fbpx

როგორ დავწეროთ პრობლემის აღწერა

პრობლემა

როგორ დავწეროთ პრობლემის აღწერა

მოდით დავიწყოთ… პრობლემით. წარმატებული პროდუქტის შექმნის მთავარი საიდუმლო სწორად განსაზღვრულ პრობლემაშია. შენს გუნდს ნათლად უნდა ესმოდეს, რა უნდა მოაგვაროს ამ პროდუქტმა. კარგი პრობლემის აღწერა პროდუქტის განვითარების პროცესს ძალიან დიდ ბიძგს აძლევს. ეს გუნდის ინსპირაციაზეც მოქმედებს და თან მიღებული შედეგების შეფასებას ბევრად მარტივს ხდის.

მნიშვნელოვანია პრობლემის აღწერა იყოს სწორად ფორმულირებული. ის უნდა ფოკუსირდეს მომხმარებლების საჭიროებაზე და არა იმაზე, შენ რა მიგაჩნია ამ პრობლემის სწორად გადაჭრის საშუალებად.

ეს ყველაფერი ხო, მაგრამ როგორ დავწეროთ პრობლემის აღწერა? კარგი აღწერა აუცილებლად უნდა მოიცავდეს სამ ნაწილს:

1: შედეგი, რომელიც მომხმარებელს უნდა

პროდუქტი იქმნება მომხმარებლისთვის. შესაბამისად, კარგი სთეითმენთისთვის აუცილებელია, მასში ძალიან ნათლად იყოს აღწერილი ის შედეგი, რომლის მიღწევაც სურს მომხმარებელს. კარგად გაწერილი შედეგები უნდა უკავშირდებოდეს მომხმარებლის საჭიროებებს და არა კონკრეტულად შენი პროდუქტის იდეას.

ამ კონტექსტში გაგვახსენდა ჰენრი ფორდის (ან შეიძლება მარკ ტვენის :დ) ფრაზა: „ადამიანებისთვის რომ მეკითხა “რას ისურვებდით?”, ისინი აუცილებლად მიპასუხებდნენ, უფრო სწრაფ ცხენებს.”

ანუ, ადამიანები თავის სურვილზე (მაგალითად: სწრაფი ტრანსპორტი) ბაზარზე არსებული პროდუქტიდან (ცხენი) გამომდინარე ფიქრობენ, მაგრამ თუ შენ სწორად ფოკუსირდები მათ საჭიროებაზე (უფრო სწრაფად გადაადგილება), მარტო მაშინ შემოვა სურათში ახალი ინოვაციური პროდუქტის შექმნა (ავტომანქანა).

2: რატომ უნდა მომხმარებელს ზუსტად ეს შედეგი

შედეგის განსაზღვრის შემდეგ აუცილებელია იმის კარგად კარგად გაანალიზება – რატომ უნდა მომხმარებელს ეს შედეგი, რაც საშუალებას მოგცემს უფრო ეფექტიანი და კრეატიული გადაწყვეტა მოიფიქრო.

მაგალითისთვის, ფრენის შემდეგ აეროპორტში (Those were the days, huh?!) საკუთარი ბარგის აღება ყველას ეჩქარება. მაგრამ აქ მთავარი არის კითხვა “რატომ?” იმიტომ, რომ მგზავრობის მერე ძაალიან დამღლელი და მომაბეზრებელია ბარგის ლოდინის პროცესი. ამავე დროს აეროპორტისთვის ფიზიკურად შეუძლებელია ბარგის გაცემის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარება. შესაბამისად, ზოგი აეროპორტი ცდილობს ტერმინალებში საინტერესო ინტერიერის დიზაინით და სხვადასხვა ვიზუალური ატრაქციებით დააინტერესოს მგზავრები, რომლებიც ბარგის ასაღებად მიემართებიან. შედეგად მგზავრი უფრო ნელა მიდის ბარგის აღების დარბაზამდე და თან სიარულისას რაღაცეების დათვალიერება უფრო ნაკლებად მოსაწყენია, ვიდრე ბარგის კარუსელთან დგომა და ლოდინი. ესეიგი, როცა კონცენტრირდები კითხვაზე – რატომ, შეგიძლია კრეატიული გადაწყვეტები მოუფიქრო ერთი შეხედვით მოუგვარებელ პრობლემას.

3: პრობლემასთან მიმართებაში არსებული სტატუს-კვო 

პრობლემის სთეითმენთის ბოლო ნაწილის მთავარი მიზანია ჩამოაყალიბო რატომ არ ვარგა ბაზარზე ახლა არსებული გადაწყვეტები. ეს საშუალებას იძლევა განსაზღვრო კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეძლებ შეაფასო შენი პოტენციური პროდუქტის/გადაწყვეტის წარმატების ხარისხი.

მაგალითად მეოცე საუკუნის დასაწყისში, ბიზნეს შეხვედრებისთვის ცხენის მაგივრად უფრო კომფორტული და სწრაფი ავტომობილით მგზავრობა საკმაოდ დიდი აფგრეიდი იყო. სულ რაღაც საუკუნის შემდეგ პანდემიისას, ონლაინ ბიზნეს შეხვედრებისთვის Zoom-იც აშკარად პროგრესი აღმოჩნდა ბაზარზე არსებულ სხვა გადაწყვეტებთან შედარებით.

პრობლემის აღწერა უნდა ფოკუსირდეს მომხმარებლების საჭიროებაზე და არა იმაზე, შენ რა მიგაჩნია ამ პრობლემის სწორად გადაჭრის საშუალებად

პრობლემის ფორმულირება Job Story-ის სახით

ზოგადად, იმისთვის რომ გადასაჭრელი პრობლემების ფორმულირება ზუსტად შეძლო, ძალიან გამოგადგებოდა, თუ შენს აზრებს ე.წ. ”job story”-ს სახით გამოხატავდი. ეს ძალიან საინტერესო წერის და მსჯელობის მოდელია, რომელიც ითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილ სამივე მნიშვნელოვან ასპექტს. Job story აღწერს სიტუაციას როცა პრობლემა ჩნდება, მომხმარებლისთვის სასურველ შედეგს და რატომ უნდა მას ეს შედეგი.

ესეთი ფორმულირების წინადადება რომ წარმოიდგინო:

[ როდესაც _____ ][მინდა, რომ _____ ] [იმისთვის, რომ შევძლო _____ ]

მაგალითად: როდესაც ვახშმის დრო მოვა მინდა, რომ რამე გამოვიძახო, იმისთვის, რომ შევძლო მარტივად გამოვკვებო ჩემი სტუმრები.

მსჯელობა შეიძლება წავიდეს ასე: მე მინდა რომ საკვები გამოვიძახო საღამოს. რატომ მინდა გამოძახება? იმიტომ, რომ დღეს მეგობრები მოდიან ჩემთან ფეხბურთის საყურებლად. ბევრი ხალხის გამოკვება რამე საერთო საკვების გამოძახებით კი მარტივია.

ესეიგი, ამ job story-ში – ადამიანების ჯგუფის მარტივად გამოკვება – არის სასურველი შედეგი. ანუ, ამ მაგალითის მიხედვით შენმა პროდუქტმა უნდა მოაგვაროს მომხმარებლის პრობლემა – ადამიანების ჯგუფის მარტივად გამოკვება, ამ შემთხვევაში კი შენი პროდუქტი შეიძლება იყოს – პიცა.

ეს იდეალური job story-ს მაგალითი ნამდვილად არ არის, მაგრამ პარალელების გავლების შესაძლებლობას ცალსახად იძლევა.

ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი ჩანს; მაგრამ, სინამდვილეში, job story რთული დასაწერი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცაეს კარგიცაა, რადგან მომხმარებლის უფრო კარგად შესწავლისკენ გიბიძგებს.

მოკლედ, job story ფოკუსირდება იმაზე, რა უნდა მომხმარებელს და არა იმაზე, შენს პროდუქტს რა შეუძლია. ეს კი გეხმარება იმაში, რომ თავი არ მოიტყუო ანდა პროდუქტის მიზნების სწორი გზიდან არ გადაუხვიო. ამ სტილით დაწერილი სთეითმენთი გეხმარება გაიგო, რამდენად აგვარებს შენი პროდუქტი იდენტიფიცირებულ პრობლემას და რა პოტენციური ცვლილება/გაუმჯობესება შეგიძლია შეიტანო მასში.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post