სამყარო იცვლება, PDF კი – რჩება
დარწმუნებულები ვართ, ვინც არ უნდა კითხულობდეთ ამ სტატიას, უახლოეს წარსულში ერთი PDF ფაილი მაინც გამოგიყენებიათ. მაგრამ ოდესმე თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რატომ მაინცდამაინც PDF და არა სხვა რამე?! PDF ჩვენი ცხოვრების ისეთ ორგანულ ნაწილად იქცა, რომ შესამჩნევი მხოლოდ მისი არყოფნა თუ იქნება. მისი ყოფნის შესახებ კი ბევრს არც ვფიქრობთ, თითქოს თავისთავად არსებობს და ყოველთვის ესე იყო.
მოკლედ, PDF-ზე მოგითხრობთ
Portable Document Format ანუ PDF ჯერ კიდევ ღრმა 90-იანებიდან არსებობს. ამ მარტივმა და არაგლამურულმა ფორმატმა გაუძლო ათწლეულებს და მისი მოხმარება მუდმივად იზრდება. ის არის ყოველდღიური ინსტრუმენტი, რომელიც თითქოს არსაიდან გაჩნდა და წარმოუდგენელია მისი არარსებობა. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში, Adobe-ის Document Cloud სერვისით 303 მილიარდი PDF გაიხსნა. ანუ წინა წელთან შედარებით მთელი 17%-ით გაიზარდა მოხმარება.
კომპანია Adobe, 1982 წელს ჯონ ვარნოკმა და ჩარლზ გესკმა დააარსეს. Adobe-ის მიერ PDF-ის შექმნის მიზანი ის იყო, რომ ამ ფორმატის დოკუმენტი ნებისმიერ მოწყობილობასა და სისტემაში ერთნაირი ვიზუალის ყოფილიყო.
საქმე იმაშია, რომ Microsoft-ში ან Unix-ში შექმნილი დოკუმენტი Mac-ში სხვანაირად გამოიყურებოდა და პირიქით. მარტივი ენით რომ ვთქვათ, PDF-ის მისია ქაღალდის ციფრულ ვერსიად გადაქცევა იყო.
Adobe-მ PDF-ის გამოსვლა 1992 წლის ტექ-კონფერენციაზე დააანონსა, ხოლო მომდევნო წელს PDF-ის შემქმნელი და წამკითხველი პროგრამაც გამოუშვა. ბუნებრივია, PDF-ს ძალიან მალე უამრავი კონკურენტიც გამოუჩნდა: DjVu, Envoy, Common Ground Digital Paper და ა.შ. Adobe-ის თავდაპირველი შემოთავაზება კი კონკურენტებთან შედარებით, უნდა ვაღიაროთ, რომ არ ბრწყინავდა. ჯერ ერთი, PDF-ს შემქმნელი პროგრამა მომხმარებელს 700$ უჯდებოდა, ხოლო მისი წამკითხველი დამატებითი 50$. მეორეც, PDF დოკუმენტი ზომით ჩვეულებრივ ტექსტზე დიდი იყო და ჩამოტვირთვასაც, იმ პერიოდის მოდემებზე, უფრო დიდი დრო მიჰქონდა.
1993 წელს კომპანიამ ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღო, რამაც, მართლაც განსაზღვრა PDF-ის მომავალი.
პირველ რიგში, მან PDF-ის 1993 წლის გამოშვების სპეციფიკაციები უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა, რაც ნიშნავდა, რომ Adobe-ის PDF-ის ვერსია კვლავაც უშუალოდ მათ საკუთრებაში რჩებოდა. მაგრამ ამიერიდან სხვებსაც ეძლეოდათ შანსი, PDF სურვილისამებრ გადაეკეთ-გადმოეკეთებინათ. ანუ თავიანთი ვერსიები შეექმნათ.
Adobe-მ მეორე ნაბიჯით PDF-წამკითხველი გახადა უფასოდ ხელმისაწვდომი. შესაბამისად, კომპანიამ თავისი შემოსავლის წყაროდ მხოლოდ PDF-შესაქმნელი პროგრამა დაიტოვა. ეს კი მათი აზრით ერთადერთ შედეგამდე მივიდოდა – რაც მეტს ექნებოდა PDF წამკითხველზე წვდომა, მით უფრო მომხიბლავი გახდებოდა დოკუმენტების ზუსტად PDF ფორმატით შექმნა. ამას ისიც დაერთო, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად დოკუმენტის ჩამოტვირთვის სიჩქარეც გაიზარდა და ფაილის სიდიდის პრობლემაც მოგვარდა.
საბოლოოდ კი, ამერიკის შემოსავლების სამსახურის PDF-ის მომხმარებლად გადაქცევამ Adobe-სთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. საქმე იმაშია, რომ მათ ძალიან ძვირი უჯდებოდათ 100 მილიონზე მეტი ოჯახისთვის გადასახადების ფორმების დაგზავნა. ფურცლების საიმედო, ელექტრონულად-გადმოწერადი PDF-ებით ჩანაცვლება კი მართლაც ეფექტური გადაწყვეტილება გამოდგა. სამთავრობო სტრუქტურის მიერ PDF-ის გამოყენება მაგალითი გახდა ნებისმიერი სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებისთვის, რომელიც დოკუმენტებს ქმნიდა. ამან ხაზი გაუსვა ამ ფორმატის სტაბილურობას და უნივერსალურობას, სხვა სიტყვებით კი – მის ქაღალდთან მსგავსებას. ცხადია, დროთა განმავლობაში Adobe-მ PDF გახადა მეტი, ვიდრე უბრალოდ ქაღალდის ციფრული ანალოგი – წლების განმავლობაში დოკუმენტს მრავალი ინსტრუმენტი დაემატა.
2008 წელს Adobe-მ PDF-ის როლის განმსაზღვრელი კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი გადადგა. PDF სპეციფიკაციების გამოქვეყნების და მართვის უფლება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ISO) გადასცა. ეს ნიშნავს, რომ ფორმატის პატენტის უსასყიდლოდ გამოყენება ყველა კომპანიას შეუძლია. ამის შედეგია, რომ დღეს Adobe-ის პროგრამების გარდა, PDF-ის შესაქმნელი თუ წამკითხველი უამრავი პროდუქტი არსებობს.
ასევე მივიღეთ ის, რომ თუ მაგალითად, Microsoft Word-ის დოკუმენტის შენახვა გვინდა PDF-ად, ეს ძალიან მარტივად შეგვიძლია, რადგან ეს ფუნქცია უკვე Microsoft-ის პროგრამებშია ინტეგრირებული. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებების შემდეგ დოკუმენტის ეს ფორმატი კიდევ უფრო დომინანტური გახდა. როგორც Adobe-ში ამბობენ: “PDF როგორც კი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ, დიდი “ჰალო-ეფექტიც” მივიღეთ, ადამიანები – PDF-ს ბუნებრივად Adobe-თან აკავშირებენ.” ფაქტი, რომ PDF დღემდე ასე ძლიერად ასოცირდება Adobe-თან, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ფლობს, კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მიზეზია.
დღესდღეობით Adobe თავის მომხმარებელს Document Cloud-ის მეშვეობით PDF-ის შექმნისა და უახლესი მეთოდებით რედაქტირების ინსტრუმენტებს სთავაზობს. ამან კი, მხოლოდ 2020 წელს, 1.5 მილიარდის შემოსავალი მოუტანა კომპანიას. Adobe-ს ძალისხმევა ამჟამად PDF-ის სმარტფონებზე ადაპტირებისკენ არის მიმართული. კომპანია Liquid Mode-ის დახვეწაზე მუშაობს. ამ ყველაფერთან ერთად, პანდემიის პერიოდში Adobe-ის (NASDAQ: ADBE) აქციების ფასი $333-დან $500-მდე აიწია (სტატიის დამთავრების მომენტში აქციის ფასი – $458-ია).
საბოლოოდ ისეთი განცდა გვრჩება, რომ ტექნოლოგიები მიდიან და მოდიან, PDF კი რჩება.