სტარტაპმა ControlUp 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
ისრაელში დაფუძნებულმა სტარტაპმა ControlUp $100 მილიონი ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა. დაფინანსების რაუნდს K1 Investment Management და JVP ერთობლივად უძღვებოდნენ. სტარტაპის განცხადებით, აღნიშნულ ფინანსებს ის თავის ინსტრუმენტებში ინვესტიციების ჩადების გასაგრძელებლად და გაფართოებისთვის გამოიყენებს.
ცნობისთვის, პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპი ქმნის ტექნოლოგიას, რომელიც IT გუნდებს ვირტუალური დესკტოპ და აპლიკაციების მუშაობის მონიტორინგსა და გაუმჯობესებაში ეხმარება.
პოსტკოვიდ ეპოქაში მსხვილი ორგანიზაციების IT მენეჯერების ერთერთი გამოწვევა ოფისში, სახლში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას მჯდომი თანამშრომლის ქსელის მუშაობის ხარისხზე დაკვირვებაა. ControlUp-ის ხელსაწყოთა პანელი შესაბამის პირებს დაკვირვების, პრობლემების პოვნისა და მათი გადაჭრის საშუალებების მოძიებაში ეხმარება, – განაცხადა JVP-ის დამფუძნებელმა ერელ მარგალიტმა.
სიახლეზე კომენტარი K1 Investment Management-ის ვიცეპრეზიდენტმა როი ლიაომაც გააკეთა:
K1 ამაყობს ControlUp-თან პარტნიორობით, რადგან ის თანამშრომლების ციფრულ გამოცდილებაში სიახლეების დანერგვას აგრძელებს. სამუშაო პროცესის გამარტივებაზე, დაჩქარებასა და ხარჯთეფექტურობაზე ფოკუსირებით, სტარტაპი ისეთ ღირებულების წინადადებას გთავაზობთ, რომელსაც სხვა ვერცერთი მიმწოდებელი დააკმაყოფილებს.
დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის ჩამოყალიბებასთან ერთად, სტარტაპმა უფრო მყარად მოიკიდა ბაზარზე ფეხი და გასულ წელს მისი შემოსავლები 50%-ით გაიზარდა. ControlUp-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ასაფ განოტი სტარტაპის ღირებულებას არ ამჟღავნებს. თუმცა, სავარაუდოდ, ის $330 მილიონს აღემატება (რაც მას ერთი წლის წინ ჰქონდა) და ჯერ $1 მილიარდზე ნაკლებია.
პროდუქტის შესახებ
სტარტაპის გადაწყვეტილება ეფუძნება დესკტოპზე ერთგვარი ,,აგენტების’’ განლაგებას, რომლებიც აპლიკაციებისა და მოწყობილობის მუშაობას მუდმივად აკონტროლებენ. აღნიშნული ,,აგენტები’’ ხელოვნურ ინტელექტით იმართებიან და ისინი არამხოლოდ ამოიცნობენ პრობლემას, არამედ მომხმარებელს აცნობებენ, რა არის მის გამოსასწორებლად საჭირო.
კონფიდენციალურობაზე საუბრისას კი ასაფ განოტი ამბობს, რომ ლოგიკურია დღეს ადამიანებს ,,აგენტების’’ ეშინოდეთ. თუმცა, აღნიშნავს, რომ ControlUp მხოლოდ სამუშაო რესურსთან (ეს იქნება კომპიუტერი თუ სამსახურის მეილი) დაკავშირებისას ადევნებს თვალყურს მონაცემებს.