fbpx

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში

ხელოვნური ინტელექტი და მისი ქვეკატეგორია, მანქანური სწავლება, პროდუქტიულობის, სამუშაო პროცესებისა და საბოლოო შედეგების გაუმჯობესების მიზნით, მრავალ სფეროში გამოიყენება. მათ შორის კი ერთ-ერთი არის მედიცინა. აღნიშნულ სექტორში AI-ის დანერგვას პაციენტებისთვის, მკვლევრებისთვისა და ექიმებისთვის არაერთი სარგებელი მოაქვს – მისი დახმარებით, მრავალი სამუშაოს იმაზე სწრაფად და ეფექტურად შესრულებაა შესაძლებელი, ვიდრე ამას ადამიანი გააკეთებდა.

 

რატომ ხელოვნური ინტელექტი?

ჯანდაცვის სექტორში მოქმედი ორგანიზაციები ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერების, სხვადასხვა გამოსახულების, კლინიკური კვლევების შედეგებისა თუ სხვა სახის მონაცემების დიდ რაოდენობას ინახავენ. ცხადია, ამ მონაცემების შეცდომების გარეშე დახარისხება, ერთმანეთთან შედარება და სხვა სახის მსგავსი აქტივობები ადამიანებისგან ძალიან დიდ დროსა და ენერგიას საჭიროებს – რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, პროცესი წლების განმავლობაშიც კი ვერ დასრულდეს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების საშუალებით კი, ამ მონაცემების ბევრად სწრაფად და ხარისხიანად გაანალიზება, შემდეგ კი, უკეთესი სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღება არის შესაძლებელი.

ხელოვნური ინტელექტის სარგებელი

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების ჯანდაცვის სფეროში გამოყენებას არაერთი სარგებელი აქვს. მათ შორის შეგვიძლია სამი ყველაზე მთავარი გამოვყოთ.

მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების მიწოდება

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ჯანდაცვის ორგანიზაციებს შეუძლიათ, უფრო სწრაფად და მეტი სიზუსტით იპოვონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რაც როგორც გარე (პაციენტები), ასევე შიდა (პერსონალი) დონის კმაყოფილებას უზრუნველყოფს.

ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესება

პატერნების შესწავლით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები ჯანდაცვის ორგანიზაციებს მათ მიერ დაგროვილი მონაცემების, აქტივებისა და რესურსების მაქსიმალურად სასარგებლო გზით გამოყენებაში ეხმარება. ეს კი, თავისთავად, სხვადასხვა სახის საოპერაციო პროცესების ეფექტურობას ზრდის.

განსხვავებული მონაცემების დაკავშირება

ჯანდაცვის სექტორში ხელმისაწვდომი მონაცემები ხშირად ფრაგმენტირებულია და სხვადასხვა ფორმატშია შენახული. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ორგანიზაციებს ერთმანეთისგან განსხვავებული მონაცემების დაკავშირება და, შესაბამისად, უფრო ფართო, ერთიანი სურათის დანახვა შეუძლიათ.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯანდაცვაში

სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღება

პაციენტის კონკრეტული შემთხვევისთვის მკურნალობის საუკეთესო და უახლესი მეთოდების მოძიება, თანაც, მისთვის შესაბამისი მზრუნველობის გაწევა, ექიმებისგან ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენებით, ჯანდაცვის პროფესიონალებს უახლეს ბიოსამედიცინო მონაცემებსა და ჯანდაცვის ელექტრონულ ჩანაწერებში შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების პროცესი უმარტივდებათ. მაგალითად, ზოგიერთ ინსტრუმენტს აქვს ბუნებრივი ენის დამუშავების უნარი, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს კითხვები დასვან ისე, როგორც მათ სამედიცინო კოლეგას დაუსვამდნენ. შედეგად კი, სწრაფი და სანდო პასუხები მიიღონ.

ამის გარდა, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მილიონობით ქიმიური ნაერთის გადარჩევა, კონკრეტული შემთხვევისთვის ყველაზე სასარგებლო კომპონენტების ამორჩევა და მედიკამენტის სწორი დოზის შერჩევაა შესაძლებელი.

დიაგნოსტირება

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ზუსტი დიაგნოზის დასმა და შესაძლო ფატალური დაავადებების ადრეულ ეტაპზევე აღმოჩენაა შესაძლებელი. მაგალითად, AI-ით გაძლიერებული მიკროსკოპების დახმარებით, ჯანდაცვის სპეციალისტებს სისხლში მავნე ნივთიერებებისა და ბაქტერიების იმაზე სწრაფად და ზუსტად აღმოჩენა შეუძლიათ, ვიდრე ეს მანუალურად მუშაობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

დიაგნოსტირების მიმართულებით აღსანიშნია ხელოვნური ინტელექტის სამედიცინო გამოსახულებების გაანალიზების პროცესში გამოყენებაც. მაგალითად, ტიპურ კლინიკურ კვლევაში შეიძლება დაგროვდეს მონაცემთა ათასობით გამოსახულება, რომელთა სათითაოდ შესწავლაა აუცილებელი. AI კი აადვილებს მათ გაშიფვრასა და გარკვეული პატერნების გამოვლენას. ამის გარდა, ამგვარი ტექნოლოგიები სამედიცინო სფეროში ყოველდღიურ პროცესებშიც გამოიყენება – თუნდაც კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგების გაანალიზებისა და დიაგნოზის დასმისას.

ჩატბოტები და ჯანმრთელობის ვირტუალური ასისტენტები

ჩატბოტების საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე – მათ შორის, გადახდის პროცესებზე, ავადმყოფობასა და სიმპტომებზე – შესაბამისი პასუხები მიიღონ. ჯანმრთელობის ვირტუალური ასისტენტები კი პასუხისმგებელნი არიან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა პაციენტის სამედიცინო ინფორმაციის მართვა, სენსიტიური მონაცემების დაფარვა, ექიმებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთვის შეხსენებების გაგზავნა და ა.შ.

ავტომატიზაცია

ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი შრომატევადი ამოცანების შესრულების პროცესის ავტომატიზებაა. ეს შეიძლება იყოს თუნდაც საჭირო სამედიცინო მონაცემების შესაბამისი პროფესიონალებისთვის გადაცემა. აღნიშნული კი მომსახურების მიმწოდებლებს მეტი თავისუფალი დროით უზრუნველყოფს და მათ სხვა მნიშვნელოვან დავალებებზე ფოკუსირების საშუალებას აძლევს.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post