ქართული სტარტაპები: TTM
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი წლიური მონაცემების თანახმად, მხოლოდ 2020 წელს საქართველოში 4999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 6640 მოქალაქის დაზიანება და 450 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. აღსანიშნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, – ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” და ,,ტრანსპორტის და გზების ასოციაცია”, – თქმით, საქართველოში საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა არის ვახტანგ იაშვილისა და გიორგი ესვანჯიას მიერ დაფუძნებული ქართული სტარტაპის TTM (Total Traffic Management) მთავარი მიზანი.
იდეა
TTM-ის შექმნის იდეა 2017 წელს, საქართველოში მომხდარ ერთ-ერთ გახმაურებულ, სიჩქარის გადაჭარბების გამო მომხდარ და მსხვერპლით დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება – ,,სწორედ მაშინ დავფიქრდით – ნუთუ არ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც სიჩქარის ლიმიტის დაცვას ავტომატურად უზრუნველყოფს?!’’. საკითხის მოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ მსგავსი შეთავაზება ბაზარზე არ არსებობდა და ამიტომაც, აღნიშნულ სფეროში გამოუცდელობის მიუხედავად, პრობლემის მიმართ ღრმა ინტერესმა მათ სტარტაპის დაფუძნება გადააწყვეტინა.
პრობლემა და პროდუქტი
,,კომერციული ფლოტის უსაფრთხოების ეფექტური მართვისთვის ბიზნესი ფლოტის მონიტორინგის ტექნოლოგიებს იყენებს, თუმცა წესების დარღვევის პრევენციას ვერ ახერხებს. ჩვენი ტექნოლოგიის ინტეგრაციით კი, შესაძლებელია ავტომობილთან ინტერაქცია, რაც აგრესიული მართვის კონტროლს გაცილებით აუმჯობესებს და ზრდის როგორც მძღოლთა, ასევე ქვეითთა და გზაზე მოძრავი სხვა ავტომობილების უსაფრთხოებას’’, – აღნიშნავენ დამფუძნებლები.
უფრო გასაგები რომ იყოს, TTM-ის პროდუქტი ავტომობილის სიჩქარის რეგულირების ჭკვიანი მოწყობილობაა, – ISA (Intelligent Speed Assistant), – რომელიც GPS მოწყობილობასთან ერთად, ავტომატურად უზრუნველყოფს სიჩქარის დაცვას გზის არსებულ მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, ამცირებს საწვავის ხარჯსა და, რაც მთავარია, ტრანსპორტირების უსაფრთხოებას ზრდის. ISA მაგრდება აჩქარების პედალზე და ის თავსებადია თითქმის ყველა ტიპის ავტომობილთან, მათ შორის, ჰიბრიდულ და ელექტროავტომანქანებთან.
ბიზნესმოდელი
TTM ზემოთ აღნიშნულ მზა პროდუქტს აწვდის GPS მონიტორინგის კომპანიებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიის ბაზაზე ფლოტის მართვის გაუმჯობესებულ სერვისებს ქმნიან. დამფუძნებლების თქმით, სტარტაპი შემოსავალს როგორც გაყიდვებით, ასევე ფლოტის პროგრამული მართვის გადასახადით იღებს.
კონკურენტუნარიანობა
ვახტანგისა და გიორგის თქმით, სტარტაპის მიერ შექმნილი მოწყობილობა ნებისმიერი მონიტორინგის პლატფორმისთვისა და GPS ტრეკერისთვის უნივერსალურია – ,,ეს აადვილებს ტექნოლოგიის ,,ჩამატებას” უკვე არსებულ სერვისის პროვაიდერებთან’’. რაც შეეხება მათი კონკურენტების მოწყობილობებს, ისინი თავსებადია მხოლოდ მათ პლატფორმასთან და კონკრეტულ ტრეკერებთან.
თავსებადობის გარდა, TTM-ის დამფუძნებლები ტექნოლოგიის ღირებულებაზეც საუბრობენ – მათი თქმით, სტარტაპის პროდუქტი, კონკურენტებთან შედარებით, 30%-ით უფრო იაფია.
ბაზარზე პირველი ნაბიჯები და დღევანდელი TTM
,,თავდაპირველად გვინდოდა, ჩვენით მივწვდომოდით კომერციულ ფლოტებს, თუმცა პრაქტიკაში გავიაზრეთ, რომ გარკვეული კომპანიები უკვე ემსახურებიან ათიათასობით ავტომობილს და ტექნოლოგიის მათი გავლით გაყიდვა ბევრად გამართლებული იქნებოდა’’, – ამბობენ დამფუძნებლები და დასძენენ, რომ სწორედ ამ მიზეზით, პარტნიორული ურთიერთობები დაამყარეს სხვადასხვა დიდ კომპანიასთან, რომელთაც გაყიდვების არხებად იყენებენ.
ამჟამად TTM საქართველოსა და ლატვიაში ოპერირებს. მისი მოწყობილობა ასევე ინტეგრირებულია საერთაშორისო GPS მონიტორინგის პლატფორმაზე, რომელიც 130 ქვეყანას ემსახურება. ამასთანავე აღსანიშნია, რომ სტარტაპის პროდუქტი ამ ეტაპზე ევროსტანდარტების მიხედვით სერტიფიცირებას გადის.
სირთულეები
,,ავტოინდუსტრია საქართველოში არ არსებობს. აქ არც პროდუქტი იქმნება და არც სერვისი – ყველაფერს სხვების მაგალითზე ვახორციელებთ. მსოფლიოში კი, ამ მხრივ ძალიან გარდამტეხი პერიოდია. თუმცა, ავტოტექნოლოგიები უკვე მძღოლის კულტურაზე მეტად არის განვითარებული, რაც ამ ტექნოლოგიების ბაზარზე დანერგვას ძალიან აფერხებს. ვფიქრობთ, მალევე გაიაზრებს ხალხი ავტონომიური ტექნოლოგიების ღირებულებებს და შემდეგ ეს პროცესი უფრო დაჩქარდება. 2050 წელს ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული 0 დაზიანება – ესაა განვითარებული მსოფლიოს გეგმა’’, – ამბობენ დამფუძნებლები და ხუმრობენ კიდეც, რომ ამ სფეროში არსებული სირთულეებისა და სტარტაპის მიერ გასავლელი გზის შესახებ ყველაფერი წინასწარ რომ სცოდნოდათ, ამ საქმეს ხელს არ მოკიდებდნენ – ,,რამდენჯერმე დანებებაზეც გვიფიქრია, მაგრამ მონდომებისა და შრომის შემდეგ ახალი შესაძლებლობები გამოჩენილა… დღეს სრულიად სხვა ადამიანები ვართ – პროექტის განვითარებისას 8 ევროპულ ქვეყანაში ვიყავით და ზღვა გამოცდილება მივიღეთ; ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, დავმეგობრდით; სხვანაირად დავინახეთ მსოფლიო ეკონომიკა’’.
დღევანდელობამდე მოსასვლელად უამრავ ენერგიასა და დროსთან ერთად, ცხადია, ფინანსებიც საჭირო იყო. რაზე წვდომაც, ვახტანგისა და გიორგის თქმით, სტარტაპის განვითარების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო – ,,ავტოინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტებისა და რეგულაციების მქონე სფეროა. როდესაც საქმე ავტოპროდუქტის შექმნას ეხება, აღნიშნულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ძალიან რთულია. ამას ერთვის ისიც, რომ საქართველოში არავითარი შესაბამისი ტექნოლოგია, სატესტო ლაბორატორია და მასერტიფიცირებელი ორგანიზაცია არ არსებობს. აქედან გამომდინარე, პროექტი მაღალხარჯიანი და მაღალრისკიანია, ამიტომაც მასში ინვესტიცია, განსაკუთრებით საქართველოში, თითქმის არავის უნდა’’.
ინვესტიციები
მაღალრისკიანობის მიუხედავად, TTM-მა 3 წლის განმავლობაში ექვსჯერ მოახერხა დამატებითი ფინანსების მოპოვება. კერძოდ, სტარტაპმა 2019 წელს ჯიტას 100 000-ლარიანი გრანტი; 2020 წელს საქართველოს უნივერსიტეტისგან 5 000 და GeoGPS-ისგან 10 000 ევრო; 2021 წელს კი ჯიტას 250 000-ლარიანი გრანტი, ასევე Baltic Tech Ventures-ისგან 15 000 და საქართველოს უნივერსიტეტისგან 25 000 ევრო მიიღო.
სამომავლო გეგმები
სტარტაპის მთავარი სამომავლო გეგმები საქართველოს სატრანსპორტო უსაფრთხოების გაზრდასა და გაუმჯობესებას უკავშირდება – ,,ავტომობილების უსაფრთხო P2P გაზიარების მომსახურების დანერგვა TTM-ის ტექნოლოგიის ბაზაზე, ასევე საქალაქო და საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღჭურვა და ჩვენი ტექნოლოგიით მენეჯმენტი – ამ ეტაპზე, ამ ორი მიზნისკენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს’’.
დამფუძნებლები ამბობენ, რომ საქართველოში წარმატებული ოპერირების შემდეგ, ამავე მომსახურებებს სტარტაპი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაყიდის.
რჩევა სტარტაპებს
ვახტანგისა და გიორგის თქმით, იდეის გაჩენის შემდეგ ადამიანებს საქმის დიდი ნაწილი შესრულებულად მიაჩნიათ; ფიქრობენ, რომ ყველაფრის ორგანიზებას უცებ მოახერხებენ და შედეგსაც მალევე იხილავენ – ,,ეს ასე არასდროს ხდება! იცოდეთ, რომ უცბად არაფერი ხდება; ყველაფერი ზღვა შრომასა და გამოცდილებას მოითხოვს. მზად უნდა იყოთ სირთულეებისთვის, კრიტიკისთვის, ჩავარდნებისთვისა და კონფლიქტებისთვის. თუ ამის გამბედაობა არ გაქვთ და სწრაფად, იოლად გამდიდრება გსურთ, შედეგზე ვერ გახვალთ’’ – აღნიშნავენ დამფუძნებლები და დასძენენ, რომ ამ ,,მძიმე ტვირთის’’ გადასატანად მთავარი კომპონენტი გუნდია.
TTM სტარტაპებს ინვესტორებთან დაკავშირებითაც უზიარებს რამდენიმე რჩევას:
,,• ეცადეთ, პირველადი ხარჯები თავად გასწიოთ, ან გრანტი გამოიყენოთ.
• გახსოვდეთ, რომ იდეაში ფულს არ იხდიან – შედეგები დადეთ.
• ინვესტორებს მხოლოდ ფინანსები აინტერესებთ – ისინი ეძებენ გუნდს, რომელიც თავისი პროექტით ფულს მოიტანს’’.