რუსეთი Wikipedia-ს დაჯარიმებით ემუქრება
რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური ,,საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი არასანდო მასალების, აგრეთვე სხვა აკრძალული ინფორმაციის არწაშლის გამო’’ Wikipedia-ს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად როსკომნადზორი ავრცელებს.
,,რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, ინტერნეტრესურსის ადმინისტრაციას როსკომნადზორმა [4 აპრილს] გაუგზავნა მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ წაშალოს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური სამხედრო ოპერაციის თემაზე არასანდო ინფორმაცია, რომელიც რუსი მომხმარებლების დეზინფორმაციას ისახავს მიზნად.
რუსული კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი უკანონო მასალების დადგენილ ვადაში არწაშლის გამო, საიტის მფლობელს ემუქრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 4 მილიონ რუბლამდე [$47,92 მილიონი] ჯარიმის სახით’’, – აცხადებს მარეგულირებელი.
ფედერალური სამსახურის თქმით, ბოლო პერიოდში Wikipedia რუსებისკენ მიმართული მუდმივი საინფორმაციო თავდასხმის ახალ საშუალებად იქცა და ინტერნეტრესურსში გამოქვეყნებულ სტატიებში ,,მოვლენების ექსკლუზიურად ანტირუსული ინტერპრეტაცია ხდება’’.
აღსანიშნია, რომ გასულ თვეში როსკომნადზორმა Wikipedia-ის ადმინისტრაციას ,,უკრაინაში მომხდარი მოვლენების შესახებ ყალბი ინფორმაციის ამოღების თაობაზე’’ მიმართა. მარეგულირებელი სტატიის სათაურით ,,Вторжение России на Украину (2022)’’ (,,რუსეთის უკრაინაში შეჭრა (2022)’’) წაშლას მოითხოვდა. ფედერალური სამსახური ამის მიზეზად მასალაში მოცემულ ცრუ ინფორმაციას და, შესაბამისად, კანონდარღვევას ასახელებდა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ის საიტის სრულად დაბლოკვით იმუქრებოდა.
აღნიშნულს Wikimedia Foundation 3 მარტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ აპირებდა ხალხისთვის თავისუფალი, ღია და გადამოწმებადი ინფორმაციის წვდომის ძირითადი უფლების წართმევას.
,,Wikipedia-ზე არსებული ინფორმაციას მოიპოვებენ და ავრცელებენ მოხალისეები. ისინი ხარჯავენ დროსა და ენერგიას, რათა უზრუნველყონ, რომ მასალა არის ფაქტებზე დაფუძნებული და სანდო. ბევრი ამ საქმიანობას აგრძელებს არახელსაყრელ ვითარებაში – შეჭრა გრძელდება, უკრაინელი მოხალისეები კი, დიდი სირთულეების პირობებში, განაგრძობენ მასალების დამატებას. ჩვენ ვუერთდებით Wikimedia Russia-ს, დამოუკიდებელ რუსულ ფილიალს და რუსული ვიკიპედიის მოხალისეთა ფართო საზოგადოებას, რათა დავიცვათ მათი უფლება, გააგრძელონ Wikipedia-ის რედაქტირება ყველაზე აქტუალური და სანდო ინფორმაციით, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან’’, – აცხადებდა კომპანია.
Wikipedia-ს როსკომნადზორის მოთხოვნა არ შეუსრულებია.