fbpx

TytoCare – სამედიცინო გამოკვლევების ხელსაწყოების ნაკრები

TytoCare

TytoCare – სამედიცინო გამოკვლევების ხელსაწყოების ნაკრები

ბავშვები მჭიდრო ურთიერთკავშირში არიან მიკრობებთან, ხველასთან, გაციებასთან და ყურის ინფექციებთან. ეს ორი შვილის აღზრდისას დედი გილადმა თავად გამოცადა. წუხილში გათენებულმა ღამეებმა და მიკრობებით სავსე სასწრაფო დახმარების ოთახებში ხშირმა ვიზიტებმა, თანაც მათში მოსახვედრად ხანგრძლივმა ლოდინმა მას აფიქრებინა, რომ ამ საკითხის მოგვარების რაიმე გზა აუცილებლად უნდა არსებობდეს, – სწორედ ამ გამოცდილებიდან გაჩნდა TytoCare-ის შექმნის იდეა. საბოლოოდ კი, 2012 წელს, გილადმა ოფერ ძადიკთან ერთად ისრაელში დააარსა კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ნებისმიერ დროსა და ადგილას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისა და ექიმთან დაკავშირების შესაძლებლობას, ასევე შესაბამისი დანიშნულების მიღების საშუალებას აძლევს. ამ ყველაფერს კი პორტატიული სამედიცინო ნაკრებითა და აპლიკაციის მეშვეობით უზრუნველყოფს.

 

მართალია, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ექიმებთან სატელეფონო კონსულტაციების შესაძლებლობები, თუმცა, სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმების ამ სახით ჩატარება რთულია. TytoCare-ის პროდუქტების გამოყენებისას კი, ეს პრობლემა სრულად აღმოიფხვრება. ფილტვების მოსმენა და გულისცემის შემოწმება; ყურის შიდა ნაწილისა და დაფის აპკის, ასევე ყელისა და კანის მდგომარეობის გადამოწმება; ტემპერატურის, სატურაციისა და არტერიული წნევის გაზომვა – ეს ის სამედიცინო კვლევებია, რომლების ჩატარებაც პაციენტებს ვიდეოკონსულტაციისას ექიმის მითითებით შეუძლიათ; ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობა ინსტრუქციაზე დაყრდნობით, დამოუკიდებლად გადაამოწმონ და შედეგები პროვაიდერს გადაუგზავნონ, რათა 24 საათის განმავლობაში კონსულტაცია და შესაბამისი რჩევები მიიღონ.

TytoCare მომხმარებლებს 3 პროდუქტს სთავაზობს, ესენია: TytoHome, TytoPro და TytoClinic. თითოეული მათგანის ფუნქციები და მოწყობილობების ნაკრები ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდება, თუმცა პროდუქტების მთავარი დანიშნულება ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობების გამოვლენაა, როგორებიცაა ყურის ინფექციები, ყელის ტკივილი, ცხელება, გაციება და გრიპი, ალერგიები, მუცლის ღრუს პრობლემები, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და ა.შ.; ასევე ქრონიკული მდგომარეობის მონიტორინგი.

რა არის ტელემედიცინა?

ტელემედიცინა

ტელემედიცინა საშუალებას აძლევს ჯანდაცვის სპეციალისტებს, შეაფასონ, დაადგინონ და უმკურნალონ პაციენტებს დისტანციურად სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მიდგომამ დიდი ევოლუცია განიცადა ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ბევრ ქვეყანაში ის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.

TytoHome-ის, TytoPro-ისა და TytoClinic-ის მთავარი და საერთო შემადგენელი ნაწილები არის Tyto მოწყობილობა; Tyto ოტოსკოპი, სტეტოსკოპი და ენაზე დაწოლისთვის განკუთვნილი ადაპტერები. Tyto მოწყობილობა არის პატარა ზომის, LED ეკრანის მქონე აპარატი, რომელსაც აქვს ციფრული თერმომეტრი და კამერა. მის უკანა მხარეს კი მაგრდება ოტოსკოპი, სტეტოსკოპი და ენაზე დასაწოლი ხელსაწყო.

სანამ მომხმარებელი Tyto მოწყობილობას გამოიყენებს, მან უნდა ჩამოტვირთოს TytoCare აპლიკაცია, რომელსაც Android და iOS მხარდაჭერა აქვს. შემდეგ შევიდეს სისტემაში და პაციენტის პროფილი შექმნას. საბოლოოდ, მას შეეძლება მოითხოვოს კონსულტაცია ექიმთან და მისი მითითებით Tyto მოწყობილობა მოიხმაროს. მას მერე, რაც სამედიცინო პერსონალი იხილავს სიმპტომებს და შემოწმების შედეგებს, ის პაციენტს, საჭიროების შემთხვევაში,  დანიშნულებას გაუგზავნის.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post