როგორ შექმნა ტექანტრეპრენერმა ორგანიზაცია Sunflower Relief
რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, უკრაინამ არაერთი ქვეყნისა და კომპანიისგან მიიღო ჰუმანიტარული დახმარება. თუმცა, მედიკამენტების, საკვების, ჰიგიენის პროდუქტებისა და გადაუდებელი საჭიროების სხვა რესურსების მხოლოდ შეწირვა არ არის საკმარისი, მარაგი უნდა მიეწოდოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ის რაც შეიძლება სწრაფად სჭირდებათ. საომარ ვითარებაში კი, მიწოდების ჯაჭვის უკანასკნელი ნაწილი განსაკუთრებით რთულად განსახორციელებელი აღმოჩნდა – ლოგისტიკური სირთულეების, ადგილობრივი პარტნიორების ნაკლებობისა თუ კომუნიკაციაში არსებული დაბრკოლებების გამო, ტერიტორიაზე მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაციები ვერ ახერხებენ მარაგების ქვეყნის შედარებით შიდა (განსაკუთრებით, სასოფლო) დასახლებებისთვის მიწოდებას და უკრაინელებისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული ნაწილი ქვეყნის საზღვარზე რჩება. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით შეიქმნა Sunflower Relief. ცხადია, ორგანიზაციის სახელწოდება შემთხვევითი არ არის – მზესუმზირას (ინგლ. Sunflower) თესლის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, მზესუმზირა ქვეყნის ეროვნული ყვავილია და ბოლო პერიოდში, რუსეთის სამხედრო ძალებისგან ქვეყნის დაცვის სიმბოლოდაც იქცა.
არაკომერციული ორგანიზაციის დამფუძნებელი ტექანტრეპრენერი, 37 წლის ირა არიელა ქაია. ის უკრაინაში დაიბადა და ლონდონში მოღვაწეობს (ამჯამად, Zamna-ის აღმასრულებელი დირექტორია), თუმცა ქაიას 70 წლის მამა და ნათესავები კვლავ ლვოვში იმყოფებიან. სწორედ მათთან საუბრისას გაიგო ჰუმანიტარული მარაგის მიწოდების ჯაჭვში დაბრკოლების შესახებ და გადაწყვიტა, თავისი ტექნოლოგიური ცოდნა და უკრაინაში არსებული კონტაქტები სამშობლოს დასახმარებლად გამოეყენებინა.
,,უკრაინელების უმეტესობას არ სურს [საკუთარი საცხოვრებლის] დატოვება. თუმცა, ამ ხანგრძლივი კონფლიქტისა და შეზღუდული ჰუმანიტარული დერეფნების ფონზე აუცილებელია, რომ მათ დაუყოვნებლივ ჰქონდეთ წვდომა რესურსებზე, მომსახურებასა და მხარდაჭერაზე’’, – აცხადებს ქაი.
მისი თქმით, ორგანიზაციები უნდა გაერთიანდნენ, რათა შეიქმნას ერთგვარი ურღვევი ჯაჭვი, რომელიც რესურსების დონაციის, მათი ქვეყნამდე მიტანისა და საბოლოო მიმღებამდე რაც შეიძლება სწრაფად მიწოდების პროცესებს შორის კავშირს დაამყარებს.
სწორედ, შესაბამისი ადამიანებისთვის, ყველაზე პრიორიტეტული საჭიროებების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებას უზრუნველყოფს სოციალური საწარმო. ის ორიენტირებულია ადამიანების გადაუდებელი მოთხოვნილებების სწრაფ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებაზე.
,,Sunflower მიზნად ისახავს ჰუმანიტარული დახმარების პროცესების უფრო ეფექტურად წარმართვას – დაწყებული ლოგისტიკური ხელშეწყობით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ საზღვართან მისვლას; დამთავრებული სამედიცინო მარაგისა და საკვების მიწოდებით მილიონობით ჩარჩენილი მოქალაქისთვის, რომლებიც საომარ ზონაში რჩებიან.
თუ გჭირდებათ მძღოლი, რათა თქვენი ოჯახი უსაფრთხოდ გადაიყვანოთ A წერტილიდან B წერტილამდე, ის გჭირდებათ ახლა და ასევე გჭირდებათ რესურსები ამ მძღოლის საპოვნელად. თუ გჭირდებათ გარკვეული სამედიცინო აღჭურვილობა კონკრეტულ ტერიტორიაზე, ჩვენ ვიპოვით გზას, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს დანიშნულების ადგილას’’, – აცხადებს ორგანიზაცია.
Sunflower სამ ენაზე – უკრაინულზე, პოლონურსა და რუსულზე – ოპერირებს. მას უკრაინაში, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში მცხოვრები, 200-ზე მეტი ნახევარ განაკვეთზე, ხოლო 20 სრულ განაკვეთზე მომუშავე მოხალისე ჰყავს და განაგრძობს რეკრუტირების პროცესს.
აღსანიშნია, რომ Sunflower Relief-ის უკრაინაში არსებული მოხალისეთა ჯგუფები ქმნიან წერილობით და ვიდეომასალებს იმის აღსაწერად, თუ რა ვითარებაა რეალურად ქვეყანაში.
,,ეს არის სმარტფონების და საინფორმაციო ომი, რადგან რუსეთი ბევრ ისეთ ვიდეოს ავრცელებს, რომლებიც ვიცით, რომ რეალობას არ ასახავს იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად ვესაუბრებით ჩვენს ოჯახებსა და მეგობრებს’’, – აღნიშნავს ქაი.
მისი თქმით, Sunflower Relief ცდილობს სწრაფად გაფართოვდეს, რათა ქვეყნის მიერ მიღებული დახმარება საზღვარზე არ დარჩეს. მასშტაბების გაზრდისა და უკრაინელებისთვის უფრო ეფექტური დახმარებისთვის კი, ცხადია, ფინანსური რესურსებია საჭირო. არსებული ცნობებით, Sunflower Relief-მა ამ დრომდე £300,000-ზე მეტი თანხა მოიზიდა კომპანიებისა და ინვესტორებისგან. მის მხარდამჭერებს შორის არიან Phoenix Court Works, Seedcamp, Point 9 Capital, Accel, Lightspeed, ასევე საინვესტიციო ფირმის Firstminute Capital-ის ხელმძღვანელი ბრენტ ჰობერმანი და Funding Circle-ის დამფუძნებელი სამირ დესაი.