ლოგიკის და ემოციების ბალანსის მნიშვნელობა ანტრეპრენერებისთვის
ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი საქმის შესრულებისას ოქროს შუალედის პოვნა საკმაოდ რთულია. ჩვენ ხშირად ვიხლიჩებით ძლიერ ემოციებსა და ლოგიკურ მსჯელობას შორის. შედეგად ზოგი ინსტინქტს ენდობა და გადაწყვეტილებას ცხელ გულზე იღებს. ზოგი კი ზედმეტად ცივი გონებით მსჯელობს და ამით თავის საბოლოო, ამაღლებულ მიზანს სცილდება. ორივე შემთხვევას თანაბრად უარყოფითი შედეგები მოსდევს. ხოლო მაშინ, როცა საქმე ახალბედა დამფუძნებელთან გვაქვს, რომელიც თავისი იდეის განხორციელების პროცესში თავითაა გადაშვებული, ამგვარმა „მიკერძოებულობამ“ შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. იმისთვის, რომ ბიზნესის ყველა საფეხური სწორად წარმართო საჭიროა ემოციები და აზროვნება დააბალანსო. ამ პროცესში დასახმარებლად კი 7 მთავარ პრინციპს გაგაცნობ.
1.დარწმუნდი, რომ შენი გეგმა სტარტაპმეტრიკებს შეიცავს
ადამიანების გაბედნიერება ან მსოფლიოში ღარიბების გამოკვება ამაღლებული, საამაყო მიზნებია. თუმცა რეალურად ბიზნესის წარმატებისთვის საჭიროა განსაზღვრული გქონდეს სავარაუდო product margins, მოცულობის და ზრდის მაჩვენებლები და სხვა. სტარტაპს გაზომვადი ამოცანები უნდა დაუსახო. მაგალითად თუ არც კი იცი რა არის შენი ბიზნესისთვის მომხმარებლის მოყვანის ღირებულება (CCA), ან რას უდრის retention rate, ნიშნავს, რომ მიზნებში და მოლოდინებში სრულიად დაკარგული ხარ.
2.გამოხატე, რომ წინსვლის უნარი გაქვს
წარმატებულ სტარტაპებსაც ოდესღაც რთული ეტაპების გამოვლა მოუწიათ. თუმცა მათი დამფუძნებლები თავიანთი სწორად განსჯის და მონდომების წყალობით ყოველთვის ახერხებდნენ ფეხზე დადგომას. გაიხსენე Amazon-ის კატასტროფული ჩავარდნა Fire phone-ის გამოშვების შემდეგ. წარმოგიდგენია რამდენი ტექნოლოგია არ იარსებებდა სამყაროში ახლა, ჯეფ ბეზოსისთვის ამ წარუმატებლობას ბრძოლის ჟინი რომ წაერთმია? ასე რომ რთულ სიტუაციაშიც კი იფიქრე არა საბაბზე, რომლითაც თავს გაიმართლებ. არამედ გზაზე, რომელიც მთავარ მიზნამდე მიგიყვანს.
იმისთვის, რომ ბიზნესის ყველა საფეხური სწორად წარმართო საჭიროა ემოციები და აზროვნება დააბალანსო.
3.დააბალანსე შენი ინსტინქტი და რჩევების მნიშვნელობა
ეს პრინციპი ინვესტორების მოძიების ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფინანსების მოძიებისას პოტენციურ პარტნიორებს აუცილებლად უნდა უჩვენო, რომ შინაგან რწმენასთან ერთად, სხვების რჩევებსაც აფასებ. გარშემომყოფების შემოთავაზებული სტრატეგიების, ან საკუთარი სურვილების ბრმად მიყოლა სწავლაში ვერ დაგეხმარება. რადგან სტარტაპის განვითარების პროცესში ლოგიკური ცვლილებების განხორციელება აუცილებლად მოგიწევს. ამისთვის კი სწორედ ბალანსია საჭირო.
4.ფოკუსირდი შენი და შენი გუნდის ღირებულებაზე
თუ ახალბედა დამფუძნებელი ხარ, არ გექნება საკმარისი მტკიცებულება შენი შეთავაზების ძალის დასამკიცებლად. შესაბამისად ინვესტორები თანხას შენი და შენი გუნდის უნარებში, წარსულ მიღწევებში და შენს ინდუსტრიაში დამყარებულ კავშირებში დებენ. თუ ეს სტარტაპი შენთვის პირველია, მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვა შენი, როგორც ლიდერის გამოცდილებას სკოლაში, ბიზნესში ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთან აღნიშნო, რომ შეგიძლია შენი ინდუსტრიიდან ნიჭიერი და გამოცდილი ადამიანების მოზიდვა.
5.შექმენი ზრდის რაციონალური გეგმა
ბევრი ანტვერპრენერი სათანადოდ არ აფასებს რესურსების და დროის მნიშვნელობას მასშტაბირების პროცესში. სამაგიეროდ ზედმეტად აფასებს თავის შესაძლებლობებს. უნდა იცოდე, რომ მდგრადი, განვითარებადი ბიზნესის შექმნა არა ერთჯერად ღონისძიებას, არამედ მარათონს ჰგავს. მხოლოდ საკუთარი უნარებზე დაყრდნობა, რომელიც აუცილებლად არასაკმარისი აღმოჩნდება, ბიზნესს გაგინადგურებს. წარმატებისთვის უნდა ისაუბრო შენს პარტნიორებზე, თანამშრომელთა როლებზე, დისტრიბუტორებზე და სტრატეგიულ კავშირებზე.
6.გაითვალისწინე კონკურენტების რეაქციები და მათი საპასუხო ქმედებები
არ იფიქრო, რომ ბაზარზე შესვლისას შენი კონკურენტები თავიანთ რიგებში ადგილს სიამოვნებით გამოგიყოფენ. დაუთმობდი ადგილს საზოგადოებრივ ტრანსპორტში შენნაირ ახალგაზრდას? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ, როცა ბაზარზე შესვლას გადაწყვეტ წინასწარ გათვალე რა ქმედებებს უნდა ელოდო კონკურენტებისგან. და ისიც იცოდე რა შემთხვევაში რას მოიმოქმედებ საპასუხოდ. უნდა შეიმუშავო განვითარების უწყევტი გეგმა. ეს კი შესაძლოა გულისხმობდეს ინოვაციურ შეთავაზებებს, ან სხვებთან გაერთიანების ან მათი შესყიდვის სტრატეგიებს.
7.უჩვენე ინვესტორებს როდის შეძლებენ თანხის ამოღებას
ინვესტორებმა იციან, რომ რეალურ შემოსავალს ვერ ნახავენ მანამ, სანამ კომპანია არ გაიყიდება, ან სხვა კომპანიასთან არ გაერთიანდება ან მისი IPO არ შედგება. მიუხედავად ამისა, მათ გარკვეული წარმოდგენა უნდა შეუქმნა იმის შესახებ, თუ როდის და როგორ შეძლებენ თავიანთი თანხების დაბრუნებას. ამის გამოთვლა კი შეგიძლია შენს ინდუსტრიაში შენი მსგავსი კომპანიების მაგალითების საფუძველზე.
მიზანი, ისევე როგორც მის მისაღწევად საჭირო მონდომება, ყველა ბიზნესს სჭირდება. თუმცა განვითარების პროცესში არ უნდა დაგავიწყდეს ბიზნეს ლოგიკა, რადგან სწორედ ის გაძლევს შენს მიერ მომხმარებელთან დადებული პირობების შესრულების უნარს. აზროვნების და ემოციების ბალანსს ინვესტორები აუცილებლად დაგიფასებენ. ასე კი შენს ოცნებებს რეალობად აქცევ და სამყაროს შეცვლასაც შეძლებ.