როგორ დავწეროთ სტარტაპის ხედვა და მისია
გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად, ხედვისა და მისიის მკაფიოდ ჩამოყალიბება აუცილებელია. თუმცა, ბიზნესის საერთო მიზნის ლაკონიურად და მკაფიოდ გადმოცემა არც ისე მარტივია.
ასეთ საკითხებზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ადამიანები Google-ს მივმართავთ ხოლმე. აქ ინფორმაცია უამრავია, მათი უმეტესობა კი – ყველასათვის ხელმისაწვდომი. თუმცა, ზოგიერთი მათგანი რთულად არის გადმოცემული, სხვები დამაბნეველი ან ურთიერთსაწინააღდეგოა. მოკლედ, მსოფლიო ჯერ ისევ შესწავლის პროცესშია.
მე კი, ბევრი შესავლის გარეშე, ვეცდები ადვილად აგიხსნა, თუ რა არის ხედვა და მისია; რისთვისაა საჭირო და როგორ უნდა დაწერო თითოეული მათგანი.
რა არის ხედვა და მისია?
საკითხზე ნათელი წარმოსადგენის შესაქმნელად, განმარტებებით დავიწყოთ. მარტივად რომ ვთქვათ, ხედვა არის პასუხი კითხვაზე სად?, ხოლო მისია – პასუხი კითხვაზე რა?.
უფრო რომ დავაკონკრეტოთ – ხედვა მომავლის სურათია, ერთგვარი იდეალური დანიშნულების ადგილი. მეორე მხრივ, მისია არის შენი წვლილი ხედვაში, ანუ რა როლს თამაშობ დანიშნულების ადგილამდე მისვლაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისია შენს სიძლიერეს უნდა ეფუძნებოდეს.
ხედვა და მისია თანაბრად მნიშვნელოვანია, ორივე მათგანი კი მჭიდროდ უკავშირდება სტრატეგიას. სტრატეგიის შესახებ უფრო ვრცლად ამ სტატიაში შეგიძლია წაიკითხო, აქ კი შეგახსენებ, რომ ის პასუხობს კითხვას – როგორ?
ხედვის, მისიის და სტრატეგიის კავშირის მარტივად გასააზრებლად შემდეგი მაგალითი დაგეხმარება – თუ შენი ხედვა ათასობით კილომეტრით დაშორებული დანიშნულების ადგილია (სად მიდიხარ), მისია შეიძლება იყოს ავტომობილის მართვა (რას აკეთებ მის მისაღწევად), ოღონდ, თუ ეს კარგად გამოგდის. ამ მისიაში გამოყენებული სტრატეგია კი შეიძლება იყოს უსაფრთხოების სრული სპექტრით აღჭურვილი (დაბლოკვის საწინააღმდეგო სამუხრუჭე სისტემა, სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი, წევის კონტროლი და ა.შ.) ავტომობილისა და სანავიგაციო სისტემის გამოყენება (როგორ მიაღწევ წარმატებას).
ხედვისა და მისიის მიზანი
ზოგადად, ხედვა და მისია საშუალებას გაძლევს, ყველაზე მკაფიო და ინსპირაციული გზით წარმოადგინო, თუ რატომ არსებობს შენი კომპანია და რის მიღწევა გსურს.
ორივე მათგანს, როგორც წესი, დამფუძნებელი ან აღმასრულებელი ხელმძღვანელი წერს. მათი დანიშნულება კი ბიზნესის ძირითადი მიზნის შესახებ ყველას, მათ შორის თანამშრომლებისა და გარე დაინტერესებულ მხარეების, ინფორმირებაა.
ხედვისა და მისიის რამდენიმე მთავარი დანიშნულების გამოყოფა შეიძლება:
– გავლენის მოხდენა იმაზე, თუ როგორ აღგიქვამენ
მისიისა და ხედვის მკაფიოდ ფორმულირებითა და მათი ვებსაიტზე (ან სხვა შესაბამის მედიუმში) წარდგენით, აუდიტორიას კომპანიის ღირებულებებს, სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებს აცნობ. ამით საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევ, ჩამოაყალიბოს სწორი აღქმა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს შენი კომპანია.
– თანამშრომლების შთაგონება
შიდა კულტურის განსაზღვრა და მისი თვალსაჩინოდ დემონსტრირება თანამშრომლების მოტივირებაში დაგეხმარება. ასევე, ისინი მეტად კონცენტრირებულები გახდებიან საერთო გეგმებსა და მიზნებზე.
– დაინტერესებული მხარეების წინაშე ვალდებულების აღება
მკაფიო განცხადების გაკეთებით – ,,ეს ვართ ჩვენ და ესაა ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ’’ – დაინტერესებულ მხარეებს კომპანიის სტაბილურობასა და მიზანზე ორიენტირებულობაში არწმუნებ. მისია და ხედვა არის ვალდებულება არა მხოლოდ შიდა მონაწილე მხარეების (მენეჯმენტი და თანამშრომლები), არამედ მომხმარებლების, პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წინაშე.
– გადაწყვეტილების მიღების პროცესის წარმართვა
ხედვა და მისია ერთგვარ სახელმძღვანელო პრინციპებადაც შეგიძლია გამოიყენო. ამიტომ, თუ რაიმეზე ეჭვი შეგეპარება, ორივე მათგანი გადაკითხე და ყველა გადაწყვეტილება მათ საფუძველზე შეაფასე.
როგორ დავწეროთ თქვენი ხედვა და მისია
რადგანაც ხედვისა და მისიის რაობა და მიზანი უკვე გაიგე, ახლა მეტად პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდეთ.
ორივე მათგანის წერის პროცესში შემდეგი რჩევები გამოგადგება:
– კარგად გაიაზრე კომპანიის კულტურა და სტრატეგია.
მისიისა და ხედვის მოკლედ ფორმულირებისთვის, პირველ რიგში, კომპანიის ღირებულებები და გეგმები უფრო ფართო კონტექსტში უნდა გესმოდეს.
თუ მისიასა და ხედვას ორ წინადადებაში ჩატევ, ესე იგი, გააზრებული გაქვს, თუ რას ემსახურება შენი კომპანია და რა მიზნები აქვს მას.
– წერე კონკრეტულად და ლაკონიურად.
მისიისა და ხედვის დაწერის მთავარი არსი ბიზნესის საერთო მიზნის პატარა, მართვად და სხვებისთვის ადვილად ასახსნელ იდეებად გადაქცევაა.
სწორედ ამიტომ, ორივე მათგანი მაქსიმალურად მოკლედ, მაგრამ ისე უნდა დაწერო, რომ გადასაცემი შეტყობინების მნიშვნელობა არ დამახინჯდეს. არაერთმა წარმატებულმა კომპანიამ მისია და ხედვა 15-ზე ნაკლებ სიტყვაში ჩაატია.
– იფიქრე იმაზე, თუ სად გსურს 5, 10 და 15 წელიწადში ყოფნა.
მისიისა და ხედვის წერისას მასშტაბურად უნდა იფიქრო. საუკეთესო სცენარებსა და გრძელვადიან მიზნებზე ფოკუსირდი, შემდეგ კი ეცადე ისინი რამდენიმე შთამაგონებელი სიტყვით გადმოსცე.
– ეცადე, იყო უნიკალური.
მისიისა და ხედვის წერისას, მაქსიმალურად შეეცადე, შენი ბიზნესშეთავაზების უნიკალურობა ისე აჩვენო, რომ მან კონკურენტებისგან გამოგარჩიოს.
ხედვისა და მისიის მაგალითები
წერის პროცესი რომ გაგიადვილდეს, კარგი მაგალითების ნახვაც აუცილებელია. გაეცანი ორ ნიმუშს რომელიც მარტივი, ლაკონიური და ამავდროულად მკაფიო მესიჯის მატარებელია.
ნიმუში 1
ხედვა: პირველადი სამედიცინო დახმარების ექიმებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ პაციენტზე მზრუნველობაზე.
მისია: ჩვენ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს უზრუნველვყოფთ ყველა იმ ინსტრუმენტით, რაც მათ პაციენტების უკეთ მოვლისთვის სჭირდებათ.
ნიმუში 2
ხედვა: სამყარო, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში ვირტუალურად სწავლა შეუძლია.
მისია: მსოფლიოს სასწავლო დაწესებულებებთან ადამიანების უახლესი ციფრული ტექნოლოგიის საშუალებით დაკავშირება.
დაბოლოს, მნიშვნელოვანი რჩევა – ხედვა და მისია იმდენად მარტივად უნდა ჩამოაყალიბო, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ნებისმიერ ადგილასა და დროს, ადვილად გააცნობიეროს და აღიქვას ისინი.