fbpx

ქართულმა სტარტაპმა Ambry 200,000 ₾ ინვესტიცია მოიპოვა

სტარტაპმა Ambry

ქართულმა სტარტაპმა Ambry 200,000 ₾ ინვესტიცია მოიპოვა

ახლადდაფუნძებულმა ქართულმა ფინტექ სტარტაპმა Ambry 200 000 ლარის ოდენობით წინასწარი დაფინანსება მიიღო. კომპანიის თქმით, კერძო ინვესტიციიდან მიღებული თანხა პლატფორმის გაუმჯობესებასა და ახალი მომსახურებების დანერგვას მოხმარდება.

სტარტაპმა პირველადი დაფინანსება 100,000 ₾ ოდენობით GITA-ის თანადაფინანსების პროგრამის მეშვეობით მიიღო.

სტარტაპისა და პროდუქტის შესახებ

Ambry-ის დამფუძნებელთა გუნდი Mycoins.ge-ის 5 თანამშრომლისგან შედგება. სტარტაპის ჩამოყალიბების პროცესი კი Mycoins.ge-ის მომხმარებელთა ბაზის უსაფრთხოების დასაცავად საიმედო პლატფორმის ძიებას უკავშირდება. საბოლოოდ, გუნდმა ბაზარზე სასურველი მომსახურება, შესაბამისი ღირებულებით ვერ მოიძია და პროდუქტის თავად შექმნა გადაწყვიტა.

Ambry-ის ტექნოლოგიების გამართვას რამდენიმეწლიანი მუშაობა დასჭირდა. როგორც კი დავინახეთ, რომ შედეგებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, გადავწყვიტეთ, პროდუქტი სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა და საბოლოოდ სტარტაპმა Ambry დამოუკიდებელი კომპანიის სახე მიიღო, – გვიყვება თანადამფუძნებელი ლუკა ლომსაძე

Ambry-ის გამოყენება როგორც ინდივიდებს, ასევე კომპანიებსაც შეუძლიათ. პროდუქტის დახმარებით, პირები ნებისმიერი კრიპტოსაფულის ვალიდურობასა და უსაფრთხოების დონეს შეამოწმებენ. ამის გარდა, კრიპტოტრანზაქციის ID-ის მეშვეობით მის შესახებ დეტალებს შეისწავლიან – წარმომავლობისა და შემდგომი ტრანზაქციების კვალზე მიიღებენ სრულ ინფორმაციას.

მსგავსი ტექნოლოგიის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია თავიდან აირიდოს ნებისმიერი ტიპის ,,მატყუარა’’ კრიპტომისამართებთან თანხის გადარიცხვა და შეინარჩუნოს საკუთარი კრიპტოების უსაფრთხოება, – აღნიშნავს ლუკა ლომსაძე

რაც შეეხება კრიპტოსავალუტე სექტორში მყოფ კომპანიებს, ისინი Ambry-ის მეშვეობით საკუთარი მომხმარებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ამასთან ერთად, საეჭვო ტრანზაქციების მომენტალურად იდენტიფიცირებას შეძლებენ.

სამომავლო გეგმები

Ambry-ის სამომავლო გეგმებში გეოგრაფიული გაფართოება შედის. პირველ ეტაპზე, სტარტაპს საქართველოს ბაზრის სრულად მოცვა სურს, შემდგომ პოსტსაბჭოთა და ევროპის ქვეყნების, საბოლოოდ კი ამერიკულ ბაზარზე გასვლასაც ისახავს მიზნად.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post