სტარტაპი 13 სენტენციაში – Paul Graham
“უმჯობესია, ცოტა ადამიანი ჭეშმარიტად გააბედნიერო, ვიდრე შედარებით მეტი და – ზედაპირულად.” – ამ პრინციპს, რომელიც პოლ ბუჩეიტისგან ვისწავლე, ყოველთვის ვუზიარებ სტარტაპებს. დავფიქრდი, რა იქნებოდა მსგავსი აუცილებელი რჩევები, და ჯამში 13 მათგანი გამოვყავი:
1. შეარჩიეთ კარგი თანადამფუძნებლები
თანადამფუძნებლები სტარტაპთან ისეთივე მიმართებაში არიან, როგორც მდებარეობა შენობასთან: ნებისმიერი რამ შეიძლება შეიცვალოს – მათ გარდა. ხოლო სტარტაპის წარმატება მის დამფუძნებლებზეა დამოკიდებული.
2. სწრაფი გაშვება (“დალონჩვა”)
მიზეზი, რატომაც სწრაფად უნდა გაუშვათ პროდუქტი, არის არა იმდენად ის, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად მოხვდეთ ბაზარზე, არამედ ის, რომ რეალურად მხოლოდ გაშვების შემდეგ იწყებთ თქვენი სტარტაპის დამუშავებას. გაშვების შემდეგ სწავლობთ, სინამდვილეში რას უნდა ქმნიდეთ- მანამდე მხოლოდ დროს ფლანგავთ. ამდენად, თავდაპირველი გაშვების მთავარი ღირებულება მხოლოდ მომხმარებელთა დაინტერესებაა და რაც მალე მოხდება, მით მალე დაიწყებთ ნამდვილად განვითარებისთვის შრომას.
3. თქვენს იდეას განვითარების საშუალება მიეცით
ერთი მხრივ, სწრაფად გაუშვით, მეორე მხრივ კი დამუშავების, იტერაციების საშუალება მიეცით იდეას. შეცდომაა, სტარტაპისადმი იმგვარი მიდგომა, თითქოს, ის რაღაც საწყისი გენიალური იდეის საუკეთესო იმპლემენტაცია იყოს; როგორც ესეს წერისას, საუკეთესო იდეები პროცესში მოდის.
4. გაუგეთ თქვენს მომხმარებელს
თუ რა სიმდიდრეს შექმნის სტარტაპი, წარმოიდგინეთ იმ მართკუთხედის ფართობად, რომლის სიგრძეც – მომხმარებელთა რაოდენობა, სიგანე კი თქვენ მიერ მათი ცხოვრების გაუმჯობესების დონეა. ეს უკანასკნელის კონტროლი ყველაზე მეტად სწორედ თქვენ შეგიძლიათ და, სინამდვილეში, სწორედ ის განსაზღვრავს იმასაც, რამდენი მომხმარებელი გეყოლებათ. მეცნიერებაში, ხშირად,სწორი პასუხის პოვნაზე რთული სწორი შეკითხვის დასმაა; ასეა სტარტაპისთვისაც: სირთულე სწორედ ისაა, შენიშნო ახალი რამ, რაც ადამიანებს აკლიათ. რაც უფრო გაუგებთ მომხმარებელს, მით მეტია შანსი, რომ ეს გამოგივიდეთ. სხვათა შორის, სტარტაპების უმეტესობა ზუსტად იმას აწარმოებს, რაც ერთ დროს მათმა დამფუძნებლებმა შენიშნეს, რომ ესაჭიროებოდათ.
5. რამდენიმე ჭეშმარიტად თქვენზე შეყვარებული მომხმარებელი გერჩივნოთ მრავალ ნელ-თბილს
საუკეთესო შემთხვევაში, თქვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს უყვარდეთ, თუმცა ამას მყისიერად ვერ მიაღწევთ. თავდაპირველად მოგიწევთ არჩევნის გაკეთება: დააკმაყოფილოთ პოტენციურ მომხმარებელთა ნაწილის ყველა საჭიროება თუ დააკმაყოფილოთ ყველა პოტენციური მომხმარებლის საჭიროებათა ნაწილი. მე გირჩევდით პირველს; მაშინ, თქვენი შედეგები პირდაპირ მომხმარებელთა რაოდენობაში აისახება.
6. შესთავაზეთ გასაოცრად კარგი სერვისი
მომხმარებლები არასათანადო მოპყრობას არიან მიჩვეული. იმ კომპანიათა უმრავლესობა, რომელთან ურთიერთობაც უწევთ, მონოპოლიის ტიპისაა და მათ მომსახურებას არაკეთილგანწყობილი იერი აქვს. ქვეცნობიერად, კარგი მომსახურების სტანდარტი თქვენც მათი გავლენით გაქვთ განსაზღვრული, არადა, ბევრად მეტი შეგიძლიათ. მოძებნეთ ახალ-ახალი გზები მომხმარებლის გასაბედნიერებლად. სტარტაპის ადრეულ ეტაპზე შეთავაზებული გასაოცრად კარგი მომსახურება კომპანიის ზრდასთან ერთად ვეღარ შენარჩუნდება, მაგრამ ეს ის ეტაპია, როცა თქვენს მომხმარებელს შეისწავლით.
7. პროგრესირებ იმაში, რასაც ზომავ
როდესაც რამე გაზომვადია, მას თავადვე აქვს გაუმჯობესების ტენდენცია. თუ მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა გსურთ, პირველ რიგში, კედელზე დაფა ჩამოკიდეთ, რომელზეც ყოველდღიურად აღნიშნავთ მომხმარებელთა რაოდენობას; როდესაც მათი რიცხვი გაიზრდება, გაბედნიერდებით, ხოლო თუ დაიკლებს, მოუსვენრობის ჭია შეგიჩნდებათ. მუდმივი კონტროლის წყალობით კი შენიშნავთ, თუ რა განაპირობებს მომხმარებელთა მატებას და სწორედ მისკენ მიმართავთ მეტ ძალისხმევას.
გესმოდეს შენი მომხმარებლის.
საქმე ისაა, რომ მთავარი, რაც სტარტაპს წარმატებისთვის სჭირდება, რასაც მისი შემოსავალი მოაქვს, მომხმარებლისთვის ცხოვრების რეალური გაუმჯობესებაა.
8. ხარჯე ცოტა
გამოუთქმელად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სტარტაპი დაბალხარჯიანი იყოს. სტარტაპთა უმრავლესობა კრახს იქამდე განიცდის, ვიდრე ადამიანებამდე მიაღწევს, ამის ძირითადი მიზეზი კი ბიუჯეტის ამოწურვაა ხოლმე. დაბალი დანახარჯი ისევე ინახავს კომპანიას, როგორც ვარჯიში ადამიანს.
9. პურის ფული (:დ)
თუკი შეძლებთ, რომ სტარტაპმა მცირე მოგება მაინც მოგცეთ, რომლითაც დამფუძნებელთა პირადი – საყოფაცხოვრებო – ხარჯები დაიფარება, ეს თავდაჯერებულობასაც შეგმატებთ და სულ სხვა ელფერს შესძენს ინვესტორებთან ურთიერთობასაც (უფრო გაგიმარტივდებათ მოძიება).
10. მოერიდეთ გაფანტულობას
სტარტაპებს დეფოკუსზე მეტად არაფერი უშლის ხელს. ყველაზე უარესი ის გამფანტავებია, რაღაც შემოსავალს რომ გაძლევთ: ყოველდღიური სამსახური თუ პარალელურად მიმდინარე წვრილ-წვრილი პროექტები; შესაძლოა, სტარტაპს პოტენციალი ჰქონდეს, თუმცა მასზე მუშაობისას იმ სამსახურის ზარები გეჩრებოდეთ, რომელშიც დამქირავებელი ხელფასს გიხდით და თქვენც ვალდებული ხართ, უპასუხოთ.
სხვათაშორის, პარადოქსულია, მაგრამ დამფინანსებელთა ძიების პროცესიც საკმაოდ ფანტავს ყურადღებას, ამიტომ ესეც მხოლოდ საჭირო რაოდენობით განახორციელეთ.
11. ნუ ჩაიქნევთ ხელს
მართალია, სტარტაპები ყველაზე ხშირად, ბიუჯეტის ამოწურვის გამო იღუპებიან, მაგრამ შეფარული მიზეზი, შესაძლოა, ფოკუსირების ნაკლოვანება იყოს, რაც გონიერი მმართველების დემორალიზების შედეგია ხოლმე. სტარტაპის წამოწყება დიდი ემოციური გამოწვევაა და მისმა სიმძიმემ არ უნდა გადაგძლიოთ.
12. არ გაჩერდე
თუნდაც დემორალიზდეთ, არ გაჩერდეთ! დაუნებებლობით, შორს შეგიძლიათ წასვლა. ნამდვილად არსებობს სფეროები, სადაც ძალისხმევამ შეიძლება შედეგი არ მოიტანოს: მათემატიკა თუ არ გესმის, კარგი მათემატიკოსი ვერ გამოხვალ, რაც არ უნდა იღვაწო; თუმცა სტარტაპში, თუკი იდეას განვითარების საშუალებას აძლევთ, ძალისხმევა ნამდვილად გიფასდებათ.
13. გარიგებები იშლება
ზედმეტი იმედებით ნუ განიმსჭვალებით. Viaweb-ის დროს როდესაც 20 მოლაპარაკება ჩაგვეშალა, მივხვდით, რომ ჯერ დაუმთავრებელ მოლაპარაკებებზე არ უნდა დაამყარო იმედი; ვიდრე ბოლომდე არ მივა, მათ როგორც ფონურად მიმდინარე პროცესებს, ისე უნდა მოეპყროთ.
ამგვარად, ჩამოვწერე 13 მთავარი პრინციპი სტარტაპებისთვის, მაგრამ, რომელ ერთს ამოვარჩევდი მათგან უმთავრესად? ეს იქნება მე-4 პრინციპი: გესმოდეს შენი მომხმარებლის. საქმე ისაა, რომ მთავარი, რაც სტარტაპს წარმატებისთვის სჭირდება, რასაც მისი შემოსავალი მოაქვს, მომხმარებლისთვის ცხოვრების რეალური გაუმჯობესებაა.
დარჩენილ პრინციპთა ნაწილი საკუთარ თავში ითვალისწინებს კიდეც მომხმარებლისთვის გაგებას: სტარტაპი სწრაფად იმიტომ უნდა გაუშვა, რომ უკეთ გაუგო მომხმარებელს. ასევე, იდეის ევოლუციაც მის მომხმარებელზე მორგებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში შეძლებ მომხმარებელთა მცირე ჯგუფისთვის რაღაც ძალიან მოსაწონის შექმნას, თუ მათ სიღრმისეულად გაუგებ. ასევე, ძალიან კარგი მომსახურებაც ამისთვისაა საჭირო. და ბოლოს, ეს თქვენს განწყობაზეც მოქმედებს: მაშინ, როდესაც ირგვლივ სრული არეულობაა, 10 ჭეშმარიტად თქვენი ერთგული და მოყვარული მომხმარებლის ყოლა გეხმარებათ, გააგრძელოთ გზა და ბრძოლა.
*Paul Graham მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აქსელერატორის, Y Combinator-ის თანადამფუძნებელია