fbpx

როგორ შეუძლია ფინტექს თაობა Z-ის მხარდაჭერა პოსტკოვიდ რეალობაში

თაობა Z

როგორ შეუძლია ფინტექს თაობა Z-ის მხარდაჭერა პოსტკოვიდ რეალობაში

ადვილია ვიფიქროთ, რომ თაობა Z ყველაფრით უზრუნველყოფილია.  1996-2010 წლებს შორის დაბადებულ ადამიანებს არასოდეს უცხოვრიათ ინტერნეტისა და ჭკვიანი მოწყობილობების გარეშე. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით მათ წინამორბედ თაობაზე, მილენიალებზე (იგივე, თაობა Y), რომლებიც მძიმედ დაზარალდნენ გლობალური ფინანსური კრიზისითა და მისი შედეგებით. თანაც, თაობა Z-მ მემკვიდრეობით შედარებით ძლიერი ეკონომიკა და დაბალი უმუშევრობა მიიღეს. ერთ-ერთმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ისინი უფრო მოტივირებულები, ოპტიმისტები და გაწონასწორებულები იყვნენ, ვიდრე თაობა Y-ის წარმომადგენლები.

თუმცა, შემდეგ პანდემია დაიწყო და თაობა Z იქცა თაობა COVID-ად. ბევრმა დაკარგა სამსახური და ფინანსებზე საზრუნავი გაუჩნდა. თუ ამ ყველაფერს ახალ რეალობად ვაღიარებთ, მაშინ შეგვიძლია ასევე მივიჩნიოთ, რომ ფინანსური სერვისების ინდუსტრიას დახმარება ბევრი გზით შეუძლია. ეკონომიკის ამოძრავებასთან ერთად, ახალგაზრდების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იმ მომსახურების საშუალებით იქნება შესაძლებელი, რომლებიც ორიენტირებულია ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, განათლებასა და კრედიტზე ხელმისაწვდომობაზე.

შეცვლილი რეალობა

2020 წლის მოვლენებმა უკვე დიდი გავლენა მოახდინა თაობა Z-ზე – კვლევამ აჩვენა, რომ 10-იდან ერთმა სამსახური დაკარგა და თითქმის 60%-ის შემოსავალი შემცირდა.

ალბათ, პანდემიის ყველაზე მყისიერი და აშკარა გავლენა ახალგაზრდებზე იყო მათი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული თავდაჯერებულობის გაქრობა. კრიზისამდელ პერიოდში აღნიშნავდნენ, რომ თაობა Z უფრო აქტიურად გამოიმუშავებდა ფულს, ვიდრე მათი წინამორბედები. თუმცა, ახლა გამოკითხულთა 59% აცხადებს, რომ კორონავირუსმა მათ ფულთან დაკავშირებით შფოთვა და დაძაბულობა გაუჩინა.

კრედიტის გარეშე არაფრის შანსი

რა ნაწილში ერთიანდება ეს ფინანსური საზრუნავი? მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ეს ყველაფერი საკუთრებამდე დადის. ბოლო გამოკითხვაში, რომელშიც თაობა Z-ის 500 წარმომადგენელი მონაწილეობდა, 250-მა ადამიანმა (50%) სახლის ყიდვა მომდევნო ათწლეულის ყველაზე დიდ ცხოვრებისეულ გამოწვევად დაასახელა. შედარებისთვის, ამავე კითხვაზე უმუშევრობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, და პირადი ურთიერთობები შესაბამისად, გამოკითხულთა 34%-ის, 32%-ისა და 24%-ის პასუხი იყო.

ბევრ ადამიანს დაბალი დანაზოგი აქვს, შესაბამისად, კრედიტის აღება მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნის ,,გასაღებია’’. თუმცა, სისტემა აქაც ახალგაზრდების წინააღმდეგაა მოწყობილი. ისინი აცხადებენ, რომ იძულებულნი არიან მოიძიონ ძვირადღირებული მოკლევადიანი სესხები, რადგან ბანკებისგან კრედიტის მიღება უჭირთ. ამასთანავე, რაც უფრო მეტი ადამიანი აიღებს მოკლევადიან სესხს, ბანკები, შესაძლოა, უფრო ნაკლები ნდობით მოემსახურონ ახალგაზრდა კლიენტებს. აქ კი ერთგვარი წრე იქმნება, საიდანაც თავის დაღწევა ბევრისთვის რთული იქნება.

ფინტექის ინოვაციები ახალგაზრდებისთვის

ამ გზის გაგრძელების ნაცვლად, ფინანსური მომსახურების ფირმებმა უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა ამ ჯგუფის საჭიროებების ჭეშმარიტად დასაკმაყოფილებლად. ამისთვის ერთ-ერთი ვარიანტია საკრედიტო და დაკრედიტების ბარათების პროგრამების შექმნა, რომლებიც სპეციალურად ახალგაზრდებზე იქნება მორგებული.

მაგალითად, კომპანია Tymit სწორედ ამას საქმიანობს. ტრადიციული კრედიტის პარალელურად, ის მომხმარებელს სთავაზობს ,,იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით’’ (BNPL) ბარათს. აღნიშნული სერვისის საშუალებით, მსურველებს თანხის დაფარვის ინდივიდუალური გეგმის შექმნა შეუძლიათ, პირველი სამი თვის გადასახადზე ნულოვანი პროცენტით. თუ მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ, ბარათის მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ დაფარვა 6, 12, 24 ან 36-თვიანი განვადებით. ეს ყველაფერი კი არის კლიენტების საკრედიტო ქულების დაცვისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი არასოდეს მოხვდებიან ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოტოვებენ გადახდებს ან ვერ აანაზღაურებენ ბალანსს.

ფინანსურ სერვისებში კიდევ ერთი საინტერესო ინოვაცია არის Apple-ის მიერ შემოთავაზებული საოჯახო საკრედიტო ბარათი. ის მშობლებს საშუალებას აძლევს თავიანთი ბარათები 13 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს გაუზიარონ, როგორც ფინანსური განათლების ერთგვარი ინსტრუმენტი. ეს სრულიად ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ თაობა Z-ის სამი მეოთხედის თანახმად, ფინანსური ცოდნის უდიდესი ნაწილი მშობლებისგან აქვთ მიღებული. ამასთანავე, მათ ნახევარზე მეტს ფინანსური საკითხების შესწავლა 11-14 წლის ასაკში სურს.

დაბოლოს, დასკვნის სახით რომ ვთქვათ, დაუცილებელია, რომ სექტორი ზემოთ აღნიშნულ მაგალითებს მიჰყვეს და ახალგაზრდებს მიზნობრივი სერვისები მიაწოდოს.


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს MVP.GE-ის პოზიციას. 

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post