fbpx

ფინტექ სტარტაპმა SumUp €590 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

SumUp

ფინტექ სტარტაპმა SumUp €590 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

ფინტექ სტარტაპმა SumUp €590 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა, რამაც მისი ღირებულება €8 მილიარდამდე, ხოლო მოპოვებული დაფინანსებების ჯამური რაოდენობა €1.5 მილიარდამდე გაზარდა. დაფინანსების რაუნდს Bain Capital Tech Opportunities ხელმძღვანელობდა. მასში ასევე მონაწილეობდნენ BlackRock, btov Partners, Centerbridge, Crestline, Fin Capital, Sentinel Dome Partners და სხვები.

ცნობისთვის, SumUp დაარსდა 2012 წელს, ლონდონში. სტარტაპი თავისი ფინანსური მომსახურებებით მცირე სავაჭრო ობიექტებს ბიზნესის წამოწყებას, მართვასა და გაზრდას უმარტივებს. კერძოდ, SumUp-ის აპლიკაცია მომხმარებლებს უზრუნველყოფს უფასო ბიზნესანგარიშითა და ბარათით, ონლაინმაღაზიის შექმნისა და ინვოისის შედგენის სერვისით, დისტანციური და პირისპირი გადახდების მიღების შესაძლებლობებით, ასევე POS სისტემით.

10 წლის განმავლობაში სტარტაპმა 35 ქვეყანაში გაფართოება მოახერხა. ამჟამად, მის აპლიკაციას 4 მილიონზე მეტი ბიზნესი გამოიყენებს.

 „SumUp განუწყვეტლივ ვითარდებოდა, რათა მცირე ბიზნესების მზარდი და მრავალფეროვანი სფერო გადახდის გადაწყვეტილებებითა და ხელსაწყოებით გაეძლიერებინა… 30-ზე მეტ ქვეყანაში გაფართოების გზით, SumUp-ის ლიდერების გუნდმა კომპანიის მდგრადი და დაჩქარებული ზრდა უზრუნველყვეს’’, – აცხადებს Bain Capital Tech Opportunities-ის მმართველი დირექტორი დარენ აბრაჰამსონი და დასძენს, რომ სტარტაპმა პირდაპირი დადებითი გავლენა მოახდინა ამ ქვეყნებში არსებულ მცირე ბიზნესების ეკოსისტემებზე.

ფინტექი – გადახდების ინოვაციის ახალი ერა

ფინტექი - გადახდების ინოვაციის ახალი ერა

ბოლო წლების განმავლობაში გადახდების მეთოდები მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა პანდემიამ ციფრული ტრანსფორმაცია კიდევ უფრო მეტად დააჩქარა და ხელი შეუწყო, რომ სხვა ინდუსტრიებს შორის ფინტექი განსაკუთრებით განვითარებულიყო.

როგორც SumUp-ის თანადამფუძნებელი და მთავარი ფინანსური ოფიცერი აღნიშნავს, გლობალური საინვესტიციო საზოგადოებისგან სტარტაპი მუდამ იღებდა მხარდაჭერას, რათა თავისი მისია წარმატებით შეესრულებინა.

ძალიან ვამაყობ გუნდით, რომ დაფინანსების რაუნდი წარმატებით დახურა. ეს ჩვენს სიძლიერეზე, აღსრულების დონესა და პოტენციალზე მიუთითებს. მოზიდული თანხა დაგვეხმარება, განვაგრძოთ ჩვენი პროდუქტის ეკოსისტემის აგება და ახალ ბაზრებზე გაფართოება, ასევე დამატებითი ღირებულებების მომტანი შესყიდვები, – აცხადებს იგი.

აღსანიშნია, რომ SumUp-მა ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი შესყიდვა განახორციელა. კერძოდ, მან POS პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერები Goodtill (2020 წლის ნოემბერში) და Tiller (2021 წლის თებერვალში), ასევე გადახდების პლატფორმა Fivestars (2021 წლის ბოლოს) შეიძინა.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post