fbpx

არის ეჯაილ მეთოდოლოგია საუკეთესო გზა? Amazon-ის მაგალითი

ეჯაილი

არის ეჯაილ მეთოდოლოგია საუკეთესო გზა? Amazon-ის მაგალითი

უკანასკნელ პერიოდში ეჯაილ მეთოდოლოგიამ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და სწრაფად გაცდა საკუთარ ფუნდამენტურ ჩარჩოებს. ახლა ის არამხოლოდ ინოვაციის და პროდუქტის განვითარების, არამედ ბიუჯეტირების, ტალანტების მართვის და ოჯახური თავყრილობის ჩატარების  გზადაც იქცა.

ეჯაილი პროდუქტის განვითარების მძლავრი და ეფექტიანი მიდგომაა. თუმცა ბევრი კომპანია უკვე ზედმეტებშიც კი გადადის და ხანდახან მას უბრალოდ წინასწარ დაგეგმვის და მომზადებისგან თავის ასარიდებლად იყენებს. ეს კომპანიები ალბათ უკეთეს შედეგებს მიიღებენ თუ გაიზიარებენ Amazon-ის გამოცდილებას და  ეჯაილის და „უკუმიმართულებით მუშაობის“ (Working Backwards) მეთოდების კომბინაციას გამოიყენებენ.

ვისთვის არის Agile?

ეჯაილ მიდგომა იდეალურია სტარტაპებისთვის, რომლებიც ინოვაციურ, აქამდე არარსებულ პროდუქტს ქმნიან და სწრაფ განვითარებაზე ორიენტირდებიან. ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთ დროს რთულია მომხმარებლებზე დაკვირვება და მათი გამოკითხვა ჰიპოთეტური პროდუქტის შესახებ.

გამოსავალი პროტოტიპის ან მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის – MVP-ის სწრაფად შექმნა და ბაზარზე ჩაშვებაა. ეს პროცესი როგორც წესი ორკვირიან სპრინტს გულისხმობს, რა დროშიც გუნდი აწყობს პროდუქტის ისეთ ვერსიას, რომლის მომხმარებლისთვის წარდგენა შეგიძლია მათგან რეაქციის მისაღებად. თუ იდეა წარუმატებელი გამოდგება, კარგი ის არის, რომ ეს სწრაფად ირკვევა, როცა ჯერ კიდევ ცოტა რესურსია დახარჯული. არსებობს იმის შანსიც, რომ ამ პროცესში რამე უკეთესი იდეა გაჩნდება, რომლის ცალკე დამუშავება შეიძლება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტით დაინტერესება თავიდანვე გაჩნდება, გუნდი მარტივად განავითარებს პროდუქტის ახალ, უკეთეს იტერაციას.

Amazon-ის მაგალითი

„უკუმიმართულებით მუშაობის“ მიდგომა სრულიად წინასწარ დაგეგმვის ტაქტიკაზეა აგებული. ეს მოდელი 2004 წელს გამოჩნდა როდესაც Amazon აქტიურად ეძებდა ბაზრის ახალ, მსხვილ სეგმენტებზე გასვლის გზებს. როგორ უნდა მომხდარიყო ეს? პირდაპირ პროდუქტზე მუშაობის მაგივრად, რასაც ეჯაილი ითვალისწინებს, კომპანიამ გამოიყენა ნელი სვლის მიდგომა.

ამაზონის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი (Jeff Bezos), საკუთარ თავს ხუმრობით„შენელების დირექტორსაც“ კი უწოდებდა. ის პროცესებს ანელებდა, თუ დეველოპმენტისგუნდი ზედმეტად სწრაფად მოქმედებდა პროდუქტის შესაქმნელად, მაშინ როდესაც, მომხმარებლის პრობლემა არ იყო სრულყოფილად იდენტიფიცირებული და არც დახვეწილი პროდუქტის გეგმა არსებობდა მის მოსაგვარებლად.

„უკუმიმართულებით მუშაობის“ მიდგომა გულისხმობს პროდუქტის სრულად გაცნობიერებული ხედვის არსებობას, რომელიც უკვე გამოხატულია მისი ბაზარზე გაშვების პრეს რელიზში. ეს Amazon-ის პროდუქტის მენეჯერებისა და დეველოპერებისთვის ძალიან უცხო და არაბუნებრივი პროცესი იყო, რომლებსაც კოდირების პროცესის სწრაფად დაწყება უნდოდათ.

შედეგად, კვირები და თვეები იხარჯებოდა პროდუქტის პრეს რელიზის შექმნაში (ხშირად დასმულ კითხვებზე (FAQ) პასუხებთან ერთად), სადაც კოლეგებისთვის, მომხმარებლებისთვის და  ტოპ მენეჯმენტის წევრებისთვის აღწერილი იყო – როგორ ქმნიდა Amazon ასეთ საოცარ პროდუქტს, ასეთ ხელმისაწვდომ, მაგრამ ამავდროულად მომგებიან ფასად. დეველოპერები მუშაობას მხოლოდ იმის მერე იწყებდნენ, რაც მენეჯმენტი საბოლოოდ მოიწონებდა ამ დოკუმენტაციას.

მოცემულ პრაქტიკას Amazon დღემდე იყენებს და ამით შეძლო და შექმნა ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: Kindle , AWS cloud computing და Echo voice assistant. რა თქმა უნდა ამჟამად თითოეულ მათგანს ჰყავს კონკურენტები, თუმცა ბაზრის უმეტეს ნაწილს კვლავაც  სწორედ Amazon-ის პროდუქტები იკავებენ.

 

Agile-ის ძირითადი პრობლემა

უმეტესი კომპანიების მიერ პრაქტიკაში გამოყენებული ეჯაილ მეთოდის ყველაზე დიდი პრობლემა სისწრაფეა, რომელიც პროდუქტის შემქმნელებს მიკერძოებულობას უჩენს. მათ MVP-ის შექმნა სულ რამდენიმე კვირაში უწევთ. ამ დროს  ვერ ესწრება მთავარი რამის დაზუსტება – რა შედეგი უნდა მოიტანოს პროდუქტმა.

როგორია რეალურად სტარტაპცხოვრება – Paul Graham

Y combinator-ის თანადამფუძნებელმა პოლ გრეემმა თავისი სტატიების გადამოწმების ერთი მარტივი ხერხი მოიფიქრა – მან სტარტაპების დამფუძნებლებს გაუგზავნა ელ.ფოსტა კითხვით, თუ რა იყო მათთვის ყველაზე მოულოდნელი სტარტაპზე მუშაობის პერიოდში.

უარეს შემთხვევაში კი ვხვდებით ორი სახის კომპრომისს:

1.დეველოპერები მცირე დროითი რესურსის გამო იყენებენ მხოლოდ ამჟამად არსებულ უნარებსა და შესაძლებლობებს, ვერ ასწრებენ სიახლეების ათვისებას, რაც დასაწყისშივე ჩარჩოში სვავს მათ და ავტომატურად ამცირებს killer პროდუქტის შექმნის პოტენციალს.

2.დეველოპერებიზღუდავენ საკუთარ ამბიციებს და წარმოდგენას პროდუქტთან მიმართებით. ინოვაციის ნაცვლად ისინი ქმნიან მხოლოდ მცირედით გაუმჯობესებულ შეთავაზებას.

იმ ვარიანტშიც კი, თუ მათ ჩარჩოებში არ იმოქმედეს,დროის სიმცირის გამო MVP-ის სიცოცხლისუნარიანობა მინიმუმს უტოლდება, მომხმარებლები კი ვერ ახერხებენ რეალური უკუკავშირის მოწოდებას.

თავდაპირველად გუნდი თვლის, რომ ნებისმიერი სახის უკუკავშირი სასარგებლოა პროდუქტის მომავლისთვის, თუმცა ეს მომავალი იშვიათად დგება. 2 კვირიანი სპრინტები ხშირად საქმიანობის ნორმა ხდება, ამიტომ გუნდს არასდროს აქვს დრო დეტალურად ჩაუღრმავდეს მომხმარებლების სურვილებს.

ეჯაილის მიმდევრების აზრით, „უკუმიმართულებით მუშაობის“ მიდგომასაც აქვს საკუთარი მინუსები. მათი აზრით, ნელი ტემპის გამო იწელება დეველოპერების სამუშაო პროცესი, რაც ახანგრძლივებს მომხმარებლებისგან პროდუქტზე უკუკავშირის მიღებას და იტერაციის პროცესს. თუმცა, ალბათ სისწრაფე არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მითუმეტეს რაღაც ახალი, ინოვაციური პროდუქტის შექმნის პროცესში. მნიშვნელოვანია არ აგვერიოს ერთმანეთში კოდის სწრაფად წერა და რეალური პროგრესის მიღწევა. უკუმიმართულებით მუშაობით შეიძლება პირიქით უფრო სწრაფად გაუშვათ ბაზარზე წარმატებული პროდუქტი.

როგორ უნდა გამოვიყენოთ ეჯაილი უკეთესად

რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ რომ ეჯაილ მეთოდი არაპროდუქტიულია. პირიქით, მიდგომა საკმაოდ ეფექტიანია, განსაკუთრებით კი პროგრამული უზრუნველყოფის (software) პროდუქტის განვითარების პროცესში. ამ ტიპის პროდუქტის განვითარების უმეტესი ნაწილი ხომ მცირე ცვლილებებზეა აგებული, ამიტომაც იტერაციის სწრაფად შემუშვება, დატესტვა და მომხმარებლის უკუკავშირის მიღება სრულად შესაძლებელია.

ტექნოლოგიების სფეროში ეჯაილის მრავალი პრინციპი გამოიყენება, მაგალითად ისევ და ისევ Amazon-ში და სხვა ბევრ წარმატებულ კომპანიაში. მაგრამ, თუ ისეთი პროდუქტის შექმნა გსურთ, რომელიც სფეროში გადატრიალებას გამოიწვევს, უმჯობესია ჩვენს მიერ აღწერილი ორი მეთოდის სინთეზი გამოიყენოთ. ჯერ კარგად განსაზღვროთ პრობლემა და მისი მოგვარების გზა, შემდგომ კი სწრაფად შექმნათ შესაბამისი ტექნოლოგია. თავიდან აუცილებელია მკაფიო ხედვა, მახასიათებლების აღწერა და სამოქმედო გეგმა გაწერილი გქონდეთ, რაშიც უკუმიმართულებით მუშაობის მეთოდი გამოგადგებათ. ტექნოლოგიის აწყობის ეტაპზე კი მნიშვნელოვანია კონცენტრაცია და სისწრაფე რასაც ეჯაილ მეთოდის სპრინტებით დაგეგმვა გაგიმარტივებთ.

საბოლოო ჯამში ორი მიდგომის გაერთიანება კიდევ უფრო დიდ წარმატებამდე მიგიყვანთ. Amazon-მაც საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩამოაყალიბა შემდეგი სტრატეგია: იდეის განვითარების ეტაპზე – უკუმიმართულების მუშაობის მეთოდოლოგიის გამოყენება, ხოლო პროდუქტის შექმნისა და გაშვების ეტაპზე – ეჯაილი. თუ Amazon-ის მსგავსმა გიგანტმა შეძლო ორი მიდგომის კომბინაციის შექმნა და მუშაობის სტილის შესაბამისი ცვლილება, მოქნილ პატარა სტარტაპებს ეს ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეთ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post