fbpx

Y Combinator-ის წერილი სტარტაპებს

Y combinator-ის

Y Combinator-ის წერილი სტარტაპებს

,,…გახსოვდეთ, რომ წარმატების შანსი ძალიან მცირეა იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი კომპანია კარგად მუშაობს. ჩვენ გეგმის შეცვლას გირჩევთ… ყველაზე უსაფრთხო მიდგომა გეგმის ყველაზე უარესი შემთხვევისთვის შემუშავებაა…’’, – ნათქვამია Y Combinator-ის მიერ თავისი პორტფელის სტარტაპების დამფუძნებლებისთვის გასულ კვირას გაგზავნილ წერილში სათაურით „ეკონომიკური ვარდნა“.

არსებულმა მაკროეკონომიკურმა (აშშ-ში არსებული ინფლაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა) და გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა (რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი) ბაზრებზე არასახარბიელო მდგომარეობა გამოიწვია. ბოლო კვირების განმავლობაში, კრიპტოვალუტებისა და NFT-ების ფასები შემცირდა; თვის დასაწყისში Dow Jones-ის ინდექსმა 1,000-ზე მეტი ქულა დაკარგა, ანალოგიურად Nasdaq ინდექსი თითქმის 5%-ით დაეცა; შემცირდა ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიების ღირებულებაც. სწორედ ამიტომ, აქსელერატორმა, – რომლის პორტფელშიც შედიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Dropbox, Coinbase, Airbnb და Reddit, – სტარტაპებს ხარჯებისა და დაფინანსების რაუნდების შესახებ რჩევები მისცა.

,,ამ კვირის განმავლობაში YC კომპანიებთან ერთად ვმუშაობდით. ისინი დაგვიკავშირდნენ, ათა ეკითხათ, უნდა შეცვალონ თუ არა თავიანთი გეგმები ხარჯვის, Runway-ის [დრო, რომელიც კომპანიას აქვს ბიუჯეტის ამოწურვამდე], დაქირავებისა და დაფინანსების რაუნდების საკითხებთან დაკავშირებით საჯარო ბაზრების ამჟამინდელ მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ეკონომიკური ვარდნა ხშირად უზარმაზარ შესაძლებლობებად იქცევა იმ დამფუძნებლებისთვის, რომლებიც თავიანთ დამოკიდებულებებს სწრაფად ცვლიან, წინსწრებით გეგმავენ და კომპანიის გადარჩენას უზრუნველყოფენ’’, – ვკითხულობთ Techcrunch-ის მიერ მოპოვებულ Y Combinator-ის წერილში.

აქსელერატორი აღნიშნავს, რომ ვერავინ გააკეთებს პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ცუდ მდგომარეობაში იქნება ეკონომიკა. თუმცა, მისი თქმით,  მდგომარეობა არც ისე კარგად გამოიყურება. აქედან გამომდინარე, კომპანიებს რამდენიმე მოსაზრებას უზიარებს, რომლებიც მათ გეგმების შედგენისას უნდა გაითვალისწინონ:

YC-ის რჩევები სტარტაპებს

yc-advices-mvp.ge

ბევრი რჩევა, რომელსაც სტარტაპებს YC-ში აძლევენ, ტაქტიკურია – ისინი ყოველდღიური მუშაობის პროცესშია გამოსადეგი. თუმცა, უფრო ფუნდამენტური რჩევებიც არსებობს. სწორედ ამიტომ, მოდით განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციული საკითხები, რომლებიც სტარტაპებს წარმატებისკენ მიმავალი გზის პოვნაში დაეხმარება.

,,ყველაზე უსაფრთხო მიდგომა გეგმის ყველაზე უარესი შემთხვევისთვის შემუშავებაა. თუ არსებული მდგომარეობა ისეთივე ცუდია, როგორც ბოლო ორი ეკონომიკური ვარდნისას, მომზადების საუკეთესო გზა მომდევნო 30 დღის განმავლობაში ხარჯების შემცირება და Runway-ის გაფართოებაა. თქვენი მიზანი Default Alive მდგომარეობამდე მისვლა უნდა იყოს.

თუ არ გაქვთ იმისთვის საკმარისი Runway, რომ Default Alive მდგომარეობამდე მიხვიდეთ, ხოლო თქვენი არსებული ან ახალი ინვესტორები მზად არიან, ახლავე მოგცენ დამატებითი თანხები (თუნდაც წინა რაუნდის მსგავსი პირობებით), ფინანსების მიღებაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ.

…თქვენი პასუხისმგებლობა კომპანიის გადარჩენის უზრუნველყოფაა, თუ ფინანსებს მომდევნო 24 თვის განმავლობაში ვერ მოიზიდავთ.

გააზრებული გქონდეთ, რომ საჯარო ბაზარზე ტექნოლოგიური კომპანიების შემცირებული აქტიურობა სარისკო კაპიტალის ინვესტიციებზე მნიშვნელოვნად აისახება. VC-ებს ფულის მოზიდვა გაცილებით გაუჭირდებათ… შედეგად, ეკონომიკური ვარდნის დროს, უმსხვილესი სარისკო კაპიტალის ფონდებიც ანელებენ ინვესტიციების ჩადებას (პატარა ფონდები ხშირად წყვეტენ ინვესტიციებს ან საერთოდ არსებობას). ამას ფონდებს შორის ნაკლებ კონკურენციამდე მივყავართ, რაც დაბალ შეფასებებს, მცირე ზომის რაუნდებსა და გაცილებით ნაკლებ დასრულებულ გარიგებას იწვევს. ასეთ სიტუაციებში, ინვესტორები ინახავენ კაპიტალს თავიანთი საუკეთესო აღსრულების მქონე კომპანიების მხარდასაჭერად, რაც კიდევ უფრო ამცირებს დაფინანსებების რაოდენობას…

გაითვალისწინეთ, რომ ინვესტორებთან შეხვედრების რაოდენობა ინვესტიციების მთლიანი მოცულობის შემცირების პროპორციულად არ მცირდება. ადვილია მოვტყუვდეთ, რომ ფონდი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს, როცა რეალურად ასე არ არის...

თუ თქვენ ხართ A სერიის შემდგომ და პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობის წინა პერიოდში, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ კიდევ ერთ რაუნდს ჩაატარებთ მანამ, სანამ პროდუქტისა და ბაზრის აშკარა თავსებადობას არ მიაღწევთ.

თუ მომდევნო 6-12 თვის განმავლობაში ფინანსების მოზიდვას გეგმავთ, ეს პროცესი შესაძლოა, დაღმასვლის მწვერვალზე დაიწყოთ. გახსოვდეთ, რომ წარმატების შანსი ძალიან მცირეა, მაშინაც კი, თუ თქვენი კომპანია კარგად მუშაობს. ჩვენ გეგმის შეცვლას გირჩევთ’’.

წერილის ბოლოს Y Combinator სტარტაპებს შეახსენებს, რომ ბევრი კონკურენტი კარგ გეგმას ვერ შეიმუშავებს და მათ ეკონომიკური ვარდნის დროს ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მოპოვების შესაძლებლობა აქვთ უბრალოდ კომპანიის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებით.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post