fbpx

სასარგებლო და საზიანო პროკრასტინაცია – Paul Graham

პროკრასტინაცია პოლ გრეემი

სასარგებლო და საზიანო პროკრასტინაცია – Paul Graham

თუ ამ დრომდე წაგიკითხავს სტატიები, თუ რა არის პროკრასტინაცია, უმეტეს მათგანში მისგან ,,განკურნებაზე’’ საუბარს შეხვდებოდი. პირდაპირები რომ ვიყოთ, ეს შეუძლებელია. თუმცა, აუცილებელია კი მასთან ბრძოლა? იქნებ საქმის გადადება სხვა სამუშაოთი დასაკავებლად ყოველთვის ცუდი არ არის? – სწორედ ამ კითხვას სვამს Y combinator-ის თანადამფუძნებელი პოლ გრეემი. თანაც, ერთგვარ პასუხად გვეუბნება, რომ მისი ნაცნობი ყველა ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობს,  პროკრასტინატორია. ამრიგად, მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს ვუპასუხებთ ის კი არაა როგორ მოვიშოროთ ეს ჩვევა, არამედ ის, თუ როგორ ვმართოთ და ვაქციოთ იგი ჩვენთვის სასარგებლოდ.

,,სავალდებულო ამოცანები’’

პირველ რიგში, პროკრასტინაციის ტიპებზე ვისაუბროთ. ისინი იმის მიხედვით იყოფა, თუ რას აკეთებ რაიმე კონკრეტულზე მუშაობის მაგივრად. შენ შეიძლება იმუშაო ა) არაფერზე, ბ) რაიმე ნაკლებად მნიშვნელოვანზე, ან გ) რაიმე უფრო მნიშვნელოვანზე.

გრეემი სწორედ ბოლო სახის პროკრასტინაციას მიიჩნევს სასარგებლოდ და მას გონებაგაფანტული პროფესორის მაგალითით აღგვიწერს – ადამიანი, რომელსაც  ავიწყდება გაპარსვა, ჭამა ან სიარულისას გზის ყურება მაშინ, როდესაც რაიმე საინტერესო საკითხზე ფიქრობს. ამ დროს მისი გონება არა ყოველდღიურ სამყაროში, არამედ სხვაგანაა. ამ თვალსაზრისით, რთული პროექტებით დაკავებული ადამიანები გ ტიპის პროკრასტინატორები არიან – ისინი წვრილმანებზე მუშაობას გადადებენ, რათა უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მიხედონ.

რა არის წვრილმანები? უხეშად რომ ვთქვათ, საქმიანობა, რომელსაც ადამიანის ნეკროლოგში მოხვედრის შანსი არ აქვს.  რეალურად, რთულია იმის თქმა, შენი შესრულებული სამუშაოებიდან ყველაზე წარმატებული რომელი იქნება, თუმცა, ამ სიიდან დაუფიქრებლად ამოსაშლელი ამოცანების მთელი რიგი არსებობს, ესენი შეიძლება იყოს პარსვა, რეცხვა, სახლის დასუფთავება, სამადლობელო წერილების დაწერა. მოდი, მათ ,,სავალდებულო ამოცანები’’ ვუწოდოთ. სასარგებლო პროკრასტინაცია სწორედ მათი  თავიდან აცილებაა იმისათვის, რომ ნამდვილი სამუშაო შეასრულო.

ზოგიერთი ასეთი ,,სავალდებულო ამოცანა’’, მაგალითად ელექტრონულ ფოსტაზე პასუხის გაცემა, თავისითვე გაქრება, თუ დააიგნორებ. აი, სხვები, თუნდაც გაზონის გათიბვა ან საგადასახადო დეკლარაციების შევსება, უარესისკენ იცვლება თუ მათ გადადებ. პრინციპში, მეორე ტიპის დავალების შესრულების გადავადებას შედეგი არ უნდა ჰქონდეს – მისი გაკეთება საბოლოოდ მაინც მოგიწევს და რატომ არ უნდა მოიშორო ის ახლავე? თუმცა, არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ,,სავალდებულო ამოცანის’’ გადადებას დადებითი შედეგი მოაქვს – ნამდვილი სამუშაო ორ ისეთ რამეს მოითხოვს, რასაც ეს დავალებები არა: დროის დიდი პერიოდი და სწორი განწყობა. თუ პროექტი შთაგაგონებს, უარი უნდა თქვა ყველაფერზე, რაც უნდა გაგეკეთებინა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში და მასზე იმუშაო.  კი, ,,სავალდებულო ამოცანებზე’’ შესაძლოა უფრო მეტი დრო დაგჭირდეს, როდესაც საბოლოოდ შეადრულებ მათ. თუმცა, თუ ამ რამდენიმე დღეში ბევრ საქმეს მოასწრებ, უფრო პროდუქტიული გახდები.

არსებობს სამუშაოები, რომელთა შესრულება შესაძლებელია მხოლოდ გრძელ და უწყვეტ დროის მონაკვეთში; მაშინ, როდესაც შთაგონების ბიძგს იგრძნობ და არა მაშინ, როცა გრაფიკითაა გათვალისწინებული. ხოლო როდესაც ადამიანს იმ ,,სავალდებულო ამოცანების’’ შესრულება სინქრონულად უწევს, ეს მის პროდუქტიულობაზე აისახება. ის ხელს უშლის მუშაობის პროცესს; დღის განმავლობაში რამდენიმე ასეთი შეფერხება საკმარისია იმისთვის, რომ საერთოდ ვეღარ შეძლო რთულ პრობლემებზე კონცენტრირება.

,,სავალდებულო ამოცანების’’ ცნება უფრო გასაგები რომ იყოს, წარმოვიდგინოთ მაგალითი – ადამიანი, რომელმაც რომანის დაწერა გადაწყვიტა, მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სახლს დასუფთავება სჭირდება. ადამიანები, რომლებიც წარუმატებლად ცდილობენ ნოველის დაწერას, მთელ დღეს ცარიელი გვერდის წინაშე ჯდომასა და არაფრის წერაში კი არ ატარებენ, არამედ კატას აჭმევენ, ბინისთვის რაიმე საჭირო ნივთს ყიდულობენ, მეგობარს ხვდებიან ყავის დასალევად, ელექტრონულ ფოსტას ამოწმებენ. აი, ბოლოს კი ამბობენ, რომ მუშაობის დრო არ აქვთ. კი, რეალურად არც აქვთ. თუმცა, ეს მათ თავად უზრუნველყვეს.

ახლა ჩვენ პროკრასტინაციის ყველაზე საშიში – ბ ტიპი აღვწერეთ. ის პროკრასტინაციას არც ჰგავს, რადგან რეალურად დაკავებული ხარ, თუმცა არასწორი საქმიანობით. მიუხედავად შესრულებული ამოცანების რაოდენობისა, მანამ, სანამ არ დაკავდები ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოთი, ესე იგი ბ ტიპის პროკრასტინაციას მიმართავ.

ამ ყველაფრის თავიდან არიდებაში, შესაძლოა  რიჩარდ ჰამინგის მიდგომა გადმოგადგეს. თავის ცნობილ ესეში „You and Your Research“ ის გვთავაზობს, რომ საკუთარ თავს 3 კითხვა დავუსვა:

1.რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები შენი საქმიანობის სფეროში?

2.მუშაობ ერთერთ მათგანზე?

3.რატომ არ მუშაობ?

ეს ვარჯიში შეიძლება შემდეგნაირად განზოგადდეს: რა არის საუკეთესო რამ, რაზეც შეიძლება იმუშაო და რატომ არ მუშაობ მასზე? მართალია, ადამიანების უმეტესობა განერიდება ამ შეკითხვას. თუმცა, ეს ის კითხვაა, რომელსაც ნებისმიერმა ამბიციურმა ადამიანმა თვალი უნდა გაუსწოროს.

რატომაა რთული დიდ პროექტებზე მუშაობა?

მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად საჭიროა იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ კარგი პროექტების პოვნა. მას შემდეგ რაც მათ მოიძიებ, თავს მუშაობა უნდა აიძულო. ეს კი რთულია და რაც უფრო სერიოზულია პრობლემა, მით უფრო ძნელდება მასზე მუშაობის დაწყება.

ამის რამდენიმე მიზეზი შეგვიძლია დავასახელოთ. პირველ რიგში, ის არაა სახალისო. ახალგაზრდებს ხშირად უწევთ ისეთი საქმიანობით დაკავება, რომელიც რეალურად არ მოსწონთ. მაგრამ მაშინაც კი, თუ მოგწონს ის, რაზეც მუშაობ, უფრო ადვილია თავს მცირე პროექტებზე მუშაობა აიძულო ვიდრე დიდზე. რატომ? მთავარი მიზეზი არის ის, რომ დიდი პროექტისთვის უახლოეს მომავალში შესაძლოა არ დაჯილდოვდე, ხოლო თუ ისეთ პროექტზე მუშაობ, რისი დასრულებაც ერთ ან ორ დღეში შეიძლება, ადეკვატურია, რომ რაიმეს მიღწევის შეგრძნების მოლოდინი გქონდეს. სხვა შემთხვევაში, ეს არარეალურია.

მეორე მიზეზი საკმაოდ ირონიული – დროის დაკარგვის შიშია. ადამიანები ფიქრობენ – რა იქნება თუ საქმიანობა წარუმატებლად დამთავრდება? გამოდის, რომ მასზე დახარჯული მთელი დრო წყალში გადაყრილი აღმოჩნდება თუმცა, სავარაუდოდ, ეს ასე არ იქნება, რადგან რთულ პროექტებზე მუშაობას რაღაც შედეგი ყოველთვის მოაქვს.

მესამე და მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი პროექტები ემაძრწუნებელი და საშიშია. მათთვის თვალის გასწორება თითქმის ფიზიკური ტკივილის ტოლფასია. პოლ გრეემი ამ სიტუაციას მტვერსასრუტის ფანტაზიასთან დაკავშირების მაგალითით აღწერს – ყველა თქვენი საწყისი იდეა დაუყოვნებლივ ისრუტება, მეტი აღარც გაქვს, მაგრამ მტვერსასრუტი მას მაინც იწოვს.

ამ შემთხვევაში უნდა გაიაზრო, რომ რთულ ამოცანებს პირდაპირ ვერ გაუსწორდები, მათ ირიბად უნდა მიუახლოვდე. თუ დიდ პროექტზე მუშაობა გინდა, საკუთარი თავი რაიმე ხერხით უნდა მიიტყუო – შეგიძლია, საწყის ეტაპზე მცირე საქმით დაკავდე ან თუნდაც, თანამშრომლებს გაუნაწილო მორალური ტვირთი. მთავარია, არ იფიქრო, რომ ასეთ ხრიკებზე დაყრდნობა სისუსტეა.

Powered by Stepan Parunashvili 🦾

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post