2020 წლის საუკეთესო ბიზნეს-წიგნები
2020 წლის ამბებიდან გამომდინარე, ალბათ, ბიზნეს-წიგნების თვალიერება თქვენს პრიორიტეტებში ვერ მოხვდებოდა; ეს კი, წესით, იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი “მარგალიტი” მხედველობიდან გამოგრჩებოდათ. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 2020 წლის საუკეთესო ბიზნეს-წიგნების ოცეულს. აქ ყველა ტიპის წიგნია – ქეისებზე კონცენტრირებულიდან დაწყებული, ნაბიჯ-ნაბიჯი გიდით დამთავრებული. მათი რანჟირება Goodreads-ის მკითხველთა მიმოხილვებს ემყარება და 100 ქულიან სკალაზეა ნორმალიზებული.
20 Radical Uncertainty: Decision-Making Beyond the Numbers
ავტორი: John Kay და Mervyn King
ეს წიგნი ერთგვარი მასტერკლასია იმის შესახებ, რატომ არ უნდა დავეყრდნოთ ყველაფერში მათემატიკურ მოდელებს, რამდენადაც თავად ეს მოდელებიც ვარაუდებს ემყარება. არასწორი დათქმა კი არასწორ დასკვნას ნიშნავს.
19 Leadership is Language: The Hidden Power of What You Say — And What You Don’t
ავტორი: L. David Marquet
ამ წიგნში მოცემულია საინტერესო მიდგომა და თანამედროვე რჩევები ლიდერშიპზე. განსაკუთრებით – ადამიანების კატეგორიზებასთან დაკავშირებით. ის გეუბნება: ნუ ეცდები, იყო მოქმედი, ნაცვლად მოფიქრალისა, არამედ, ეცადე, იყო ორივე. წიგნში უარყოფილია ძლიერი ლიდერის იდეა და მოცემულია მაგალითები, იმის საჩვენებლად, რომ ლიდერმა დანარჩენებს ხმამაღალი, გულახდილი ლაპარაკისკენ უნდა მოუწოდოს.
18 Your Next Five Moves: Master the Art of Business Strategy
ავტორი: Patrick Bet-David
ეს წიგნი გიხელმძღვანელებთ საკუთარი თავის შეცნობაში, მსჯელობის უნარის დაუფლებაში, გუნდური მუშაობის გაუმჯობესებასა და ძალაუფლების გადათამაშებაში. ავტორი მრავალფეროვან მაგალითებს იყენებს, რომელთა შორისაც ფილოსოფოსები და მაფიოზებიც კი ხვდებიან.
17 Billion Dollar Brand Club: The Rebel Startups Disrupting Industry Empires
ავტორი: Lawrence Ingrassia
წიგნი ფოკუსირდება სტარტაპების ნაკლებად ცნობილ ისტორიებზე, რომლებიც კომპანიების მფლობელთათვის საოცნებოდ ჟღერს. თუმცა, აქვე შევხვდებით პოპულარული კომპანიების დაღმასვლის ამბებსაც. ქეისების მოყვარულთათვის წიგნი ნამდვილი მისწრებაა.
16 The Innovation Stack: Building an Unbeatable Business One Crazy Idea at a Time
ავტორი: Jim McKelvey
ავტორის სახელი, შესაძლოა, დიდად არ გეცნობათ, მაგრამ ამ კაცის დაფუძნებული კომპანიის, Square-ის შესახებ მეტს გეცოდინებათ ან დარწმუნებულები ვართ, მალე გაიცნობთ. ავტორი საოცრად თავმდაბლად ლაპარაკობს და სხვა მილიარდერი ანტრეპრენერებისგან განსხვავებით, ქედმაღლურ ტონსაც არ გრძნობთ.
15 How I Built This: The Unexpected Paths to Success from the World’s Most Inspiring Entrepreneurs
ავტორი: Guy Raz
გაი რაზის ეს წიგნი მის მიერ 200-ზე მეტ ანტრეპრენერთან ჩატარებულ ინტერვიუს ემყარება. იმ ანტრეპრენერ-ავტორებისგან განსხვავებით, რომლებიც პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით წერენ და სუბიექტურობას იჩენენ ხოლმე, გაი უფრო ობიექტურ და ღრმა შეხედულებებს გვაწვდის.
14 Marketing Made Simple
ავტორები: Donald Miller, J.J. Peterson
ეს წიგნი ახალბედა ანტრეპრენერთათვის შესანიშნავი სახელმძღვანელოა თავიანთი საქმის დასაწყებად. ის ყველა ისეთ კითხვაზე პასუხს შეიცავს, რომლის დასმაც, შესაძლოა, გეუხერხულებათ და აგრეთვე, ნაბიჯ-ნაბიჯ მისაყოლ ინსტრუქციებსაც იძლევა.
13 Billion Dollar Loser: The Epic Rise and Fall of WeWork
ავტორები: Reeves Wiedeman, Will Collyer, et al.
ანტრეპრენერისთვის, შეიძლება, სხვების მარცხის შესახებ დეტალური ანალიზის წაკითხვა უფრო სასარგებლოა, ვიდრე წარმატების საოცარი ისტორიების, რადგან ეს დაეხმარება, იგივე შეცდომები არ გაიმეოროს. სწორედ ამ ისტორიებს შეხვდებით ამ წიგნში.
12 How Innovation Works: And Why It Flourishes
ავტორი: Matt Ridley
მეტ რიდლი ამ წიგნში ჩვენს მცდარ წარმოდგენებს ანგრევს: ჩვენ ხომ ერთ პიროვნებას ვსახავთ ხოლმე გმირად მაშინ, როცა სინამდვილეში ინოვაციები გუნდების თავდადებული მუშაობით იქმნება. წიგნი ასევე ბევრი გაკვეთილით არის გაჯერებული და გამოადგება ნებისმიერს, ვინც თავს ინოვატორად მიიჩნევს. წიგნი მათ დაეხმარებათ, რომ წარმატების მოლოდინებით, სინამდვილეში, დამღუპველი მიმართულებით არ წარმართონ საქმე.
11 Think Like a Rocket Scientist
ავტორი: Ozan Varol
სათაურმა არ შეგაშინოთ – რაკეტები არაფერ შუაშია. უბრალოდ, ავტორი წერს პრობლემებთან მიდგომის სტრუქტურებსა და გზებზე, რომ ხელმძღვანელებს ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება გაუადვილოს.
ოზანს გასაოცარი სიღრმის მაგალითები მოყავს, თუმცა იმგვარად ხსნის, რომ ყველაფერს მარტივად გასაგებს ხდის.
10 Facebook: The Inside Story
ავტორი: Steven Levy
სტივენს, მარკ ცუკერბერგთან და შერილ სენდბერგთან, რომელიც Facebook-ის ოპერაციული დირექტორია, ბევრი წლის მანძილზე ჰქონდა პირდაპირი წვდომა, რომ ფეისბუქის ისტორიის შესახებ ეს წიგნი დაეწერა. ის სავსეა მაგალითებით ფეისბუქის კულტურიდან, ყველაზე კარგი ისაა, რომ ეს წიგნი ცუკერბერგის გაგმირებას ან პირიქით, მის გა-villain-ებას არ ცდილობს, უბრალოდ ინფორმაციას გაწვდის და დასკვნა ჩვენით უნდა გამოვიტანოთ.
9 The Future Is Faster Than You Think: How Converging Technologies Are Transforming Business, Industries, and Our Lives
ავტორი: Peter H. Diamandis
ამ წიგნის ავტორის სპეციალობებში მოლეკულური გენეტიკა, აერო და ასტრონავტიკა და სამედიცინო განათლებაც კი შედის. ამ ყოველივეს შემდეგ კი, Zero Gravity-ის შექმნით, წარმატებული ანტრეპრენერიც გახდა. ის წიგნში იმ ყველაზე საინტერესო ინოვაციებსა და გამოგონებებს შეეხება, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს და დიდი შანსია ისინი, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდნენ. მოკლედ, ვინც ტექნოლოგიებზეა შეყვარებული, მისთვის ეს წიგნი must-read-ია.
8 Hustle Harder, Hustle Smarter
ავტორი: Curtis Jackson (50 Cent)
კი, კი, კი – ეს ის 50 Cent-ია. მაგრამ ამის გამო ნუ იტყვით უარს ამ წიგნზე. (ძალიან შეცდებით) კურტისი თავისი მუსიკალური კარიერის შემდეგ წარმატებულ ანტრეპრენერად იქცა.
ის შესანიშნავად წერს და დამრიგებლური ტონის გარეშე გვიზიარებს მის, როგორც ანტრეპრენერის აღმოჩენებს.
7 Upstream
ავტორი: Dan Heath
ეს წიგნი ემყარება მარტივ იდეას: ვიდრე პრობლემები ჩვენამდე მოაღწევენ, უმჯობესია ჩვენით მივიდეთ დინების სათავესთან და მანამ დავუპირისპირდეთ, ვიდრე ხელიდან გაგვისხლტებიან. ეს იდეა ახალი არაა, მაგრამ წიგნი თავისი მაგალითებითაა ღირებული და კარგადაც იკითხება.
6 No Filter: The Inside Story of Instagram
ავტორი: Sarah Frier
სარა ჟურნალისტია, რომელმაც ინსტაგრამის ინსაიდერებთან აქტიური კავშირის წყალობით, ჯერჯერობით ყველაზე “ჩახედული” მასალა შემოგვთავაზა კომპანიის შესახებ. და კი, წიგნში ის დროც არის აღწერილი რაც ხდებოდა ინსტაგრამში, როდესაც facebook კომპანიით დაინტერესდა.
5 Dark Towers: Deutsche Bank, Donald Trump, and an Epic Trail of Destruction
ავტორი: David Enrich
მართალია, სათაურში დონალდ ტრამპი უფრო ყურადღების მისაქცევად არის; სინამდვილეში, წიგნი Deutsche Bank-ის ჩახლართულ ისტორიაში იჩხრიკება. წიგნი იოლად ნამდვილად არ იკითხება; უფრო იმ ხალხისთვისაა, ვინც ან ფინანსურ სფეროში მუშაობს ან ძალიან აინტერესებს ის. წიგნში ძალიან კარგადაა აღწერილი, რა მოსდით კომპანიებს, როდესაც მოკლევადიან ფინანსურ მაჩვენებლებს ამჯობინებენ გრძელვადიან სიჯანსაღეს.
4 No Rules Rules: Netflix and the Culture of Reinvention
ავტორები: Reed Hastings და Erin Meyer
რიდი ამ წიგნში იკვლევს, თუ როგორ დაეხმარა Netflix-ს თავისი უჩვეულო კულტურა წარმატების მიღწევაში. პროფესორ ერინის გავლენით კი, წიგნში აქცენტი ჩავარდნებსა და მათი დაძლევის მეთოდებზეც არის გაკეთებული.
3 The Almanack of Naval Ravikant: A Guide to Wealth and Happiness
ავტორი: Eric Jorgenson
ნავალ რავიკანტის შესახებ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ანტრეპრენერებს შორის გამორჩეულია ცხოვრების წესთან თავისი დამოკიდებულებით: ის ცდილობს, იცხოვროს სწორად და არ გადაიწვას ფულის დევნაში. ეს ტრადიციული წიგნი არაა და ერთიანად არ იკითხება. ავტორის აზრებს ერთი ამოსუნთქვით ვერ წაიკითხავთ: ზოგჯერ, კითხვის გაგრძელებამდე, მოგიწევთ, შეჩერდეთ და წაკითხულს ჩაუღრმავდეთ რამდენიმე დღით, სანამ წიგნს უკან მიუბრუნდებით.
2 Leadership Strategy and Tactics: Field Manual
ავტორი: Jocko Willink
ჯოკო ყოფილი საზღვაო ძალების მეთაურია; წიგნი სამხედრო წესებს უბრალო მოქალაქეებისთვის თარგმნის და რჩევებად ფუთავს. ავტორი ლიდერებს მოუწოდებს, თავიანთი დაქვემდებარებულებიც ჩართონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
1 The Psychology of Money
ავტორი: Morgan Housel
ძირითადად, ადამიანები ვფიქრობთ, რომ დრო იმისთვის გვჭირდება, რომ მეტი ფული გამოვიმუშავოთ. ამ წიგნში, ეს აზრი სრულიად გადმოტრიალებულია და ავტორი ფულს, როგორც დროის სწორად გამოყენების ინსტრუმენტს აპოზიციონირებს. ამ წიგნის წაკითხვას თუ დააპირებთ, არ დასპოილერდებით, თუ გეტყვით ჩემს საყვარელ ნაწილს – რომ ადამიანები, მიზნის მიღწევის შემდეგ იმ წამსვე ვისახავთ ახალს და ამიტომ, არასდროს გვაქვს დრო, რომ ბედნიერები ვიყოთ.