fbpx

რას ნიშნავს სტარტაპის USP?

რას ნიშნავს სტარტაპის USP?

უნიკალური გასაყიდი წინადადება ანუ Unique Selling Proposition(USP) კომპანიისთვის ერთგვარი მარკეტინგული ხელსაწყოა: ნებისმიერი ბიზნესისთვის USP-ის ქონა ნიშნავს თავის მომხმარებელს შესთავაზოს რაღაც უნიკალური მახასიათებელი, რაღაც ისეთი, რასაც მისი კონკურენტები არ სთავაზობენ.

მოკლედ, იმედი მაქვს, რომ მომხმარებელი შენი USP-ის გამო სწორედ შენს პროდუქტს შეიძენს და არა – კონკურენტისას.

მაგრამ, ჰმ, UVP იმავეს არ ნიშნავდა? თუ UVP-ის ანუ უნიკალური ღირებულების წინადადების შესახებ სტატიას უკვე გაეცანი, შესაძლოა, ეს შეკითხვა გაგიჩნდეს. ამიტომ, აქვე განვასხვავოთ: USP არის უნიკალური მახასიათებელი, რომლითაც შენი პროდუქტი შემოდის ბაზარზე, ხოლო UVP არის უნიკალური ღირებულება, ე.ი. ის უნიკალური ღირებულება, რასაც შენი პროდუქტი შენს მომხმარებელს მოუტანს. მაგალითად, თუ მინივენის კომპანია გადაწყვეტს, რომ თავისი მინივენები სხვებზე მეტი ჭიქის ჩასადებით აღჭურვოს, ეს მისი ის უნიკალური მახასიათებელი იქნება, რის გამოც იმედი აქვს, რომ მომხმარებელი სხვებთან შედარებით უპირატესობას მიანიჭებს; ანუ ჭიქის ბევრი ჩასადები მისი USP იქნება. მაგრამ არის ეს კარგი UVP? რამდენად დიდ, ხშირ და მძაფრ პრობლემას ჭრის ჭიქის ბევრი ჩასადების არსებობა მინივენში?

როგორც წესი, როცა სხვების მიმართ უპირატესობაზე ვლაპარაკობთ, ეს უპირატესობა შეიძლება იყოს ან მეტი სისწრაფე, ან მეტი სიიაფე ანდა უკეთესი ხარისხი. მაგრამ ზოგი სტარტაპისთვის (თუ მისი პროდუქტის სპეციფიკა არაა სწორედ დროის/ფულის დაზოგვა) პროდუქტის/სერვისის ამ მახასიათებლების მიღწევა, თავიდანვე მარტივი არაა: სტარტაპს არც მასშტაბის ეფექტის გამოყენება შეუძლია და, შესაძლოა, საუკეთესო და საოცრად გამოცდილი კადრებიც არ ჰყავდეს. მაშინ, როგორ უნდა მოიქცეს, რაზე უნდა დააფუძნოს მან თავისი USP?

რა შეიძლება იყოს სტარტაპის USP? 

სტარტაპს თავისი საწყისი პოზიცია, ანუ ზომით სიპატარავე, დიდ კომპანიებთან შედარებით, ერთ უდიდეს უპირატესობას აძლევს: მას შეუძლია, უმაღლესი ხარისხის სამომხმარებლო გამოცდილება უზრუნველყოს. სტარტაპის USP შეიძლება, მის მიერ შექმნილი პერსონალიზებული სამომხმარებლო გამოცდილება იყოს – მან კონკრეტული რამე ძალიან კარგად უნდა აკეთოს, ნაცვლად იმისა, რომ ბევრ რამეს მიედ-მოედოს და საშუალო დონეზე აკეთოს. ამის კარგი მაგალითი Amazon-ის ამბავია;

თავდაპირველად Amazon პროდუქტების ათასობით კატეგორიას კი არა, მხოლოდ წიგნებს ყიდდა და ამას საუკეთესოდ აკეთებდა: მთელ ციკლს წიგნის მომწოდებელთან ურთიერთობიდან მყიდველთან მიტანამდე თვითონ წარმართავდა, შედეგად კი ახერხებდა, რომ მიწოდების სისტემის გამართულობით, მაღალი ხარისხის სამომხმარებლო გამოცდილება შეეთავაზებინა ადამიანებისთვის.

რას შეიძლება გულისხმობდეს მაღალი ხარისხის სამომხმარებლო გამოცდილება?

შენთან, სტარტაპთან, მოდის ადამიანი, რომელსაც რაღაც აწუხებს, რაღაცის გამოსავალს ეძებს – რაღაც სერვისი/პროდუქტი ესაჭიროება, რომლითაც შენ შეგიძლია დაეხმარო. შენ ისმენ მის პრობლემას, აჩვენებ რომ გესმის მისი. რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში იყოს, არ აპანიკებ, პირიქით, შენი სიმშვიდით მასაც სიმშვიდეს ჰგვრი. მოკლედ, თან გადაყვები და აგრძნობინებ, რომ ის რიგითი მომხმარებელი კი არ არის, არამედ შენთვის ძვირფასია და ინდივიდად მიიჩნევ. საბოლოოდ, იმითაც მოხარული ხარ, რომ მისგან feedback მიიღო და ხარვეზები სამომავლოდ გამოასწორო.

როგორი უნდა იყოს USP?

როცა USP-ის შემუშავებაზე გადახვალ, მნიშვნელოვანია, ის:

1.იყოს გაზომვადი: ვთქვათ, თუ AliExpress-დან უკვეთავ რამეს, იცი, რომ 30-60 დღის შუალედში ჩამოვა და ამაზე ადრე არც დაელოდები. თუ Amazon Prime-ით სარგებლობ, 2-4 სამუშაო დღეში მიიღებ შენს შეკვეთას, ხოლო Big Basket 24 საათში გააჩენს შენს ნივთს. მოკლედ, როცა ირჩევ, რომლის სერვისი შეიძინო, შენ მათ USP-ის ეყრდნობი და თუ ის რაოდენობრივად შეფასებადია, არჩევანსაც მარტივად აკეთებ. ამიტომ, შენი USP-იც გაზომვადი უნდა იყოს.

2.იყოს პერსონალიზებული: სტარტაპის საწყის ეტაპზე პერსონალიზებული სამომხმარებლო გამოცდილების გარდა, კარგი იქნება, პერსონალიზებული პროდუქტი/სერვისი თუ გექნება. რაც მეტად აგრძნობინებ შენს მომხმარებელს თავს ინდივიდად, მით მეტ ადამიანს მოიზიდავ. მოკლედ, საწყისი პროდუქტი ყველა შემთხვევაზე მორგებული გადაწყვეტის მაგივრად, რაღაც უფრო პერსონალიზებულ მახასიათებელს უნდა შეიცავდეს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post