fbpx

500 Global-ის ისტორია – mvp.ge

500-global-history

500 Global-ის ისტორია – mvp.ge

500 Global (ძველად 500 Startups) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პრე-აქსელერატორია, რომელიც საქართველოს ბანკისა და Gita-ს დახმარებით, საქართველოშიც შემოვიდა, 2021 წელს. იმისათვის, რომ უკეთ გავიცნოთ ეს ორგანიზაცია, ამ სტატიაში მოგიყვებით მათი შექმნის ისტორიას და იმ მიღწევებს, რაც მათ აქვთ.

მისია

500 Global-ის მისიაა გააუმჯობესოს ადამიანები და ეკონომიკა მთელს მსოფლიოში მეწარმეობის გზით.

კომპანია ფოკუსირებულია ისეთ ბაზრებზე, სადაც ტექნოლოგიას, ინოვაციას და კაპიტალს შეუძლია გრძელვადიანი ღირებულების შექნა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ქვეყნების მთავრობებთან და სხვადასხვა კორპორაციებთან, აძლევს რჩევებს მათ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაუჭირონ მხარი სამეწარმეო ეკოსისტემებს, რათა სტარტაპებმა განვითარება შეძლონ.

“თავიდანვე, ჩვენი მისია და საინვესტიციო მიდგომა ემყარებოდა რწმენას, რომ განსაკუთრებული დამფუძნებლები არსებობენ მსოფლიოს ყველა კუთხეში. ამან მიგვიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ინვესტირება დაგვეწყო კომპანიებში არა მხოლოდ სილიკონის ველიზე, არამედ ლათინურ ამერიკაში და აღმოსავლეთ აზიაში, 2011 წელს, ახლო აღმოსავლეთში, 2012 წელს, აფრიკაში, 2013 წელს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 2014 წელს. შედეგად, დივერსიფიცირებულია გლობალური პორტფელი მრავალ ქვეყანაში, სექტორში და ეტაპებზე, კომპანიების 46 პროცენტზე მეტი დაფუძნებულია აშშ-ს ფარგლებს გარეთ“, – ამბობს ქრისტინე ცაი, 500 Global-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი პარტნიორი.

შექმნის ისტორია

2010 წელს, სილიკონ ველიზე დეივ მაკკლურმა და ქრისტინე ცაიმ დაარსეს 500 Startups (შემდეგში 500 Global), ვენჩურული ფონდი და პრე-აქსელერატორი, რომელიც დამწყებ სტარტაპებს ეხმარებოდა პირველადი დაფინანსების მოპოვებაში. 2011 წლის თებერვალში კი პირველი ინკუბაციაც გაატარეს 12 სტარტაპს. 2011 წელს ჯამში 3 ინკუბაცია ჩაატარეს – თებერვალში, ივნისში და ოქტომბერში და იმ წელს 50 სტარტაპზე მეტს დაეხმარნენ განვითარებაში და დაფინანსების მოპოვებაში.

2012 წელს 500 Global-მა შეიძინა მექსიკური ვენჩურული კაპიტალის ორგანიზაცია Mexican.VC, რომელიც მცირე მოცულობის ინვესტიციებს ახორციელებდა მექსიკურ ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დეივ მაკკლურის ეს გადაწყვეტილება იმ დროისთვის საკმაოდ უჩვეულო ჩანდა – ვენჩურული ფირმის მიერ სხვა ვენჩურული ფირმის ყიდვა, მითუმეტეს სხვა ქვეყანაში. თუმცა სწორედ აქედან დაიწყო 500 Startups-ის გლობალურობაზე ფიქრი და იმის შემდეგ, ორგანიზაციას არ შეუწყვეტია ამერიკის ბაზრის გარეთ განვითარება.

რიცხვები

დღესდღეობით 500 Global 2.7 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს. ამ ღირებულების უდიდესი ნაწილი მათი ინვესტირების შედეგია, ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებში.  500 Global დაეხმარა 6000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც წარმოადგენენ 81 ქვეყანაში მოქმედ 2600-ზე მეტ კომპანიას. კომპანიის პორტფელში არის 45 კომპანია, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 130+ კომპანია, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია. 500 Global-ში 140 ადამიანზე მეტი მუშაობს, 20 სხვადასხვა ქვეყანაში. 

ეს არის იმ ცნობილი კომპანიების მცირე ჩამონათვალი, რომელშიც 500 Global-ს ინვესტიცია აქვს ჩადებული: Udemy, Reddit, Canvas, Twillio

რებრენდინგი

2021 წლის სექტემბერში, 500 Startups-მა გამოაცხადა რებრენდინგი. შეიცვალა სახელი –  500 Global. 140 მილიონი დოლარის გლობალური ფონდიც დაიმატა, რამაც აქტივების ღირებულება 2021 წელს 1,8 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ფირმამ განაცხადა, რომ აფართოებს საინვესტიციო სტრატეგიას, pre-accelerator-ის და seed investment-ის გარდა, კომპანია დაეხმარება სტარტაპებს დამატებითი ზრდისთვის, მოგვიანებით ინვესტიციის მოძიებაშიც. 

500 Global-ის საქართველოში ყოფნას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს გვაძლევს იმედს, რომ საქართველოშიც არსებობენ განსაკუთრებული დამფუძნებლები, რომლებიც შექმნიან Unicorn სტარტაპებს, განავითარებენ ქვეყნის ეკონომიკას და მსოფლიოს სტარტაპ რუკაზე ჩვენს ქვეყანას გამოაჩენენ.

შემდეგ სტატიებში ვეცდებით დეტალურად მოგიყვეთ 500 Global-ის პრე-აქსელერაციის შესახებ, იმ მიზეზებზე, თუ რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა, რა ეტაპების გავლაა ამისთვის საჭირო და ა.შ.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post