ქართული სტარტაპები: Upway
Upway – განათლების ტექნოლოგიის სტარტაპი, რომელიც სხვადასხვა კურსის გავლის მსურველებსა და მათ მიმწოდებლებს ერთმანეთთან აკავშირებს – სულ ცოტა ხანია რაც შეიქმნა. თუმცა, მომხმარებლებს, 30-ზე მეტი პროვაიდერისგან, უკვე 200-ზე მეტ კურსს სთავაზობს. თანაც, სტარტაპს ქართულ ბაზარზე ზუსტი ანალოგი არ ჰყავს.
ყველაფერი მარიშა გოგოლაურის, მარიამ ცანავასა და მარიკა აბულაძის სამსახურში, თიბისიში შეხვედრით დაიწყო. საბოლოოდ კი, კომუნიკაციების, პროექტების მართვისა და ტექნოლოგიების მიმართულებით 6-წლამდე გამოცდილების მქონე გუნდმა სტარტაპის შექმნა გადაწყვიტა.
როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, Upway-ის უპირატესობა გუნდის მიერ განათლების ტექნოლოგიის ინდუსტრიაში არსებული საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესახებ დაგროვილი ცოდნაა – ,,გვჯერა, ის განსხვავებული ხედვა და მიგნებები, რომლებიც გრძელვადიანი მუშაობისა და დაკვირვების პროცესში გამოვიმუშავეთ, ამ ეტაპზე უკონკურენტოა და გრძელვადიანი მიზნების მიღწევაშიც დაგვეხმარება’’.
თუ როგორ გაჩნდა იდეა, რა ეტაპზეა სტარტაპი და რა სამომავლო გეგმები აქვს, ამის შესახებ უფრო ვრცლად Upway-ის დამფუძნებლები მოგვიყვებიან.
იდეა და სტარტაპის ჩამოყალიბება
სტარტაპის შექმნის იდეა კორონავირუსის პანდემიამდე, ერთ ჩვეულებრივ დღეს, სამზარეულოში საუბრისას გაჩნდა. მეგობრებმა ერთმანეთს რაიმე ახლის შესწავლის სურვილი გაუზიარეს, შემდეგ კი, ამ საკითხზე ლაპარაკის პროცესში, პრობლემაც აღმოაჩინეს – სასწავლო კურსების ძიება დროში საკმაოდ გაწელილი და დამღლელი პროცესია – ,,იწყებ იმ ახლობლის მოძიებით, რომელსაც ვინმე პირზე ან რომელიმე ცენტრზე შესაძლოა ინფორმაცია ჰქონდეს. შემდეგ არკვევ ნომერსა და ფასს. ხვდები, რომ არ მოგწონს და პროცესს ხელახლა იწყებ. ამის მერე უკვე სოციალურ ქსელში დებ პოსტს, აქაც ან გამოჩნდება კარგი ვარიანტი, ან – არა. ამასობაში კი, თუ დიდად არ გჭირდება კურსი, შეიძლება სულაც გადაიფიქრო მისი გავლა’’.
მას შემდეგ, რაც პირველადი მიგნების პოტენციალი სამივე დამფუძნებელმა გაიაზრა და გაიზიარა, იდეის დადასტურებასა და საჭიროებების გამორკვევაზე დაიწყეს ზრუნვა. თუმცა, 2020 წლის გაზაფხულზე (ისევე როგორც სხვა თითქმის ყველაფერი) სტარტაპის შექმნის იდეაზე მუშაობა დროებით შეჩერდა – ,,პროცესში აქტიურად უკვე 2020 წლის ზაფხულში ჩავერთეთ. ძალიან მალე თიბისის ‘’სტარტაპ დეკრეტის’’ განაცხადი შევავსეთ და 2020 წლის ნოემბერში გავიმარჯვეთ კიდეც. აღნიშნულმა კი ყველაზე ძვირფასი რამ – დრო (ანაზღაურებადი 6-თვიანი შვებულება) მოგვცა თითოეულ ჩვენგანს. შემდეგ იყო Impact Hub-ის პრე-აქსელერატორი, რომელიც ბიზნესმოდელის დახვეწაში, მოსალოდნელი პრობლემების გადაჭრასა და ტექნიკურ საჭიროებების დანახვაში დაგვეხმარა. ბოლოს კი, GITA-ის პროტოტიპის გრანტი, რომელმაც MVP ვერსიის აწყობაში შეგვიწყო ხელი’’.
რა პრობლემას ჭრის Upway
სტარტაპი ორი სეგმენტის პრობლემას ჭრის. პირველი მათგანია მომხმარებლები, რომლებსაც საჭირო კურსის მოძიება უჭირთ; ხოლო მეორე – კურსის მიმწოდებლები, რომელთაც არ აქვთ საკმარისი კომპეტენცია და რესურსი, რომ ახალ აუდიტორიაზე გავიდნენ, მომხმარებლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ და დახვეწილი გამოცდილება, 24/7 მხარდაჭერა თუ კონსულტაცია უზრუნველყონ. საგანმანათლებლო პლატფორმა ორივე მათგანს ერთმანეთთან აკავშირებს, რითაც მხარეებს დროსა და რესურსს უზოგავს.
Upway-ის ვებსაიტი კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში აერთიანებს. ესენია – პროფესიული განათლება, ენები, საბავშვო, ჰობი, ტექნოლოგიები და გამოყენებითი განათლება. აღსანიშნია, რომ მომხმარებლებს მათი გაფილტვრა და სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით (ფასი, ლოკაცია, კურსის პროვაიდერი და ა.შ.) არჩევა შეუძლიათ. დაინტერესებულ პირებს პლატფორმაზევე შეუძლიათ კურსზე რეგისტრაციის გავლა და მისი შეძენა.
აღსანიშნია, რომ Upway მიმწოდებლებს კურსის უფასო განთავსებას, მომხმარებელთან კომუნიკაციის უზრუნველყოფასა და კორპორაციულ გაყიდვებს სთავაზობს. სტარტაპი კი შეძენილი ადგილებიდან იღებს საკომისიოს, რაც ბიზნესის ძირითადი შემოსავლის წყაროა.
პირველი ნაბიჯებიდან დღევანდელობამდე
პლატფორმა სულ ცოტა ხანია რაც ჩაეშვა, თუმცა საკმაო პოპულარობა და დამფუძნებლებისთვის გარკვეულწილად მოულოდნელი უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა უკვე მოიპოვა – ,,პირველი კურსი გაშვებიდან 3 დღეში გავყიდეთ. დღის განმავლობაში ბევრ დაინტერესებულ ადამიანს ვპასუხობთ – კომუნიკაციის ნაწილი კი კურსების შეძენით მთავრდება, რაც ყოველთვის დიდი მიღწევაა ჩვენთვის, რადგან ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ’’.
დღეის მდგომარეობით, Upway 30-ზე მეტ კურსის მიმწოდებელს აერთიანებს და მომხმარებლებს, სხვადასხვა მიმართულებით, 200-ზე მეტ კურსს სთავაზობს.
განათლების ტექნოლოგიის ინდუსტრია
,,Edtech დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა.აჩქარებულ დროში ადამიანებს უწევთ მოკლევადიანი, სწრაფი გადაწყვეტილებების ძებნა, რომ რაიმე ახალი ისწავლონ. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ეს ბევრი ქვეყნისთვის თუ ორგანიზაციისთვის სტრატეგიული საკითხია. შესაბამისად, ტექნოლოგიების როლი დიდია და ვფიქრობთ, უფრო მეტად გაიზრდება’’, – აღნიშნავენ დამფუძნებლები.
რაც შეეხება საქართველოს, ისინი მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით დაინტერესება გაზრდილია – ,,კიდევ უფრო მეტი ინიციატივა და სტარტაპი გაჩნდება, რომლებიც თავისებურ გადაწყვეტილებას შემოგვთავაზებენ, თუ როგორ გახადონ განათლება უფრო ხელმისაწვდომი ან როგორ შეიტანონ ინოვაციური მიდგომები სწავლების მეთოდებში’’.
სამომავლო გეგმები
სამომავლო გეგმებზე საუბრისას პირველ რიგში უცხოურ ბაზარზე გასვლის სურვილს ასახელებენ – ,,გვჯერა, მალე ამისთვის მზაობაც გვექნება. თუმცა, ამ ეტაპზე კატეგორიების გაღრმავებასა და გამრავალფეროვნებაზე ვფიქრობთ. მალე დაგვემატება ახალი ფუნქციონალი – მაგალითად, კურსის საჩუქრად შეძენა, გადახდის ალტერნატიული მეთოდები და ა.შ.’’.
Upway-ის სამომავლო გეგმებში აქსელერატორებში მონაწილეობაც შედის. ამის გარდა, სტარტაპი გეგმავს საინვესტიციო რაუნდებს, რომლებიც მათ ტექნოლოგიისა და ბიზნესმოდელის დახვეწაში, ასევე უფრო ფართო აუდიტორიის მოცვაში (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ) დაეხმარება.
რჩევა სტარტაპებს
Upway-ის დამფუძნებლები სტარტაპერებს ურჩევენ, რომ იდეის სიყვარული გვერდით გადადონ და მას კრიტიკულად შეხედონ – ,,ეს არ ნიშნავს იმას, რომ იდეა ცუდია. პირიქით, ეს გულისხმობს იდეის სუსტი მხარეების პოვნას და იმის მოფიქრებას, თუ როგორ აქცევ მათ სიძლიერედ. ამის გარდა, რაც შეიძლება მეტ კომპეტენტურ ადამიანს ესაუბრეთ და რჩევები კითხეთ. შემდეგ კი ყურადღებით გააანალიზეთ თქვენთვის სასარგებლო მიგნებები და პრაქტიკაში გადაიტანეთ’’.