fbpx

ქართული სტარტაპები: Theneo

theneo-mvp.ge

ქართული სტარტაპები: Theneo

Theneo – ასე ჰქვია ქართულ სტარტაპს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ანა რობაქიძემ და მარია დოლიაშვილმა დააფუძნეს და რომლის მისიაც API დოკუმენტაციის გამარტივებაა. მნიშვნელოვანია, რომ Theneo მისი გუნდის წევრების დიდი გამოცდილებით შეიქმნა და დღეს უკვე ამ აპლიკაციით 1500-ზე მეტი კომპანია სარგებლობს.

როგორ გადაწყდა Theneo-ს შექმნის ამბავი და როგორ განვითარდა მისი გზა Y Combinator-ამდე? ამაზე ანი რობაქიძე გვიამბობს:

Theneo-ს იდეა

ერთ-ერთი შეხვედრისას მე და ჩემი მეგობარი, მარია დოლიაშვილი ვსაუბრობდით, თუ რამდენ უხარისხო დოკუმენტაციასთან გვიწევდა ყოველდღიურად ურთიერთობა. ვთქვით, რომ API დოკუმენტაციაზე ორიენტირებული პლატფორმის არსებობის შემთხვევაში უამრავ დროსა და ენერგიას დავზოგავდით. ვცადე, API დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ყველა პლატფორმა,თუმცა, არც ერთმა მომცა სასურველი შედეგი. ამრიგად, გადავწყვიტეთ, თავად შეგვექმნა პლატფორმა, რომელსაც თავადაც გამოვიყენებდით და მოგვცემდა ტექ. გიგანტების დონის API დოკუმენტაციის აწყობის საშუალებას. Მოგეხსენებათ, დეველოპერები, როგორც წესი, გამართულად წერის უნარებით არ გამოირჩევიან, ამიტომ გადავწყვიტეთ, კონტენტის სრულ ავტომატიზაციაზეც გვეზრუნა და,შესაბამისად, API დოკუმენტაციის შექმნის პროცესი იმდენად გაგვემარტვებინა, რომ გუნდის ნებისმიერ არატექნიკურ წევრსაც შეძლებოდა მისი აწყობა და რედაქტირება.

Theneo-ს მისია

მოგეხსენებათ, უხარისხო API დოკუმენტაცია აფერხებს ინტეგრაციას და ანელებს ზოგადად პროექტის წინსვლას. თუ დოკუმენტაცია ხარისხიანი, ინტერაქციული და მარტივად გასაგებია, ინტეგრაციაც მარტივი და წარმატებული იქნება. Ჩვენი მთავარი მომხმარებლები ინჟინრები არიან – ისინი დოკუმენტაციის წერას დიდხანს უნდებიან ხოლმე, ხშირად ეზარებათ, რადგან აკადემიური წერის უნარებით ვერ დაიკვეხნიან. Ჩვენ მათ ამ პროცესს უკიდურესად ვუმარტივებთ, რადგან კონტენტის სრულ ავტომატიზაციასაც ვთავაზობთ; გარდა ამისა, Theneo-ს მეშვეობით გუნდის არატექნიკურ წევრსაც კი შეუძლია API დოკუმენტაციის აწყობა და რედაქტირება. C-level არატექნიკური წევრები თუ მენეჯერები აღარ არიან დამოკიდებული დეველოპერის ძალისხმევაზე.

გუნდი

თენეო დავაფუძნეთ მე, ანა რობაქიძემ და მარია დოლიაშვილმა. Მე წლების განმავლობაში ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ვმუშაობდი  ნიუ-იორკში. მარია კი ხელოვნური ინტელექტის ექსპერტია, Theneo-მდე Microsoft-ში მანქანური სწავლების ინჟინრად მუშაობდა, იქამდე კი Facebook-ში, Twitter-ში, Google-სა და სხვა კომპანიებში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროექტებთან ჰქონდა შეხება. Ჩვენი გუნდი ჯერჯერობით პატარაა, ჩემი და მარიას გარდა, მოიცავს მარკეტინგის ექსპერტს, ოპერაციულ მენეჯერს, Front-end და full stack დეველოპერებს. ახლახან ჩვენს გუნდს შემოუერთდა ორი არაჩვეულებრივი წევრი საქართველოდან, პირველი მანქანური სწავლების ინჟინერია, მერე კი UX დიზაინერი.

API სერვისები

მოკლედ რომ ავხსნათ, API არის მარტივი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ინფორმაციას გზავნის ვებგვერდს/აპლიკაციასა და მომხმარებელს შორის. Წარმოიდგინეთ, რომ არ გაქვთ მობილური ტელეფონი,  იმყოფებით სახლში და გსურთ, მეზობელს რეცეპტი გამოართვათ. თქვენ დაკავებული ხართ,  ამიტომ მეზობელთან შვილს გზავნით შეტყობინების გადასაცემად. Ბავშვი გარბის, იღებს რეცეპტს და თქვენთან მოაქვს. ამ მაგალითის მიხედვით, თქვენი შვილი არის API. თქვენც და მეზობელიც იქ რჩებით, სადაც აქამდე იყავით, ბავშვს კი შეტყობინება მეზობელთან მიაქვს, შემდეგ კი მისი პასუხი უკან მოაქვს. API მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტებისთვის არაა, დღეს კომპანიების უმრავლესობას, რომლებსაც ციფრული მომსახურება ან პროდუქტი გააჩნიათ, აქვთ თავიანთი API. მაგალითისთვის, ჩვენს პლატფორმას ფინტექ კომპანიების გარდა იყენებენ e-commerce და აგრარულ ინდუსტრიასთან დაკავშირებული კომპანიებიც.

რაც შეეხება API პროგნოზებს, Postman-ის და Swagger-ის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, ისინი ჩამოყალიბდნენ 2010-იანი წლებს პირველ ნახევარში და მომხმარებლებს API-სთან დაკავშირებულ ჰაბს უფრო სთავაზობდნენ, ვიდრე ერთ კონკრეტულ სერვისს. დღესდღეობით შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ახალი კომპანიები არჩევენ API-სთან დაკავშირებულ ერთ კონკრეტულ ხაზს, მაგალითად უსაფრთხოებას ან მონიტორინგს და ამ პროდუქტზე ფოკუსირდებიან. ვფიქრობ, ეს ტენდენცია მალე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.

პირველი ნაბიჯები

Theneo-ს ბეტა ვერსია აგვისტოს დასაწყისში გავუშვით, კომპანია კი ოფიციალურად ოქტომბერში დაარსდა, შესაბამისად, Theneo ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპია. ჯერ გვიჭირს, დავასახელოთ თუ რომელი ნაბიჯი იყო წარმატებული და რომელი – წარუმატებელი, ამას დრო გვაჩვენებს. ამ ეტაპზე ძალიან სწრაფად და ძალიან ბევრ სიახლეს ვუშვებთ პლატფორმაზე. ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპისთვის მნიშვნელოვანია, რომ მრავალი სტრატეგია და გადაწყვეტილება შეამოწმოს, რათა ნახოს, თუ რომელი მათგანი გამოდგება წარმატებული ხანგრძლივ პერსპექტივაში.

ზრდა, მომხმარებლები, მეტრიკები

Theneo-ს დღესდღეობით 1500-ზე მეტი კომპანია იყენებს. API დოკუმენტაციის შექმნის შემდეგ, შესაძლოა, მომხმარებელს რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი ცვლილება არ დასჭირდეს, ამრიგად, Ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, როგორ დავაბრუნებთ მომხმარებელს პლატფორმაზე ხშირად; ამისთვის ანალიტიკასა და სხვა ახალ-ახალ ფუნქციებს ვიყენებთ. Retention rate-ზე ზრუნვა ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობისაა.

Ჩვენ სულ ახლახან გავხადეთ ხელმისაწვდომი  ბიზნეს და პრემიუმ პაკეტები, ამრიგად, ამ ეტაპზე ორიენტირებული MRR-ი (Monthly Recurring Revenue) ზრდასა და მონიტორინგზე ვართ.

TBC ბიზნესდაჯილდოება

Როგორც აღვნიშნე, Theneo-ს ბეტა ვერსია აგვისტოში გავუშვით, მას შემდეგ მოვიგეთ GITA-ს 100 000-ლარიანი საგრანტო კონკურსი, TBC Apps Challenge 2021 და გავხდით ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი ნომინაციაში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის.”კომპანიის დაარსებიდან ხანმოკლე დროში ასეთი აღიარება ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნოა. ესაა ერთ-ერთი მნიიშვნელოვანი პოზიტური ფაქტორი და ვალიდაციის წყარო მომხმარებლებთან და ინვესტორებთან კომუნიკაციის დროსაც.  გვიხარია, რომ საქართველოში ამხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ, ყველგან, ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ესაა სტარტაპი საქართველოდან და რომ გუნდის წევრთა უმრავლესობაც ქართველია.

ინვესტიციები და ინვესტორები

ამ ეტაპზე ჩვენი წამყვანი ინვესტორი Y Combinator არის, რომელიც $500 000 დოლარის ინვესტიციით შემოვიდა; გარდა ამისა, გვყავს რამდენიმე სხვა ინვესტორიც, მათ შორის – საქართველოდანაც. ჯამურად თითქმის $1 მლნ დოლარის ინვესტიცია გაკეთდა.

Ზოგადად, საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა დღითიდღე უმჯობესდება, ერთის წარმატება ყველას წარმატებად აღიქმება და ყველა ერთმანეთისგან ვსწავლობთ. დამწყებ სტარტაპებს აუცილებლად ვურჩევდი, რომ ისეთი ინვესტორების სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი, რომელთაც მათი პროდუქტი ესმით და რომელთაც მსგავს პროდუქტში ადრეც გაუკეთებიათ ინვესტიცია.

Y Combinator

Y Combinator ყველაზე პრესტიჟული სტარტაპ აქსელერატორია. ის ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს ბიზნეს მოდელისა და სერვისის დახვეწაში ეხმარება. ჯამურად YC-ს მიერ დაფინანსებული კომპანიების ღირებულება 600 მილიარდ დოლარს აჭარბებს. YC- ს მხარდაჭერის მქონე კომპანიებია: Stripe, Airbnb, PagerDuty, DoorDash, Dropbox, Reddit და სხვები, შესაბამისად, მისი მხარდაჭერის მოპოვება ძლიერი ვალიდაციის ტოლფასია. YC-ს ამოსავალი დებულებაა ,,შექმენი პროდუქტი, რომელიც ხალხს უყვარს” – ამ სამთვიანი პროგრამის განმავლობაში სწორად ამ შედეგის მიღწევას ვცდილობთ. ვიღებთ ისეთ გამოცდილებას, რომელსაც სხვაგან ვერსად მივიღებდით. ყოველკვირეულად ვხვდებით გიგანტური კომპანიების დამაარსებლებს, ისინი გვიზიარებენ თავიანთი გამოცდილებისა და სირთულეების შესახებ. ყოველდღიურად ვმუშაობთ ბიზნესმოდელისა და პროდუქტის გაუმჯობესებაზე.

YC-ში მოხვედრა ყველა სტარტაპისთვის საოცნებო მოვლენაა, ასე რომ თავიდანვე ვიცოდით, რომ ბედს აუცილებლად ვცდიდით, თუმცა არ ველოდით, რომ ახალ დაარსებულ კომპანიას პირველივე ჯერზე ასე გაგვიმართლებდა.

ინტერვიუ

განსაკუთრებულ ყურადღება ინტერვიუს პროცესში სამ ფაქტორს ექცევა, ესენია: გუნდი, ბაზარი და ზრდა. Მნიშვნელოვანია, გუნდის წევრების ძლიერი ტექნიკური ფონი, ასევე ის, თუ რამდენად კარგად ესმით მათ ბაზარი, რომელშიც ოპერირებენ.

ინტერვიუ მხოლოდ 10 წუთს გრძელდება, რომელზეც კონტროლი საერთოდ არ გაქვს, რაც ამ 10 წუთს კიდევ უფრო ართულებს. Მომზადების პროცესში Მე და მარია ვაწყობდით მოდელირებულ ინტერვიუებს, ვცდილობდით, ყველა სავარაუდო კითხვაზე გვქონოდა პასუხი, ვინაწილებდით თემებს და, რაც შეიძლება, კრიტიკულად ვუდგებოდით პასუხებს. ინტერვიუს შემდეგ ორივე უკმაყოფილო ვიყავით, გვქონდა განცდა, რომ საკმარისად კარგად ვერ წარვადგინეთ ჩვენი პროდუქტი. Როცა დადებითი პასუხი გვაცნობეს, გვითხრეს, რომ ძალიან მოიხიბლენ ჩვენი დინამიკითა და ძლიერი ტექნიკური გამოცდილებით, რის გამოც საბოლოოდ ნდობა გამოგვიცხადეს.

მოლოდინები

Სამთვიანი პროგრამა გვირგვინდება Demo Day-ით, რაც ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღეს პროდუქტს წარვადგენთ უამრავი პოტენციური ინვესტორის წინაშე. როგორც აღვნიშნე, YC-ის მხარდაჭერის ქონა ძლიერი ვალიდაციაა. იმის მიუხედავად, რომ სტარტაპი დიდ რისკებთან ასოცირდება და ზუსტად ვერავინ ივარაუდებს, ის წარმატებული აღმოჩნდება თუ არა, როგორც ინვესტორებს, ისე მომხმარებლებსა და გუნდის პოტენციურ წევრებს მეტი ნდობა და იმედი უჩნდებათ მის მიმართ, რაც ჩვენს ყოველდღიურობას, ცხადია, ამ კუთხით უფრო გაამარტივებს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post