმოიხილა და ახსენა, რომ ეს პროდუქტები ინგლისურენოვანები იყო, რამაც გუნდს გადააწყვეტინა, პირდაპირ ამერიკისკენ აეღოთ გეზი. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ წარმატების ეს ისტორია მჭიდრო კავშირშია Startup Grind-ის ერთ-ერთ შეხვედრასთან, სადაც Pulsar Ai ამერიკელ ინვესტორს შეხვდა და მან სტარტაპს სწორი მიმართულება უჩვენა.

ხოლო Kernel-ის თანადამფუძნებელმა, ბექა დალაქიშვილმა კი თქვა, რომ სტარტაპს ქართულ ბაზარზე თავიდანვე არ გაუკეთებია ორიენტირი. ისინი საწყისი ეტაპიდანვე უცხოურ ბაზრებზე ფოკუსირდნენ – თანაც, ეს ქვეყნები უნდა ყოფილიყვნენ განვითარებადები, დიდმასშტაბიანები, და ინგლისურენოვანები. ბევრი იმსჯელა კერნელის გუნდმა, რომელი ქვეყნისკენ აეღოთ გეზი და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ინდოეთში დაიდეს ბინა.

კიდევ ერთი თემა, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს, იყო ის, თუ რა აერთიანებს საერთაშორისო ბაზრებს. თითქმის სამივე მონაწილე შეჯერდა იმაზე, რომ უცხო ქვეყნის ბაზარზე ყველაზე რთულად მოპოვებადი რამ ნდობაა. ხოლო იმისთვის, რომ ეს ნდობა მოიპოვოს სტარტაპმა, საჭიროა, კარგად გაეცნოს ქვეყნის კულტურას და პროდუქტი ამავე კულტურას მოარგოს.

რაც შეეხება გუნდის უცხოეთში დაკომპლექტებას, ესეც ერთგვარი გამოწვევაა ქართული სტარტაპებისთვის უცხოურ ბაზარზე. როგორც გეგამ აღნიშნა, სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად სტარტაპებმა კარგა ხანს არ იციან, თავად რა შიდა კულტურა აქვთ და ამის უცხოელი კადრისთვის გაზიარება და ახსნა კი დიდი ბარიერია ხოლმე.

შეხვედრის ბოლოს დამსწრე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სტარტაპების წარმომადგენლებისთვის კითხვები დაესვათ. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: საწყისი მარკეტინგული კაპიტალი, საქართველოში სტარტაპის შექმნის სიკეთეები და ა.შ

თუმცა, ამ კითხვებზე უფრო ვრცელი პასუხების მოსმენის საშუალება სტუმრებს შეხვედრის შემდეგ, ნეთვორქინგისთვის გამოყოფილ დროში მოახერხეს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post