ახალი აპლიკაცია Switch to Android მონაცემების iOS-იდან Android-ზე გადატანას გაგიმარტივებთ
Switch to Android – ეს არის Google-ის ახალი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი მონაცემების iOS-იდან Android-ზე მარტივად გადატანაში ეხმარება. ის App Store-ში Apple-ის მიერ 2022 წლის დასაწყისში დაშვებული მხარდაჭერის ,,Unlisted app distribution’’ ფარგლებში არის განთავსებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აპლიკაცია App Store-ის არცერთ კატეგორიაში არ ჩანს და მას ვერც საძიებო ველის დახმარებით იპოვით – Switch to Android-ზე წვდომის მოპოვება მხოლოდ სპეციალური ბმულით არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე Google არ აკეთებს კომენტარს იმის შესახებ, თუ როდის განთავსდება Switch to Android აპლიკაცია App Store-ში ოფიციალურად .
„Google-ის Switch to Android აპლიკაცია თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემების – ფოტოების, ვიდეოების, კონტაქტებისა და კალენდარში ჩანიშნული ღონისძიებების – სრულიად ახალ Android მოწყობილობაზე სწრაფად და უსაფრთხოდ, კაბელების გარეშე გადატანაში გეხმარებათ’’, – აღნიშნულია App Store-ზე აპლიკაციის აღწერაში.
აპლიკაციის დაინსტალირების შემდეგ პროცესი რამდენიმე საფეხურად იყოფა. პირველ რიგში, ახალ Android მოწყობილობაში ხელმისაწვდომი QR კოდის დასკანერებაა საჭირო, რის შემდეგაც, სისტემები ერთმანეთს უსადენოდ დაუკავშირდება. მეორე ეტაპზე მომხმარებელი ირჩევს, თუ რა ტიპის მონაცემების გადაწერა სურს [ამ საფეხურზე მოწყობილობაზე ლოკალურად შენახული ფოტოებისა და ვიდეოების გადაწერაა შესაძლებელი]; ხოლო მესამე ნაბიჯზე აპლიკაცია მას iMessage სერვისის გამორთვას სთხოვს, რათა მოკლეტექსტური შეტყობინებების ახალ მოწყობილობაზე მიღება შეძლოს. ბოლო, მეოთხე საფეხური კი iCloud-ზე არსებული ფოტოებისა და ვიდეოების გადატანას მოიცავს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე მონაცემების iOS-იდან Android-ზე გადატანა საკმაოდ მოუხერხებელი პროცესი იყო. ამისათვის მომხმარებელს ხელით უნდა აეტვირთა სასურველი ინფორმაცია Google Drive-ის ანგარიშზე და შემდეგ ის კვლავ ჩამოეტვირთა ან მოწყობილობების დასაკავშირებლად სპეციალური კაბელი უნდა გამოეყენებინა. მეორე მხრივ, მონაცემების Android-იდან iOS-ზე გადატანა 2015 წლიდან Apple-ის Move to iOS აპლიკაციით უკვე გამარტივებულია.