fbpx

Truth Social უკვე ხელმისაწვდომია Apple App Store-ში

Truth Social

Truth Social უკვე ხელმისაწვდომია Apple App Store-ში

დონალდ ტრამპის სოციალური ქსელი Truth Social უკვე ხელმისაწვდომია iOS-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია Apple App Store-ში 20 თებერვალს, კვირას, გვიან ღამით განთავსდა და ორშაბათ დილისთვის მისი ჩამოტვირთვები პირველ ადგილს იკავებდა.

გაზრდილი მოთხოვნის გამო, მომხმარებლებმა, რომლებიც ანგარიშის შესაქმნელად თავიანთ დაბადების თარიღს, ელფოსტის მისამართს ან ტელეფონის ნომერს უთითებდნენ, რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი ხარვეზის შესახებ მიიღეს შეტყობინება. ხოლო ზოგიერთი ადამიანი (რომელთაც რეგისტრაციის გავლა მოახერხეს) იუწყებოდა, რომ მომლოდინეთა სიაში მოხვდა და რიგის ნომერი მიიღო. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებმაც Truth Social წინასწარ შეუკვეთეს, მათ მოწყობილობებში აპლიკაცია ავტომატურად ჩამოიტვირთა.

Truth Social ამჟამად მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. თუმცა, კომპანიის განცხადებით, ისინი გაფართოებაზე მუშაობენ. ამის გარდა, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის ჩაეშვება აპლიკაცია Google Play Store-ში.

,,Truth Social არის სოციალური მედიაპლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ღია, თავისუფალ და გულწრფელ გლობალურ დიალოგს, პოლიტიკური იდეოლოგიის დისკრიმინაციის გარეშე. Truth Social-ის მოხმარება ამჟამად მხოლოდ აშშ-ში მცხოვრებ პირებს შეუძლიათ, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ, რომ ის თქვენს ქვეყანაშიც გახდეს ხელმისაწვდომი’’, – ვკითხულობთ სოციალური ქსელის ვებგვერდზე.

გავრცელებული ინფორმაციით, Truth Social საკმაოდ ჰგავს ტვიტერს. სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტებს Truths (Tweets-ის მსგავსად); მათ გადაზიარებას ReTruth (ანალოგი – Retweet); ხოლო ახალი ამბების ლენტს, რომელშიც ისინი მომხმარებლებს შეხვდება, Truth Feed ეწოდება. ჯერ-ჯერობით დამუშავების პროცესშია პირადი შეტყობინებების გაგზავნის ფუნქცია.

ცნობისთვის, პლატფორმაზე 2021 წლის თებერვალში დაფუძნებული Trump Media & Technology Group (TMTG) მუშაობდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კი ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი დევინ ნუნეზია.

აღსანიშნია, რომ საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტვიტერზე (სამუდამოდ), ფეისბუკზე, ინსტაგრამსა და იუთუბზე მისი ანგარიშები დაიბლოკა. საქმე ეხებოდა 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კონგრესის გაერთიანებული სხდომისას (როდესაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტად უნდა დაემტკიცებინათ) ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრასა და ყოფილი პრეზიდენტის მიერ, განვითარებული მოვლენების შესახებ, მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას სოციალურ ქსელებში. კომპანიებმა ტრამპის ანგარიშები წესების დარღვევისა და ძალადობის წახალისების რისკის გამო დაბლოკეს. სწორედ გასულ წელს დააანონსა მან ახალი მედიაკომპანიისა და აპლიკაციის შექმნა, რომელთა მიზანი ტექნოლოგიური გიგანტების ტირანიისთვის კონკურენციის გაწევა იქნებოდა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post