fbpx

როგორია რეალურად სტარტაპცხოვრება – Paul Graham

როგორია რეალურად სტარტაპცხოვრება – Paul Graham

Y combinator-ის თანადამფუძნებელმა პოლ გრეემმა თავისი სტატიების გადამოწმების ერთი მარტივი ხერხი მოიფიქრა – მან სტარტაპების დამფუძნებლებს გაუგზავნა ელ.ფოსტა კითხვით, თუ რა იყო მათთვის ყველაზე მოულოდნელი სტარტაპზე მუშაობის პერიოდში.

შედეგად, ერთი ასეთი პასუხი მიიღო: ,,რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა ის იყო, რომ სინამდვილეში ყველაფერი საკმაოდ პროგნოზირებადი იყო!’’. თუმცა, 100-ზე მეტ მათგანში დამფუძნებლებისთვის მოულოდნელი სიურპრიზები იყო ჩამოთვლილი.

მიღებულ უკუკავშირში საკმაოდ მკაფიო კანონზომიერება გამოჩნდა და აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე რამ ერთდროულად რამდენიმე ადამიანისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი.

მოკლედ, ეს ის 19 სიურპრიზია, რომელთაც დამფუძნებლები ყველაზე ხშირად აწყდებოდნენ სტარტაპზე მუშაობის პროცესში:

1.ფრთხილად შეარჩიე თანადამფუძნებელი

ეს პირველი მოულოდნელობა იყო, რომელზეც სტარტაპების დამფუძნებლების უმეტესობა საუბრობდა. მათ უკუკავშირში ორი ძირითადი პასუხი გამოიკვეთა: 1. თანადამფუძნებელი ფრთხილად შეარჩიე და 2. მასთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად ბევრი უნდა იშრომო.  ამასთან, ისინი ნატრობდნენ, რომ ეს დასაწყისშივე გაეთვალისწინებინათ და პარტნიორის არჩევისას მეტი ყურადღება არა უნარების, არამედ ხასიათისა და ერთგულებისთვის დაეთმოთ.  ეს განსაკუთრებით იმ სტარტაპებს ეხებოდა, რომლებიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

უკანასკნელის შესახებ ერთერთი სტარტაპდამფუძნებელი პირდაპირ აღნიშნავდა: ,,მირჩევნია, სტარტაპი მეგობართან ერთად წამოვიწყო, ვიდრე უფრო მაღალი შესაძლებლობების მქონე უცხო ადამიანთან. ეს სფერო იმდენად მძიმე და ემოციურია, რომ ის კავშირი და ემოციური თუ სოციალური მხარდაჭერა, რაც მეგობრობას მოაქვს, რაღაც დანაკარგებს გადაწონის’’.

მიზეზი იმისა, თუ რატომაა ხასიათი ასეთი მნიშვნელოვანი, არის ის, რომ სტარტაპცხოვრებაში იგი უფრო მკაცრ გამოცდას გადის, ვიდრე სხვა სოციალური სიტუაციებში.

 არ აირჩიო ისეთი თანადამფუძნებელი, რომელიც შეთანხმებულ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს.

წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლები პარტნიორის არჩევაზე ნაკლებს და უფრო მეტს იმაზე საუბრობდნენ, თუ როგორი შრომა უწევდათ მათ ურთიერთობის შესანარჩუნებლად: ,,ერთი საკითხი, რამაც გამაკვირვა არის ის, რომ სტარტაპდამფუძნებლების ურთიერთობა მეგობრობიდან ერთგვარ ქორწინებაში გადადის. ჩემს პარტნიორთან არსებული მხოლოდ მეგობრული კავშირი ერთმანეთის მუდმივად ნახვაში, ფინანსებზე ფიქრსა და არეულობის დალაგებაში გადაიზარდა. აი, სტარტაპი კი ჩვენი ბავშვი იყო’’

ამ საკითხზე საუბრისას სიტყვა “დაქორწინებული” კიდევ რამდენიმე ადამიანმა გამოიყენა. ამის მიზეზი კი ალბათ ისაა, რომ პარტნიორობა ჩვეულებრივ კოლეგებს შორის არსებულ ურთიერთობაზე მეტად ინტენსიურია – ნაწილობრივ იმიტომ, რომ სტრესი გაცილებით მეტია და ნაწილობრივ იმიტომ, რომ საწყის ეტაპზე დამფუძნებლები მთელი კომპანია არიან. ამიტომაც, ეს ურთიერთობა მყარი მასალით უნდა ააშენო და სიფრთხილით შეინარჩუნო, რადგანაც ის ყველაფრის საფუძველია.

2.სტარტაპი მთელ შენს ცხოვრებას მოიცავს

დამფუძნებელსა და კომპანიას შორის ურთერთობა ისეთივე ინტენსიურია, როგორც ზემოთ ხსენებული პარტნიორებს შორის კავშირი. სტარტაპის წამოწყება უბრალო სამუშაო არაა –  მას დასასრული არ აქვს და არასდროს ჩერდება. აი ეს ნაწილი ადამიანებისთვის იმდენად უცხოა, რომ სანამ არ გამოცდიან, მანამდე კარგად ვერ იაზრებენ.

ამასთან დაკავშირებით, ერთერთი დამფუძნებელი აღნიშნავდა: ,,ვერ ვხვდებოდი, რომ სიფხიზლის თითქმის ყველა მომენტს მუშაობაში ან ჩვენს სტარტაპზე ფიქრში გავატარებდი. როდესაც საქმე შენს კომპანიას ეხება და არა მუშაობას სხვისი კომპანიისთვის, ცხოვრებას სულ სხვა წესით იწყებ’’.

ამას ამწვავებს სტარტაპების სწრაფი ტემპი, რის გამოც ბევრს ეჩვენება, რომ დრო შენელებულია: ,,ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი ის იყო, თუ როგორ იცვლება დროის მიმდინარეობის შესახებ შეხედულებები. სტარტაპზე მუშაობის დროს მახსოვს, როგორ მეგონა, რომ დრო იწელებოდა და ერთი თვე უზარმაზარ ინტერვალად მეჩვენებოდა’’.

საუკეთესო შემთხვევაში, საქმეში სრული იმერსია შეიძლება ამაღელვებელიც იყოს: ,,საოცარია, რამდენად გატაცებული ხდები შენი სტარტაპით. დღეებსა და ღამეებს მასზე ფიქრში ატარებ, მაგრამ ეს არასდროს ჰგავს ‘’სამუშაოს’’.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციტატა ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც სტარტაპი არც ისე დიდი ხნის წინ წამოიწყო და რამდენიმე წელში ის შეიძლება არც ისე მხნედ გამოიყურებოდეს.

3.სტარტაპის კეთება ემოციების ,,ატრაქციონია’’

ბევრი დამფუძნებლისთვის ეს კიდევ ერთი მოულოდნელობა იყო – განვითარების პროცესში არსებული აღმართები და დაღმართები იმაზე მეტად უკიდურესი აღმოჩნდა, ვიდრე ისინი ელოდნენ. სტარტაპცხოვრებაში ერთ მომენტში ყველაფერი შესანიშნავადაა, შემდეგ კი – უიმედოდ. შემდეგში კი სულ რაღაც რამდენიმე საათი იგულისხმება.

ერთერთი დამფუძნებელი ამასთან დაკავშირებით თავის გამოცდილებაზე წერდა: ,,ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი ემოციური აღმართ-დაღმართები იყო. ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავებს ახალ Google-ად აღვიქვამდით და კუნძულების ყიდვაზე ვოცნებობდით; შემდეგ კი ვფიქრობდით, ჩვენი სრული წარუმატებლობის შესახებ ახლობლებისთვის როგორ გვეცნობებინა’’.

გაძლებადობის ლიმიტი ნამდვილად არსებობს. თუ ოდესმე იმ წერტილამდე მიხვედი, როდესაც მუშაობის გაგრძელებას უკვე ვეღარ ახერხებ, გახსოვდეს, რომ ეს სამყაროს დასასრული არაა. ბევრ დამფუძნებელს განუცდია მარცხი ამ გზაზე.

ყველაზე რთული, ცხადია, ნეგატიური მომენტებია და მრავალი დამფუძნებლისთვის განსაკუთრებით მოულოდნელი აღმოჩნდა, თუ ,,რამდენად რთულია ცუდ დღეებში ან კვირებში მოტივაცია ყველას შეუნარჩუნო’’.

გარკვეული დროის შემდეგ, სტარტაპი შენთვის გამამხნევებელ მნიშვნელოვან წარმატებას თუ ვერ მიაღწევს, შრომა უკვე ძალიან გფიტავს: ,,დამფუძნებლებისთვის ყველაზე არსებითი რჩევა არის ის, რომ უბრალოდ არ მოკვდნენ. თუმცა, კომპანიის არსებობის გასაგრძელებლად და თანაც წარმატებაზე დარდისგან გათავისუფლებისთვის საჭირო ენერგია შენგან იწოვება’’.

4.მუშაობა სახალისოა

კარგი ამბავი ისაა, რომ ემოციური ატრაქციონის აღმართები ძალიან მაღალია. რამდენიმე დამფუძნებელისთვის სტარტაპის კეთების პროცესში სწორედ ის იყო ყველაზე მოულოდნელი, თუ რამდენად სახალისოა მუშაობა.

განსაკუთრებით კი მათ თავისუფლება მოსწონთ: ,,გასაოცარია, თუ რამდენად უკეთესია შრომა რაიმე გამოწვევად და შემოქმედებითზე; იმაზე, რისიც მჯერა; იმისგან განსხვავებით, რასაც ადრე ვაკეთებდი. კი, ვიცოდი, რომ უკეთესი იქნებოდა. მაგრამ გასაკვირი ისაა, თუ რამდენად უკეთესია ეს’’.

მართალია, თავიდან არავის წარმოუდგენია, თუ რამდენად სახალისოა სტარტაპის კეთება და ყველასთვის ეს რთულ და საზარელ საქმესთან ასოცირდება, მაგრამ სჯობს ყველაფერს ასე უყურო, ვიდრე იმედი გაიჩინო, რომ გაერთობი და რამდენიმე თვის შემდეგ კითხვა გაგიჩნდეს: ,,ეს უნდა იყოს სახალისო? ღადაობ?’’

რეალურად რომ მივუდგეთ, ადამიანების უმეტესობისთვის ეს არც იქნებოდა საინტერესო. უკეთ რომ ავხსნათ, სტარტაპი ისეთივე სახალისოა, როგორც მაგალითად სიკვდილისგან გადარჩენისთვის მოსამზადებელი კურსი. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგეწონება, თუ მსგავსი რამ გაინტერესებს.

5.დაჟინებულობა მთავარი გასაღებია

ბევრი დამფუძნებლისთვის გასაოცარი იყო, თუ რამხელა სიმტკიცე და შეუპოვრობაა საჭირო სტარტაპებში. აქ მთავარი გამოკვეთილი საკითხი დაჟინებულობის ხარისხი აღმოჩნდა: ,,თუ საკმარისად დაჟინებული ხარ, მაშინ პრობლემები, რომლებიც შენს კონტროლს მიღმა ჩანს, თავისით გვარდება’’

რამდენიმე დამფუძნებელი აღნიშნავდა, რომ შეუპოვრობა ინტელექტზე მნიშვნელოვანიც კია: ,,უფრო და უფრო მაოცებდა ის ფაქტი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაჟინებულობა, ვიდრე ინტელექტი’’.

და ეს არა მხოლოდ ინტელექტს, არამედ ზოგადად შესაძლებლობებს ეხება. დამფუძნებლების უმეტესობა სწორედ ამიტომ აღნიშნავდა, რომ პარტნიორის არჩევისას ხასიათი ბევრად მნიშვნელოვანი იყო.

6.Long-term ფიქრი

 სტარტაპებში ყველაფერს იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მოელი.

ბევრი თდამფუძნებლისთვის ეს საკითხიც სიურპრიზი აღმოჩნდა: ,,მუდმივად ვოცდები, რამდენი დრო შეიძლება დასჭირდეს ყველაფერს. თუ შენი პროდუქტი არ განიცდის ფეთქებად ზრდას (რაც ძალიან იშვიათად ხდება), ყველაფერი დაწყებული ზრდა-განვითარებით და დამთავრებული (განსაკუთრებით) გარიგებებით, ყოველთვის იმაზე 2-3-ჯერ მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ვარაუდობ’’.

დამფუძნებლების გაკვირვების ერთერთი მიზეზი არის ის, რომ რადგანაც ისინი სწრაფად მუშაობენ, ყველასგან იმავეს ელიან. უფრო მეტად ბიუროკრატიულ ორგანიზაციასთან (დიდ კომპანიასთან ან VC ფონდთან) შეხება სტარტაპებისთვის ყოველთვის დამსტრესავია.

თუმცა, შეიძლება იმის დაშვებაც, რომ სტარტაპდამფუძნებლების უმეტესობას ყველაფრისთვის დიდი დროის საჭიროება მათი ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო აკვირვებს. ისინი ფიქრობენ, რომ წარმატებას დაუყოვნებლივ მიაღწევენ (როგორც YouTube-ზე ან Facebook-ზე ხდება) და როგორც კი ვინმე იტყვის, რომ 100 წარმატებული სტარტაპიდან მსგავსი ტრაექტორია მხოლოდ ერთს აქვს გავლილი, ჰგონიათ, რომ თავად იქნებიან ის ერთი.

ასეთი ადამიანებისთვის შემდეგი დამფუძნებლის გამოცდილება იქნებოდა საინტერესო: ,,ყველაზე მთავარი რამ, რასაც საქმეში ბოლომდე ჩაშვებამდე ვერ ვიაზრებდი ის, რომ აქ მთავარი შეუპოვრობა და მდგრადობაა. წარმატებული სტარტაპების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს ძალიან გრძელი, მინიმუმ 3 და შესაძლოა 5-ზე მეტწლიანი გზა იყოს’’.

საკითხებისადმი ამგვარი მიდგომა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს, რაც უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე საჭიროა, უნდა შეეგუო. მთავარი მოთმინებით მუშაობაა, ესე ყველაფერი ნაკლებად სტრესულია და თანად უფრო პროდუქტიული იქნები. სწორედ ამგვარ გამოცდილებაზე წერს ერთერთი დამფუძნებელი: ,,რადგანაც სტრესისგან უკვე თავისუფლები ვართ, ბევრად უფრო გვიმარტივდება ვისიამოვნოთ იმით, რასაც ვაკეთებთ. გაქრა ერთგვარი ნერვული ენერგია, რომელსაც ჩვენი წარუმატებლობის შიში ამოძრავებდა. ახლა უკვე შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც საუკეთესოა ჩვენი კომპანიის, პროდუქტის, თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის’’.

7.წვრილმანი რაღაცები მნიშვნელოვანია

სტარტაპები იშვიათად არიან წარმატებულნი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ რაღაც ჯადოსნური იდეა აქვთ. არ არსებობს ერთი განსაკუთრებული ხრიკი, რომელიც შენს წარმატებას გარანტირებულს გახდის: ,,მუშაობის პროცესში ვისწავლე, არასდროს ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ პროდუქტის რომელიმე მახასიათებელი, გარიგება ან რაიმე ერთი კონკრეტული, წარმატებას მოიტანს. ეს არასოდეს არის მხოლოდ ერთი რამ. ეს თანდათანობითი პროცესია და სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევ, ბევრი რამის კეთება უნდა განაგრძო’’.

ე.წ. killer feature არ არსებობს. ამიტომ, საუკეთესო სტრატეგია ბევრი სხვადასხვა რამის მოსინჯვაა. მთელი შენი ენერგია და რესურსი მხოლოდ ერთი რაიმის კეთებაში არ უნდა ჩადო.

8.დაიწყე რაიმე მინიმალურით

ბევრმა დამფუძნებელმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო თავიდან რაც შეიძლება მარტივი პროდუქტის ჩაშვება: ,,შექმენით ყველაზე მცირე რამ, რომელიც სრულ პროდუქტად შეიძლება ჩაითვალოს და წარადგინეთ იგი’’.

ეს უკვე ერთგვარი მანტრაა, მაგრამ მაინც გავიმეოროთ, რომ ბაზარზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახვიდე და შემდეგ იტერაციები აკეთო. თუმცა, ბევრი სტარტაპდამფუძნებელი მაინც არ ითვალისწინებს ამას.

რატომ მუშაობენ ადამიანები ძალიან დიდხანს პირველ ვერსიაზე? ძირითადად, სიამაყის გამო. მათ არ სურთ ისეთი პროდუქტის ჩაშვება, რომელიც შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. ამასთან, წუხან იმაზე, თუ რას იტყვის ხალხი. თუმცა, ეს შიში აუცილებლად უნდა გადალახო, რადგან ,,ერთი შეხედვით რაიმე  “უბრალოს” კეთება არ ნიშნავს რომ რაიმე მნიშვნელოვანს ან ღირებულს არ ქმნი’’.

ერთერთი დამფუძნებელი ამასთან დაკავშირებით საინტერესო მიდგომას გვიზიარებს: ,,ახლა, როდესაც კოდს ვწერ, ვცდილობ ვიფიქრო: “როგორ დავწერო ეს ისე, რომ ადამიანები გაოცებულნი დარჩნენ იმით, თუ როგორი მცირეოდენია და რამდენად ცოტა რამეს აკეთებს ის?”

9.ჩართე მომხმარებელი

პროდუქტის განვითარება არის მომხმარებელთან საუბარი. ეს კი ნამდვილად არ იწყება მანამ, სანამ ბაზარზე არ გახვალ.

ბაზარზე რაც შეიძლება სწრაფად გასვლა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სჯობს, საწყის ვერსიაზე იფიქრო არა როგორც პროდუქტზე, არამედ როგორც რაიმე ხრიკზე, რომელსაც მომხმარებლის ასალაპარაკებლად იყენებ: ,,ყველა პროდუქტს როგორც ექსპერიმენტს ისე უნდა შეხედო’’.

როდესაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევ გითხრან, რა სურთ და რით არიან დაინტერესებულნი, ისინი მნიშვნელოვან დეტალებს ამჟღავნებენ იმის შესახებ, თუ რას თვლიან ღირებულად და რაში გადაიხდიან ფულს. შეიძლება, თავიდან არც მოეწონოთ ის, რაც შექმენი, მაგრამ მიღებული უკუკავშირით დაადგენ მათთვის სასურველ ისეთ რაღაცებს, რომელთაც მარტივად განახორციელებ. ეს კი მანამდე არ მოხდება, სანამ ექსპერიმენტულ პროდუქტს ბაზარზე არ ჩაუშვებ და უკუკავშირს არ მიიღებ.

10.შეცვალე შენი იდეა

იმისათვის, რომ მომხმარებლებთან ინტერაქცია სასარგებლო იყოს, შენს იდეაში ცვლილებების შესატანად მზად უნდა იყო. ეს რომ გაგიმარტივდეს, სტარტაპიდეა უნდა განიხილო როგორც ჰიპოთეზა და არა როგორც გეგმა.

კი, ვახსენეთ, რომ დაჟინებული უნდა იყო, მაგრამ ამავდროულად მოქნილობაც საჭიროა. ცვლილებებისთვის მუდამ მზად უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ საშუალო შედეგს დადებ: ,,როდესაც ვინმე ზედმეტად დაჟინებულია, არსებობს საშიშროება, რომ ის გრძელ და რთულ გზას გაჰყვება, რომელსაც საბოლოოდ არსად მიიყვანს’’.

როგორც ერთერთი დამფუძნებელი აღნიშნავს: ,,სწრაფი იტერაცია წარმატების გადაღებია’’ – ანუ, წინ უნდა იარო, მაგრამ ამავე დროს მოსახვევებში მიმართულებებიც იცვალო, რათა ყველაზე პერსპექტიული გზა იპოვო

კომუნიკაციისა და ცვლილებებისთვის მუდამ ღია უნდა იყო, რადგან ზუსტად ვერასდროს გეცოდინება, რა იმუშავებს. უბრალოდ უნდა გააკეთო ის, რაც დროის მოცემულ მომენტში საუკეთესო ვარიანტი გგონია.

11.არ იდარდო კონკურენტებზე

 ხშირ შემთხვევაში, ადამიანები კონკურენტების მიმართ ზედმეტად იმიტომ რეაგირებენ, რომ იდეებს საჭიროზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. იდეები ყველაფრის გასაღები რომ ყოფილიყო, მსგავსი იდეის მქონე კონკურენტი შენთვის დიდი საფრთხე იქნებოდა. რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებებია – ,,ყველაფერი შენს პროდუქტზე და ბაზრისადმი მიდგომაზე დადის’’.

ამასთან დაკავშირებით, ერთი დამფუძნებელი თავის გამოცდილებას გვიზიარებს: ,,კომპანიები, რომლებიც ერთი შეხედვით, კონკურენტებად და საფრთხედ მიგვაჩნდა, როგორც წესი, უკეთ დაკვირვების შემდეგ აღმოჩენილა, რომ არც არასდროს ყოფილან. მაშინაც კი, თუ ისინი იმავე ტერიტორიაზე მოქმედებდნენ, სხვა მიზანი ჰქონდათ’’.

ეს მაშინაც ასეა, თუ კონკურენტები ყურადღების ცენტრში არიან: ,,კონკურენტები, რომლებიც წელში გამართული ბლოგერების წყალობით არიან, არ არიან რეალური გამარჯვებულები და რუკიდან შეიძლება მალე გაქრნენ. ბოლოს და ბოლოს, შენ მომხმარებელი გჭირდება’’.

12.მომხმარებლების მოპოვება რთულია

მრავალი დამფუძნებელი იმ საჭირო დროსა და ძალისხმევაზე საუბრობდა, რომელიც მომხმარებლის მოსაზიდადაა საჭირო. ეს ნამდვილად რთული საკითხია. როდესაც მომხმარებლებს ვერ პოულობ, ძნელია იმის გარკვევა, პრობლემა ექსპოზიციის ნაკლებობაა თუ უბრალოდ ცუდი პროდუქტი გაქვს. თუმცა, კარგი პროდუქტებიც შეიძლება დაიბლოკოს იმის გამო, რომ მომხმარებელს ბევრი უჯდება და არ უღირს ახალ მომსახურებაზე გადასვლა: ,,ხალხის დარწმუნება ახალი სერვისით სარგებლობაში წარმოუდგენლად რთულია. ეს განსაკუთრებით ეხება მომსახურებას, რომლის გამოყენებაც სხვა კომპანიებს შეუძლიათ, რადგან ეს მოითხოვს მათი დეველოპერების მიერ სამუშაოს შესრულებას’’.

როდესაც ძირითადად ტექნიკურ საკითხებს აგვარებ, მომხმარებლის მოზიდვისთვის  პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ზეპირსიტყვიერი გავრცელებაც შეიძლება დაგეხმაროს. ამან ერთერთი დამფუძნებლისთვის კარგად იმუშავა: ,,არსებობს ირაციონალური შიში იმისა, რომ არავინ იყიდის შენს პროდუქტს. მაგრამ თუ ბევრს იშრომებ და მას თანდათან გააუმჯობესებ, სანერვიულო არაფერია’’.  მაგრამ სხვა ტიპის სტარტაპების შემთხვევაში, მახასიათებლების შეცვლაზე მეტად, გარიგებები და მარკეტინგი შეიძლება გამოგადგეს.

13.გარიგებების შემთხვევაში, ყველაზე უარესის მოლოდინი გქონდეს

გარიგებები იშლება და ეს სტარტაპ სამყაროში ერთგვარი კონსტანტაა. პესიმისტურად იფიქრე – ჩათვალე, რომ ფულს ვერ მიიღებ და თუ ვინმე რაიმეს შემოგთავაზებს, ჩათვალე, რომ ამის მეტს აღარადროს მიიღებ. ერთერთი დამფუძნებელი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ,,რეტროსპექტივაში, ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ ვიმოქმედებდით იმ მოსაზრებით, რომ დამატებით გარე ინვესტიციებს არასდროს მივიღებდით’’.

შეცდომაა ოპტიმისტური დამოკიდებულება ისეთი საკითხების მიმართ, რომელთა კონტროლი არ შეგიძლია. ოპტიმისტურად განწყობილი იყავი შენი შესაძლებლობის მიმართ – გჯეროდეს, რომ რაიმე გენიალურს გააკეთებ;  მაგრამ დიდი კომპანიების ან ინვესტორების მიმართ ასეთი განწყობა ნუ გექნება.

14.ინვესტორებმა თითქმის არაფერი იციან

ბევრმა დამფუძნებელმა აღნიშნა, თუ რამდენად გაოცენულნი იყვნენ ინვესტორთა უცოდინრობით: ,,მათ არც კი იციან, რაში ჩადეს ინვესტიცია. რამდენიმე ინვესტორს შევხვდი, რომლებმაც ინვესტიცია ტექნიკურ მოწყობილობაში ჩადეს. როდესაც დემონსტრაცია ვთხოვე, მისი ჩართვაც კი გაუჭირდათ’’.

Angel ინვესტორები VC-ებზე ოდნავ უკეთესები არიან, რადგან მათ, როგორც წესი, სტარტაპული გამოცდილება აქვთ: ,,VC ინვესტორებმა შემთხვევების ნახევარში არ იციან რაზე საუბრობენ და თავიანთი აზროვნებით ყველაფერს წლებით ჩამორჩებიან. ინვესტორების 95%, რომლებთანაც შეხება გვქონდა, არაპროფესიონალი იყო, არ ჩანდა კარგი ბიზნესმენი და არც რაიმე სახის შემოქმედებითი ხედვა არ გააჩნდა. Angel ინვესტორებთან საუბარი გაცილებით უკეთესი იყო’’.

რატომ უკვირთ დამფუძნებლებს, რომ VC ინვესტორებმა არაფერი იციან აზრზე? ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს, ისინი ყველაფერს იდეალურად აკეთებენ. თუმცა, ასე წარმოჩენა მათი პროფესიაა. ისინი ადამიანებს არწმუნებენ, რომ ასობით მილიონი დოლარი ანდონ. და როგორ აკეთებენ ამას? ჩანან თავდაჯერებულნი, ისე, თითქოს ტექნოლოგია ესმით.

15.ზოგჯერ თამაში მოგიწევს

იმის გამო, რომ ინვესტორებს არ აქვთ უნარი კარგად შეგაფასონ, საკუთარი თავის გაყიდვაზე საჭიროზე მეტი უნდა იმუშაო. ამ საკითხზე ერთერთი დამფუძნებელი ყველაზე მეტად მოჩვენებითი თავდაჯერებულობის ხარისხმა გააოცა, რომელიც რეალურად ინვესტორებზე შთაბეჭდილებას ახდენდა.

შეიძლება ითქვას, რომ თავად VC-ებს წარმოდგენა არ აქვთ, რამდენად უკეთესად ყიდიან თავს ის სტარტაპერები, რომლებიც მათ მოსწონთ. ეს კი ზუსტად იმავე ფენომენია, რაც წინა ნაწილში ვახსენეთ.

16.იღბალი მნიშვნელოვანი ფაქტორია

ბევრი დამფუძნებლისთვის გასაოცარი იყო ის, თუ რამდენად მნიშნელოვანია იღბალი გარიგებების წარმოებისას: ,,არ მესმოდა რა როლს თამაშობდა იღბალი და თუ რამდენად არ შეგვიძლია მისი კონტროლი. თუ ცნობილ სტარტაპებზე იფიქრებ, ეს ნათელი გახდება. სად იქნებოდა Microsoft, თუ IBM დაჟინებით მოითხოვდა ექსკლუზიურ ლიცენზიას DOS-ზე?’’.

უნარები მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ზემოთ ხსენებული დაჟინება, მაგრამ მთავარი ინგრედიენტი იღბალია: ,,საბოლოო შედეგი მოხერხებულობის, დაჟინებისა და იღბლის პროდუქტია. რაც არ უნდა დიდი უნარი და მონდომება გქონდეს, თუ იღბალი ნულს უტოლდება, შედეგიც ნული გექნება’’.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციტატები არ ეკუთვნით იმ სტარტაპების დამფუძნებლებს, რომლებიც ვერ შედგა. დამფუძნებლები, რომლებიც სწრაფად ფლავდებიან ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებენ. დამფუძნებლები, რომლებიც სწრაფად აღწევენ წარმატებას, ჩვეულებრივ, ვერ აცნობიერებენ, რამდენად გაუმართლათ. მხოლოდ შუალედურ პოზიციაზე მყოფი ადამიანები ხედავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იღბალი.

17.საზოგადოების/თემის ღირებულება

დამფუძნებლების დიდი რაოდენობისთვის ყველაზე გასაოცარი რამ საზოგადოების, თემის ღირებულება აღმოჩნდა.

ზოგი მათგანი YC-ის მიკროსაზოგადოებასა და ერთ დროს მსგავსი დაბრკოლების წინაშე ყოფნას გულისხმობდა. ხოლო ზოგიერთი უფრო ფართო გაგებით უყურებდა საკითხს: ,,გასაოცარია, რამდენად მომგებიანია Silicon Valley-ში ცხოვრება, სადაც შეუძლებელია არ მოისმინო ტექნოლოგიებისა და სტარტაპების შესახებ უახლესი ამბები და მუდმივად შეხვდე გამოსადეგ ადამიანებს’’.

თუმცა, ყველაზე უფრო დიდი სიურპრიზი მათთვის ადამიანების გულკეთილობა აღმოჩნდა: ,,ერთერთი ყველაზე საოცარი, რაც ვნახე, არის ხალხის სურვილი, დაგვეხმარონ. ის ადამიანებიც კი, რომლებსაც არანაირი სარგებელი ექნებოდათ, ყველანაირად ცდილობდნენ დაგვხმარებოდნენ ჩვენი სტარტაპის წარმატების მიღწევაში’’.

ამ საკითხზე კიდევ ერთი დამფუძნებელი საუბრობდა: ,,ჩემთვის მოულოდნელი იყო რამდენად ხელმისაწვდომია მნიშვნელოვანი და საინტერესო ხალხი. საოცარია, თუ რამდენად მარტივად შეგიძლია დაუკავშირდე ადამიანებს და უკუკავშირი დაუყოვნებლივ მიიღო’’.

ეს, შეიძლება ითქვას, ერთერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის ამ სფეროში ყოფნა საინტერესო – გასამარჯვებლად და წარმატების მისაღწევად ხალხისთვის ზურგში დანის ჩარტყმა არ გიწევს.

18.პატივს არ გცემენ

დამფუძნებლები აღნიშნავდნენ, რომ სტარტაპსამყაროს გარეთ, მათ პატივს არ სცემენ: ,,სოციალურ გარემოცვაში მე უფრო მეტ პატივისცემას ვიღებდი, როდესაც ვამბობდი, რომ ‘’Microsoft Office-ზე  ვმუშაობდ’’, ვიდრე მაშინ, როდესაც აღვნიშნავდი, რომ ‘’ვმუშაობ პატარა სტარტაპზე, სახელწოდებით x, რომლის შესახებაც არასოდეს გსმენიათ’’.

ამგვარი დამოკიდებულება ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ სხვა ადამიანებს სტარტაპცხოვრების უბრალოდ არ ესმით; ნაწილობრივ კი ეს შედეგია იმისა, რომ კარგი სტარტაპების იდეების უმეტესობა ერთი შეხედვით ცუდად გამოიყურება: ,,თუ იდეას ვინმეს წარუდგენ,  შემთხვევების 95%-ში ეს ადამიანი ინსტიქტურად იფიქრებს, რომ იდეა წარუმატებელი იქნება და უბრალოდ დროს ხარჯავ (თუმცა, ის ამას პირდაპირ არ იტყვის)’’

19.ზრდასთან ერთად ბევრი რამ იცვლება

უკანასკნელი დიდი სიურპრიზი, რომელიც დამფუძნებლებმა ახსენეს, არის ის, თუ რამდენად შეიცვალა რაღაცები ზრდის პროცესში: ,,ტექნიკური დამფუძნებლის/აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის აღწერა ყოველ 6-12 თვეში ერთხელ თავიდან იწერება. ნაკლები კოდირება გიწევს, თუმცა, მეტი მენეჯმენტი/დაგეგმვა/კომპანიის შენება, დაქირავება, საკითხების მოგვარება და, ზოგადად, ყველაფრის მოწესრიგება’’.

ამასთან, თანამშრომლებიც გემატებიან, რომელთაც, ხშირად, განსხვავებული მოტივაციები აქვთ. თუმცა, საბედნიეროდ, როდესაც საკმარის წარმატებას მიაღწევ, სტრესი გაცილებით მცირდება: ,,თავდაპირველ პერიოდთან შედარებით,  სტრესის 75% გაქრა. ახლა ბიზნესის კეთება ბევრად უფრო სასიამოვნოა, საკუთარ თავში მეტად დარწმუნებულები ვართ, ნაკლებად ვჩხუბობთ და მეტი გვძინავს’’.

მოკლედ თუ გრძლად, სულ ეს იყო კანონზომიერების 19 ნაწილის შესახებ. თუმცა, აქ საინტერესოა თუ არსებობს რაიმე სუპერ-კანონზომიერება და ამაზეც აქვე მოგახსენებ.

დამფუძნებლების უმეტესობა აღნიშნავდა, რომ სტარტაპი იყო ისეთი, როგორიც ეგონათ რომ იქნებოდა, მაგრამ მაინც განსხვავებული. აქ კი ერთი კითხვაა ჩნდება: რისგანაა ის განსხვავებული? პასუხი კი ნათელია: სამსახურისგან.

ადამიანების სამუშაო მოდელი ტრადიციული გაგების სამსახურია. მაშინაც კი, თუ სტარტაპის დამფუძნებლებს დაქირავებით არ უმუშავიათ, მათ აუცილებლად ეყოლებოდათ ასეთი მშობლები. სამსახურის ამგვარი მოდელი იმდენად გავრცელებულია და ჩამჯდარი ადამიანების გონებაში, რომ დამფუძნებლები გაუცნობიერებლად მის მსგავს გამოცდილებად ელიან. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ზემოთ ჩამოთვლილი ,,სიურპრიზები’’. თუნდაც ერთი მაგალითი რომ განვიხილოთ, ჩვეულებრივ კოლეგასთან ადამიანებს არ უწევთ ურთიერთობის შენარჩუნებაში ამხელა ძალისხმევის ჩადება. აი, მთელ სიას თავიდან რომ გადაავლო თვალი, ყველაფერი უკვე ცხადი გახდება – ყველას უკვირს ის, თუ რამდენად განსხვავებულია სტარტაპი სამუშაოსგან.

Powered by: Stepan Parunashvili

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post