fbpx

დამწყები სტარტაპერის 8 სწორი სვლა

startup gadawyvetileba

დამწყები სტარტაპერის 8 სწორი სვლა

სტარტაპის წამოწყება და მისი განვითარება მრავალ ჩახლართულ პროცესთანაა ასოცირებული. თემის ირგვლივ ინტერნეტში მრავალი რამის წაკითხვა და ყურება შეიძლება, თუმცა, ამდენ ინფორმაციაში გზის გაკვალვა რთულია. ამ სტატიაში კი გვსურს ის 8 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მიდგომა გაგიზიაროთ, რომლებიც სტარტაპის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გამოგადგება.

1.სწორი თანადამფუძნებელი იპოვე

მოდი, ჯერ იმაზე საუბრით დავიწყოთ, თუ რატომ უნდა შეარჩიო საერთოდ თანადამფუძნებელი. ამის პირველი მიზეზი სტარტაპის მართვის სირთულეა – მისი ზრდისა და განვითარების პროცესში არაერთი სფეროს მოცვა და უამრავი საქმის გაკეთება მოგიწევს, რომელთაც ვერავის გადაუნაწილებ. მეორე ძირითადი მიზეზი კი რთული გადაწყვეტილებების მიღების თუ სხვა მნიშვნელოვან მომენტებში მოტივატორისა და ემოციების გამზიარებლის  გვერდით ყოლაა. შეგიძლია ჩათვალო, რომ თანადამფუძნებლის არსებობა სტარტაპის წარმატებისკენ წინ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯია.

სანამ ბიზნესპარტნიორს შეარჩევდე, მნიშვნელოვანია შენი შესაძლებლობებისა და ცოდნის სფეროს გააზრება და შემდეგ გარშემო ისეთი ადამიანების შემოკრება, რომლებიც არსებულ დანაკლისს ერთგვარი პაზლის პრინციპით შეავსებენ. ანუ, თუ გაგიმართლა და შენი თანადამფუძნებელი სრულიად სხვა სექტორის წარმომადგენელია, მუშაობის პროცესში ბევრი რამ გაგიმარტივდება.

 

ზემოთ თქმულის უკეთ წარმოსადგენად, მაინც განვიხილოთ ერთი ვარიანტი – მაგალითად, სტარტაპი ადამიანებს ციფრულ მომსახურებას სთავაზობს, შენ პროგრამისტი ხარ, პარტნიორი კი – იურისტი. შესაძლოა, ამ სფეროში მოღვაწე სამართალმცოდნე უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ, მოდი, შენი ეჭვები გავფანტოთ. ამ მიმართულებით მუშაობისას, გარდა იმისა, რომ კარგი ტექნოლოგია უნდა გქონდეს, უნდა იცოდე როგორ ჩაჯდე სტანდარტებში; შეინახო მონაცემები; იყო გამართული რეგულატორთან და ესაუბრო სხვადასხვა ინსტიტუციას. ამ ყველაფერში კი სწორედ შენი პარტნიორი დაგეხმარება. შეთანხმებული მუშაობით უფრო მეტ სფეროს მოიცავთ და არ შეჩერდებით იმ ადგილას, რომელშიც მარტო ყოფნის შემთხვევაში, გაიჭედებოდი.

თუ რჩევის პირველ ნაწილში დარწმუნდი, ახლა სხვა ასპექტებზეც გადავიდეთ. შენს  თანადამფუძნებელთან არსებული ურთიერთობა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე გგონია. წარმოიდგინე, კომპანიის განვითარების პროცესში უამრავი რამ იცვლება – გარდა შენი პარტნიორისა.

რეალურად, სტარტაპების უმეტესობის ჩავარდნის ერთერთი მიზეზი სწორედ მათი დამფუძნებლების დაშლაა. შესაბამისად, ბიზნესპარტნიორთან ღია და გულახდილი კომუნიკაცია მომავალში პრობლემების წარმოქმნის ალბათობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

თანაც, აღსანიშნია, რომ დაპირისპირების გამომწვევი მიზეზები ხშირად ადამიანები არიან და არა კონკრეტული სიტუაციები. ანუ, ის, ფაქტობრივად, გარდაუვალი ხდება. ამას კი ისევ რჩევის რაობამდე მივყავართ – თუ სწორ თანადამფუძნებელს იპოვი, სავარაუდო დავებსაც თავიდან აიცილებ.

2.პროდუქტი ბაზარზე სწორ დროს ჩაუშვი

რეალურად, ბაზარზე გასვლისთვის კონკრეტული იდეალური დროის დადგენილი  საზღვრები არ არსებობს. თუმცა, შემდეგი გადაწყვეტილების დახმარებით, ის თავად შეგიძლია განსაზღვრო.

პროდუქტი რომ ბაზარზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაუშვა, სტარტაპსფეროში ერთგვარი დადგენილი ჭეშმარიტებასავითაა და დარწმუნებული ვარ, როგორც დამწყები სტარტაპერი, ამ ფრაზას ხშირად მოისმენდი ან წაიკითხავდი. რეალურად, ამ წინადადებაში არასწორი არაფერია, თუმცა, უფრო მომგებიანი მიდგომა პროდუქტის რაც შეიძლება სწრაფად, ოღონდ სწორ დროს ჩაშვებაა.

მოდი, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ. აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ სანამ პროდუქტს არ ჩაუშვებ, მანამდე მომხმარებლის პრობლემას სრულად ვერასდროს გაიაზრებ, ვერც იმას გაარკვევ, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის მათ მოთხოვნ(ილებ)ებს. ამიტომ, პროდუქტის რაც შეიძლება სწრაფად ჩაშვება, შემდეგ კი მომხმარებელთან საუბარი და იტერაცია ბევრად სწორი გადაწყვეტილებაა, ვიდრე იდეალური პროდუქტის შექმნის მოლოდინი. თუმცა, აქ ერთი მაგრამ არსებობს – ეს მიდგომა სწორია მანამ, სანამ პროდუქტი მომხმარებლებისთვის ისეთ სარგებელს შეიცავს, რომლის ღირებულებაც ნებისმიერი ხარვეზით სავარაუდოდ გამოწვეულ პრობლემებს გადაწონის. ანუ, ჯერ მაინც უნდა დარწმუნდე, რომ ის შეზღუდული მახასიათებლებითაც კარგია (და არა იდეალური) და შემდეგ ჩაუშვა.

ბაზარზე სწორ დროს გასვლის გარდა ორი ვარიანტი არსებობს – პროდუქტის ზედმეტად ადრე ან გვიან ჩაშვება. მოდი, ეს სცენარებიც განვიხილოთ.

დავუშვათ, პროდუქტი ბაზარზე გვიან ჩაუშვი. ამის, ალბათ, ყველაზე გავრცელებული მიზეზები მომხმარებელთან ურთიერთობისა და განსჯის შიში, ასევე გადამეტებული პერფექციონიზმია. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ყოველმხრივ დახვეწილი პროდუქტის შექმნის სურვილი გაიქრო, რადგან ეს (განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე) არ გამოგივა. გახსოვდეს, რომ მისი თავდაპირველი ვარიანტი საბოლოოსგან ყოველთვის განსხვავებულია. ხოლო კარგი პროდუქტი მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე შენდება.

განვიხილოთ მეორე ვარიანტიც – პროდუქტის ნაადრევი ჩაშვება. მართალია ზემოთ წარმოდგენილი სცენარი სტარტაპისთვის უფრო მეტად დამანგრეველია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არაერთი სირთულე წარმოიქმნება. კერძოდ, თუ ადრეულმა მიმდევრებმა (Early Adopters) პროდუქტი გამოსცადეს და ის საკმარისად კარგი არ აღმოჩნდა, შესაძლოა, მას აღარასდროს დაუბრუნდნენ, კომპანიას კი ცუდი იმიჯი შეექმნას.

3.ბაზრის საჭიროებაზე ფოკუსირდი

,,შექმენი ის, რაც ხალხს სურს’’ –  ეს ფრაზა ცნობილი ამერიკული სტარტაპაქსელერატორის Y Combinator-ის დევიზია, რომელიც შენს სამუშაო რეალობაშიც უნდა გადმოიტანო. რატომ? შენი გაკეთებული ყველაფერი უმნიშვნელო იქნება, თუ იმას არ შექმნი, რაც ადამიანებს სურთ. შეიძლება, სტარტაპის პრეზენტაციას საუკეთესოდ აკეთებდე, ფინანსებს მარტივად იზიდავდე, ძალიან კარგი პროგრამისტი იყო, მაგრამ თუ ისეთ პროდუქტს არ ააშენებ, რომელიც ბაზარზე არსებულ რეალურ მოთხოვნ(ილებ)ას დააკმაყოფილებს, წარმატებას ვერასდროს მიაღწევ.

რეალურად, სტარტაპების თითქმის ნახევრის წარუმატებლობის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ისინი ცდილობენ იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც ბაზარზე რეალურად არც კი არსებობს. ამიტომ, პროდუქტის შექმნისა და სტარტაპის წამოწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შენს თავს სამი კითხვა დაუსვი: 1. ვინაა ჩემი მომხმარებელი? 2. რა პრობლემა აქვს მას? 3. როგორ ვაპირებ მის გადაჭრას?

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი, შემოსავლიანი და მასშტაბირებადი სტარტაპის შესაქმნელად, აუცილებელია, მომხმარებელს ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის გზა შესთავაზო. ადამიანებისთვის გამოსადეგ პროდუქტს კი ვერ შექმნი, თუ მათი არ გესმის. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ იდეის ძიების პროცესში ხარ, მისი პოვნის ყველაზე კარგი მეთოდი არის დაფიქრება იმაზე, თუ რა პრობლემები გაქვს თავად და შემდეგ მათი გადაჭრის გზების ძიება. ამ შემთხვევაში, ის მაინც გეცოდინება, რომ პროდუქტი მინიმუმ ერთ ადამიანს სურს.

შენივე სტარტაპის სამიზნე ბაზრის ნაწილად ყოფნა ისეთ ცოდნას გაძლევს, რომელიც სხვა შემთხვევაში არ გექნებოდა. შესათავაზებელი პროდუქტის მომხმარებლის პერსპექტივიდან დანახვა და მათი შიშების გამოცდა კი გაგიმარტივებს ზუსტად იმის შექმნას, რაც ხალხს სურს. ამის მარტივი მიზეზი არსებობს – წარმატებას აღწევ იმის პროპორციულად, თუ რამდენად კარგად გესმის პრობლემა; შენთვის ყველაზე კარგად გააზრებული პრობლემა კი ისაა, რომელიც თავად გაწუხებს.

4.მომხმარებელს ბევრი ელაპარაკე

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რაიმის მხოლოდ შენთვის კეთებიდან მისი ხალხისთვის შექმნისკენ მალევე უნდა დაიძრა. პროდუქტის ბაზარზე სწორ დროს ჩაშვების შემდეგ, სტარტაპის წარმატება/წარუმატებლობის მთავარი განმსაზღვრელი კომპონენტი მომხმარებელი და მისი კმაყოფილებაა. ამის მარტივი მიზეზი არსებობს – ცუდი გამოცდილების მიღების შემთხვევაში, ის მიგატოვებს და თუ მომხმარებელი არ გყავს, არც შენ არსებობ.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, იმისათვის, რომ კმაყოფილი მომხმარებელი გყავდეს, მისი უნდა გესმოდეს და იცოდე, რა სურს. უკანასკნელის დადგენას კი პროდუქტის შესახებ უკუკავშირის მეშვეობით შეძლებ – მოსწონთ ადამიანებს ის, რაც გააკეთე? თუ არა, რატომ?

მომხმარებელს რაც შეიძლება ბევრი უნდა ესაუბრო, შედეგად კი მიიღებ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ისინი პროდუქტზე და როგორ იყენებენ მას. ამ ცოდნის საფუძველზე კი პროდუქტს მათ საჭიროებებს მაქსიმალურად მოარგებ, რაც, საბოლოოდ, ბიზნესის ზრდაზე აისახება. გარდა ამისა, მომხმარებელთან კომუნიკაცია დაგეხმარება მათი პერსონის უკეთ გაცნობაში; გაიგებ, თუ რა არის თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვანი (შედეგად, პროდუქტს უფრო მარტივად მიჰყიდი); უკმაყოფილო მომხმარებელს კმაყოფილად აქცევ და ყველაზე მთავარი – მიიღებ იმ უკუკავშირს, რომელსაც სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებდი (რაც ადამიანების უკმაყოფილებას ან უარესს, მომხმარებლის გადინებას გამოიწვევდა).

ეს პროცესი ან ადამიანებისგან მიღებული კრიტიკა, შესაძლოა, გაშინებდეს. თუმცა, თუ ამას არ გააკეთებ, შენი მოღვაწეობა წარუმატებლობით დასრულდება. თანაც, არაა აუცილებელი ყველაფრის ჩახლართვა. მარტივი მიზანი დაისახე: კვირაში 5 მომხმარებელთან საუბარი, თითოეულთან – 15 წუთი.

5.იდეას განვითარების საშუალება მიეცი

ეს გადაწყვეტილება, როგორც მომხმარებელთან საუბრის შემდეგ პროცესს ასევე ზოგადად სტარტაპცხოვრების მიმდინარეობას ეხება.

მოქნილობა და ადაპტირებულობა ამ სფეროში წარმატების მიღწევის ერთერთი მთავარი გასაღებია. ცვლილებებისთვის ბიზნესის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე უნდა იყო მზად – ეს იქნება იდეის შეფასება, თუ სამიზნე მომხმარებლის სეგმენტის ცვლილება. სწრაფადმზარდ სტარტაპს მუდმივი განახლება ან ბიზნესმოდელის ცვლილება სჭირდება. ამიტომ, ერთერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ამ დროს შეიძლება დაუშვა, არის მიდგომა, რომ შენ ისეთი გენიალური რაღაც მოიფიქრე ან შექმენი, რომელსაც ცვლილებები არ სჭირდება.

აუცილებლად უნდა გაიაზრო, რომ არცერთ იდეას არ უნდა მიეჯაჭვო. განსაკუთრებით, თავდაპირველს, რადგან საწყის ეტაპზე შექმნილი პროდუქტი იდეალური არასდროსაა. ის მომხმარებლის უკუკავშირის (მასთან საუბრის) საფუძველზე ხდება უფრო და უფრო დახვეწილი და მოთხოვნ(ილებ)აზე მორგებული.

წარმატებული სტარტაპების უმრავლესობამ თავდაპირველი იდეისგან სრულიად განსხვავებული პროდუქტი შექმნა. ამგვარი ევოლუციის ყველაზე ცნობილი მაგალითი Airbnb არის, რომელსაც თავდაპირველად AirBedandBreakfast ერქვა. სახელმა რომ არ დაგაბნიოს, სტარტაპის იდეის განვითარების ისტორიას მოკლედ მოგიყვები. 2007 წელს, როდესაც კომპანიის დამფუძნებლები ჯო და ბრაიანი სან-ფრანცისკოში არსებული საკუთარი საცხოვრებლის ქირას უკვე ვეღარ წვდებოდნენ (მფლობელმა ფასი 25%-ით გააძვირა), მათ საკუთარი პრობლემის მოგვარების საინტერესო გზა მოიფიქრეს. პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ქალაქში Big Design Conference იმართებოდა და ამის გამო სასტუმროების მოძებნა გართულებული იყო. ამიტომ, მცირე თანხის მოგროვების მიზნით, მათ ახალგაზრდა დიზაინერებისთვის საკუთარ სახლში დარჩენა და საუზმის შეთავაზება გადაწყვიტეს. საბოლოოდ კი თავდაპირველი იდეა – 3 საჰაერო ლეიბი კონფერენციისთვის იქცა საჰაერო ლეიბებად კონფერენციის გარეშე, შემდეგ ნამდვილ საძინებლებად, ბოლოს კი სრულ საცხოვრებელ ფართებად და მომგებიან ბიზნესად.

6.არ დაკარგო ფოკუსი

სტარტაპის განვითარების ერთერთი ხელის შემშლელი ფაქტორი დეფოკუსია, რომლის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს – 1. შენი სამსახური 2. ბევრი საქმის ერთდროულად კეთება 3. არასასარგებლო საქმით დაკავება.

ყურადღების ყველაზე უარეს გამფანტავად ის საქმიანობა შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც შემოსავალს გაძლევს. შესაძლოა, სტარტაპს პოტენციალი ჰქონდეს, თუმცა, მასზე მუშაობისას იმ სამსახურის ზარები არ გასვენებდეს, რომელშიც დამქირავებელი ხელფასს გიხდის და შენც ვალდებული ხარ, უპასუხო.

დეფოკუსის მეორე მიზეზი ბევრი საქმის ერთდროულად კეთება შეიძლება იყოს – შესაძლოა, ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე პროექტზე მუშაობდე; ან თუნდაც, დამფინანსებელს ეძებდე, რომელიც საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამასთან, დაიმახსოვრე, რომ სტარტაპებს, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი პრობლემის კარგად გადაჭრა შეუძლიათ. ამიტომ საკუთარ თავზე ბევრი ვალდებულების ერთდროულად აღებასა და საშუალო შედეგის დადებას, ერთ პროექტზე მუშაობა და კარგი შედეგის დადება სჯობს.

გადავიდეთ მესამე მიზეზზე. მრავალი წარმატებული სტარტაპის საქმიანობაზე დაკვირვებით ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო პატერნი გამოიხატა – მათი დამფუძნებლები პროდუქტსა და მომხმარებლებზე თითქმის ფანატიზმის დონეზე არიან კონცენტრირებულნი. მათ სხვა, მოცემული მომენტისთვის არარელევანტური საქმეების გასაკეთებლად დრო არ აქვთ. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს ნებისმიერი რამ, რაც შენი სტარტაპის განვითარების იმ კონკრეტული ეტაპისთვის არასასარგებლო და არასაჭიროა. თუნდაც, მრჩეველთა ჯგუფის მოწვევა; პროდუქტის პიარზე დროის დახარჯვა მანამ, სანამ იმას გააკეთებ, რაც ხალხს სურს; რაიმე კომპანიასთან პარტნიორობა იმ იმედით, რომ ეს მეტ მომხმარებელს მოგიტანს.

7.გაზომე შენი ზრდა

მნიშვნელოვანია, რომ ახალმა სტარტაპმა საწყის ეტაპზევე აირჩიოს ერთი ან ორი მნიშვნელოვანი მეტრიკა, რომელსაც წარმატების გასაზომად გამოიყენებს. შემდეგ კი, დამფუძნებლებმა სამომავლო მოქმედებების მიმართულება თითქმის მხოლოდ იმაზე დაყრდნობით გადაწყვიტონ, თუ რა გავლენა ექნება მათ ამ მეტრიკების მაჩვენებლებზე.

თუ ზემოთ დაწერილ ორ გადაწყვეტილებასს გაითვალისწინებ – ანუ შექმნი იმას, რაც მომხმარებელს სურს და ფოკუსს არ დაკარგავ, სტარტაპი გაიზრდება. ხოლო პირიქით რომ ვთქვათ, მეტრიკების გამოყენება იმის შესამოწმებლად შეგიძლია, რამდენად კარგად ართმევ თავს ამ ორ საქმეს. თუ ზრდის კარგი მაჩვენებლები გაქვს, რაც სტარტაპისთვის თვეში მინიმუმ 10%-ს გულისხმობს, მაშინ, სწორ გზას მიჰყვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ორი ინგრედიენტიდან რომელიღაც გაკლია.

 

წარმატების მისაღწევად, კარგი იქნება, თუ აარჩევ მაჩვენებელს, რომლის გაზრდაც გსურს და შემდეგ მასზე ბოლომდე კონცენტრირდები. საუკეთესო მეტრიკა, რომლიც შერჩევაც შეგიძლია ამ შემთხვევაში, მიღებული შემოსავალია. სწორედ მისი საშუალებით დაადგენ ნამდვილად აკეთებ თუ არა იმას, რაც ხალხს სურს.

ზრდაზე ფოკუსირება ასევე ხელს უშლის ერთგვარი ყველაფრის უარყოფის მიდგომას, რაც სტარტაპებისთვის დიდი საშიშროებაა. დამფუძნებლები, რომლებიც საქმეს არასწორად აკეთებენ და დროს შეუსაბამო რაღაცებზე კარგავენ, ხშირად, კომპანიაში წარმოქმნილ პრობლემებს უარყოფენ. ეს ყველაფერი კი სტარტაპს ნელ-ნელა კლავს. მაგრამ თუ საკუთარ თავსა და ბიზნესს ზრდის კონკრეტულ მიზანს დაუდგენ, რიცხვებს (სასურველს თუ არასასურველს) უკვე ვეღარ უარყოფ და იძულებული იქნები დასახულ გეგმას მიჰყვე. თუ, რა თქმა უნდა, ზრდისთვის დასახული მიზნების შენარჩუნების საჭიროებასაც არ უარყოფ. ეს კი საკმაოდ ხშირად ხდება და იმედია, აღარაა საჭირო იმის გამეორება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ მიდგომის დანერგვის შემთხვევაში.

8.ცოტა ხარჯე

სტარტაპების დიდი ნაწილი ბიუჯეტის ამოწურვის გამო ვერ აღწევს საბოლოოდ დასახულ მიზანს. ყოველი ცვლილება, გაფართოების მცდელობა თუ ახალი მომხმარებლის მოზიდვა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ხოლო ფუნქციონირების გასაგრძელებლად ფინანსები გჭირდება.

რატომ ეწურებათ სტარტაპებს ფინანსები? რადგან ისინი ძალიან ბევრს ხარჯავენ. თუმცა, ბევრის ხარჯვასა და მცირე დაფინანსებას შორის განსხვავების დანახვა რთულია. თანხის ამოწურვა კი, შესაძლოა, ორივემ გამოიწვიოს. იმის გასაგებად, თუ რომელი მათგანი იყო შენს შემთხვევაში რეალური მიზეზი, შეგიძლია სხვა მსგავს სტარტაპს შეედარო. მაგალითად, თუ ორივე თქვენგანმა ერთი რაოდენობის თანხა მოიზიდეთ, თუმცა ფული მხოლოდ შენ გითავდება, გამოდის, რომ ნამდვილად ზედმეტს ხარჯავდი.

რადგანაც სტარტაპების უმრავლესობაში ძირითადი ხარჯები თანამშრომელთა ხელფასებია,  შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრის ხარჯვა = ძალიან ბევრი ადამიანის დაქირავებას. ზედმეტი თანამშრომლის დაქირავებაში პრობლემა ისაა, რომ რაც უფრო სწრაფად დახარჯავ თანხას, მით ნაკლები დრო გექნება იმისთვის, რომ ის მომგებიანი გახადო. თანაც, სტარტაპის (რადგან მას, როგორც წესი, გამოუცდელი დამფუძნებლები მართავენ და რაღაც ახალს აკეთებენ) ფეხზე წამოსაყენებლად იმაზე მეტი დროა საჭირო, ვიდრე მოელი. ამიტომ, ფულის მოზიდვის შემდეგ, ძალიან დიდი დაკვირვებით უნდა დახარჯო ფინანსები. ბევრი სტარტაპი სწორედ იმიტომ ქრება (თუნდაც სწორ გზაზე იდგეს), რომ ძალიან სწრაფად დაიქირავა ადამიანები. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ისეთი თანამშრომლები შემატე შენს გუნდს, რომელთა გარეშეც საქმიანობას ვერ აწარმოებ.

აუცილებლად უნდა ეცადო, რომ შენი სტარტაპი რაც შეიძლება უფრო დაბალხარჯიანი გახადო. ხოლო თუ საბოლოოდ მოახერხებ, რომ მან მცირე მოგება მაინც მოგიტანოს, რომლითაც პირად ხარჯებს დაფარავ, ეს თავდაჯერებულობასაც შეგმატებს და სულ სხვა ელფერს შესძენს ინვესტორებთან ურთიერთობასაც.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post