6 შეცდომა სტარტაპის წამოწყებისას
სტარტაპის წამოწყება და ბიზნეს სივრცეში თავის დამკვიდრება, გრძელი და რთული გზაა. მის გასავლელად საჭიროა მიზანდასახულობა, რესურსები, ეფექტური დაგეგმარება და მზადყოფნა, იმისთვის რომ საქმე არასდროს მთავრდება. ყოველთვის გამოჩნდება რაღაც ახალი გამოწვევა რომელიც უნდა გადალახოთ. მუდმივად გაგიჩნდებათ ახალი, უფრო ეფექტური და ინოვაციური იდეები.
ანტერპრენერებო, გახსოვდეთ რომ წარმატების მისაღწევად ბევრად მეტია საჭირო, ვიდრე შესანიშნავი იდეა.
გვინახავს უამრავი ენთუზიაზმს აყოლილი სტარტაპის კრახი, ისევე როგორც, კარგად განსაზღვრული გეგმის მქონე სტარტაპების წარუმატებელი მცდელობები გამხდარიყვნენ დისრაპტორები საკუთარ სფეროში. ამიტომაც, თქვენი სტარტაპ მოგზაურობისთვის შევარჩიეთ 6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა და გთავაზობთ მათი თავიდან არიდების ყველაზე ეფექტურ გზებს.
რა შეცდომებს უშვებენ ანტერპრენერები ყველაზე ხშირად სტარტაპის წამოწყებისას?
1.წარუმატებლობის შიში
შიში ბუნებრივი ემოციაა რომელსაც თითოეული ჩვენგანი განიცდის ამა თუ იმ სიტუაციაში. მცირე დოზებით ეს ემოცია შესაძლოა ძლიერი მოტივატორი გახდეს სტარტაპის წამოწყების პროცესში, თუმცა ზედმეტი შიში ძალიან საზიანოა.
თუ სტარტაპ ინდუსტრიაში ახლა დგამთ პირველ ნაბიჯებს, წარუმატებლობის შიშის გემო გეცოდინებათ, თუმცა გაითვალისწინეთ რომ შეცდომების დაშვება წარმატებისკენ მიმავალი გზის განუყრელი ნაწილია. ნუ მისცემთ ემოციებს საშუალებას, რომ სრულად მოგიცვან და შეაფერხონ თქვენი განვითარება.
შესაძლოა ვერასდროს იგრძნოთ სრული მზადყოფნა, მაგრამ აუცილებლად დადგება მომენტი როდესაც მღელვარებას გადალახავთ და მიიღებთ კრიტიკულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. სრული პოტენციალის გამოსაყენებლად უპირობოდ უნდა დატოვოთ კომფორტის ზონა. რა თქმა უნდა დაუშვებთ შეცდომებს, მაგრამ მთავარი ეს არ არის. გამოცდას მაშინ ჩააბარებთ როდესაც ყოველი ასეთი გამოცდილებიდან გაძლიერებას ისწავლით.
2.სკეპტიკოსების მოსმენა
ცხოვრების ყოველ ეტაპზე შეხვდებით ნეგატიურ ადამიანებს, რომლებიც ეცდებიან დაგთრგუნონ და გაანადგურონ თქვენი მოტივაცია.
ნებისმიერი იდეის წამოწევისას გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვით რომ ექსპერტებს ანდოთ ეს საქმე და თავად არ მოკიდოთ ხელი. თუმცა, სანამ საკუთარ იდეებს თავად არ გამოცდით, ვერ გაიგებთ სწორედ ეს იყო თქვენი წარმატების გასაღები თუ არა. შესაძლოა ვიღაცების ცუდი რჩევების გათვალისწინებამ წლები და პერსპექტივა დაგაკარგინოთ. ამიტომაც, ნუ მოუსმენთ სკეპტიკოსებს. დაეყრდენით საკუთარ გამოცდილებას და გაითვალისწინეთ ისიც რასაც ინტუიცია გკარნახობთ.
3.ყველაფრის თავად კეთების მცდელობა
სტარტაპის დაფუძნების საწყის ეტაპებზე შეიძლება საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობის აღების ცდუნებას აყვეთ. რა თქმა უნდა, უნდა გინდოდეთ დაუღალავად შრომა, თუმცა აუცილებლად უნდა გაიაზროთ გუნდის შექმნის მნიშვნელობა თქვენი ბიზნესისთვის. თუ ეცდებით რომ ყველაფერი თავად აკეთოთ, ძალიან სწრაფად „გადაიწვებით“.
აღიარეთ, რომ ყველა სფეროში ვერ იქნებით ექსპერტი. სწორად შეაფასეთ როგორც საკუთარი ძლიერი მხარეები, ასევე გუნდის წევრების უპირატესობებიც და სამუშაო როლებიც, ამის მიხედვით გაანაწილეთ. გუნდის შექმნისას ყველაზე გამორჩეულია ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ყოველი წევრი დამოუკიდებლად უნიკალურ საქმეს აკეთებს და ერთად კიდევ უფრო საოცარ შედეგებს აღწევენ.
სტარტაპის მდგრადი განვითარებისთვის ყველაზე სწორი, საერთო ხედვის ირგვლივ გაერთიანებული გუნდის შეკრებაა, სადაც საქმე და დატვირთვა განაწილებულია. მარტო ყველაფერს ვერ გააკეთებთ და ეს არც არის საჭირო.
4.სტარტაპის წამოწყებამდე კონკრეტული მიზნების არ ქონა
ხომ გაგიგიათ გამოთქმა „ეშმაკი დეტალებშია“?
სტარტაპის შესაქმნელად ბევრად მეტია საჭირო ვიდრე კარგი იდეა, წარმატების მისაღწევად კი ბევრად მეტი შრომა ვიდრე უბრალოდ ნატვრა და ოცნება. უნდა შეგეძლოთ იდეების რეალობაში გადმოტანა.
ყველას უყვარს გლობალურად მსჯელობა და საკუთარი იმედების კომპანიის მომავალზე, მაგრამ არავინ საუბრობს თუ რეალურად როგორ უნდა მიხვიდეთ A პუნქტიდან B პუნქტში. წარმოუდგენლად მარტივია მნიშვნელოვანი დეტალების გამოტოვება როდესაც მასშტაბურ გეგმებს აწყობთ.
დარწმუნდით რომ განსაზღვრული გაქვთ რეალური მიზნები და თითოეული მიღებული გადაწყვეტილება მათ მისაღწევად წინ გადადგმული ნაბიჯია. შექმენით სამოქმედო გეგმა სადაც გაწერთ სტარტაპის ყოველი თვის, კვარტალის და წლის მიზნებს. აქვე დაურთეთ მონახაზი თუ კონკრეტულად როგორ აპირებთ მათ მიღწევას. სამოქმედო გეგმა უნდა იყოს მკაფიო თუმცა დაიტოვეთ მოქნილობის შესაძლებლობაც, რომ ბაზარზე მომხდარ ცვლილებებს სათანადოდ უპასუხოთ.
5.ადაპტაციის უნარის არ ქონა
სტარტაპ ეკოსისტემაში ანტერპრენერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი არის ადაპტაცია. როგორც თუნდაც წინა წლის მოვლენებმა გვასწავლა, თქვენს კარიერაში აუცილებლად გამოჩნდება მოულოდნელი წინაღობები. სტარტაპის წამოწყებისას უნდა იცოდეთ, რომ ბევრი ზედმიწევნით ფრთხილად ჩამოყალიბებული გეგმა დანგრეულა ერთ ღამეში.
კოვიდ 19-მა მძიმედ დააზარალა უამრავი კომპანია. დანარჩენებმა კი შეძლეს ადაპტირება და წინსვლის გზა იპოვეს. ჩვენ ვიხილეთ ელექტრონული გაყიდვების ბუმი, მერჩანტებმა იპოვეს პროდუქტის რეალიზაციის ახალი არხები, ონლაინ გადახდების შესაძლებლობები და ბევრი სხვა პრობლემის უკონტაქტო გადაწყვეტა.
უნდა შეგეძლოთ ნებისმიერი ასეთი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა, ისე რომ თქვენს სტარტაპს ნეგატიური შედეგები მინიმალურად შეეხოს. მზად იყავით იმისთვისაც რომ გადაწყვეტის მოფიქრება შეზღუდულ დროში მოგიწევთ. ფართო ხედვა უნდა განავითაროთ, რომ საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეცვლილ გარემო-პირობებს მარტივად და ეფექტურად უპასუხოთ.
6.თვითკმაყოფილება გაშვების შემდეგ
თვითკმაყოფილებას შეუძლია ნამდვილი ინოვაციის დასამარება. როგორც კი მოქმედი სტარტაპი გექნებათ და ის მოგების მოტანას დაიწყებს, ჩნდება მცდარი წარმოდგენები რომ საქმის ძირითადი ნაწილი დასრულდა. გვერწმუნეთ ეს რეალობას არასდროს შეესაბამება.
სწავლა არასდროს სრულდება. ყოველთვის უნდა ეძებოთ განვითარების შესაძლებლობები როგორც პირადი კომპეტენციის ასევე ორგანიზაციული პროცესების და თავად ბიზნესის. ანტერპრენერობა მაღალკონკურენტული საქმიანობაა. გახსოვდეთ რომ არსებობს ვიღაც ვინც აკვირდება თქვენს იდეებს და მათ გაუმჯობესებას ცდილობს.
თუ გსურთ რომ შეინარჩუნოთ საკუთარი ადგილი ბაზარზე, მუდმივი განვითარება სტარტაპის მთავარ პროცესად უნდა აქციოთ. თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, აუცილებლად გამოჩნდება ის ვინც გააკეთებს.