გავრცელებული ინფორმაციით, Meta ვირტუალური ვალუტის ,,Zuck Bucks’’ იდეაზე მუშაობს
გავრცელებული ინფორმაციით, Meta (Facebook-ის მშობელი კომპანია) ვირტუალური ვალუტის ,,Zuck Bucks’’-ის დანერგვის იდეაზე მუშაობს. აღნიშნული სახელწოდება ოფიციალური არ არის, თუმცა, როგორც ცნობილია, ინიციატივას ეს ზედმეტსახელი კომპანიის თანამშრომლებმა აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის გვართან დაკავშირებით უწოდეს.
ამ ეტაპზე არაა დაზუსტებული, თუ როგორ იმუშავებს ახალი სისტემა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ,,Zuck Bucks’’ ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან იყოს დაკავშირებული. ამის ნაცვლად, მოსალოდნელია, რომ ის თამაშშიდა ვალუტების (მაგალითად, Robux თამაშში Roblox) მსგავსი იქნება. აღსანიშნია, რომ ხშირად მათი შეძენა რეალური ფულითაა შესაძლებელი და ისინი ბონუსებსა თუ სხვადასხვა ახალ აქსესუარზე, თუნდაც, პერსონაჟის ტანისამოსზე, წვდომის მოსაპოვებლად გამოიყენება. არსებული ცნობებით, ,,Zuck Bucks’’ ხელმისაწვდომი იქნება Meta-ის სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის Facebook-ზე, Instagram-სა და WhatsApp-ზე.
გავრცელებულ ინფორმაციას Meta არც უარყოფს და არც ადასტურებს.
„დღეს გასაზიარებელი სიახლე არ გვაქვს. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ ახალ ინოვაციურ პროდუქტებს ადამიანებისთვის, ბიზნესებისთვისა და კრეატორებისთვის. როგორც კომპანია, ორიენტირებულნი ვართ მეტავერსიის შექმნაზე. ეს კი მოიცავს იმას, თუ როგორი შეიძლება იყოს გადახდები და ფინანსური მომსახურებები’’, – აცხადებს კომპანია.