Coinbase თუ Coinbase Pro? – შედარება
კრიპტოვაჭრობის დამკვიდრებასთან ერთად, სატრეიდინგო პროდუქტები დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. კრიპტომიმოცვლის გასამარტივებლად არაერთი პლატფორმა იქმნება. მათ შორისაა კომპანიის Coinbase Global Inc. მფლობელობაში არსებული Coinbase და Coinbase Pro.
პლატფორმის ანგარიშის ამ ორ ტიპს ბევრი მსგავსი ფუნქცია აქვს, თუმცა მათ შორის გარკვეული განსხვავებებიც იკვეთება.
მახასიათებლები
ორივე ანგარიშის სახეობას არაერთი საერთო მახასიათებელი გააჩნია. მაგალითად:
– მობილური აპლიკაციები – ანგარიშის თითოეულ ტიპს აქვს მაღალი შეფასების მქონე მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ვებბრაუზერის მსგავს გამოცდილებას სთავაზობს.
– ციფრული საფულე – Coinbase პლატფორმა უზრუნველყოფს hot wallet-ს, რომელსაც მრავალი ვალუტის მხარდაჭერა აქვს. ციფრული საფულის გამოსაყენებლად არაა აუცილებელი, Coinbase მომხმარებელი იყოთ.
– ხელმისაწვდომობა – ფუნქციათა მრავალფეროვანი არჩევანი 100-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, თუმცა ზოგან გარკვეული შეზღუდვებით. მაგალითად, ჰავაიზე პლატფორმას ვერ გამოიყენებთ, ხოლო მექსიკიდან ვერ გაყიდით.
– მომხმარებლის განათლება – პლატფორმაზე ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო ვიდეოგაკვეთილები, სტატიები და სახელმძღვანელოები.
თუმცა, აღსანიშნავია მათ შორის განსხვავებებიც. პლატფორმა მომხმარებელთა სხვადასხვა ტიპს ემსახურება. მაგალითად, დამწყები ინვესტორებისთვის Coinbase-ის სიმარტივეა მიმზიდველი. ხოლო გამოცდილი ტრეიდერები Coinbase Pro-ის ფუნქციათა მდიდარ კომპლექტს ანიჭებენ უპირატესობას.
Coinbase Pro მომხმარებელს რეალურ დროში დიაგრამების (მცოცავი საშუალოთი (MA) და ექსპონენციალური მცოცავი საშუალოთი (EMA) შედგენის ინსტრუმენტებს სთავაზობს. ასევე ხელმისაწვდომია ვაჭრობის ისტორია, შეკვეთების პორტფელი და ფასების დიაგრამები.
სავაჭრო ოპერაციების ტიპები ასევე განსხვავდება. Coinbase იძლევა ყიდვის, გაყიდვის, ტრანზაქციის გაგზავნისა და მიღების საშუალებას. Coinbase Pro გთავაზობთ უფრო გაფართოებულ ვარიანტებს, როგორიცაა stop order, limit order, და margin orders.
მხარდაჭერილი ვალუტები
Coinbase და Coinbase Pro მხარს უჭერენ ტრადიციულ ვალუტებს (USD, GBP და EUR). გარდა ამისა, ორივე პლატფორმაზე 50-ზე მეტი სახეობის ალტკოინია ხელმისაწვდომი.
ორივე ტიპის ანგარიშს აქვს ისეთი პოპულარული კრიპტოვალუტების მხარდაჭერა, როგორებიცაა:
– Ethereum (ETH)
– Litecoin (LTC)
– Cardano (ADA)
– Bitcoin Cash (BCH)
– Stellar Lumens (XLM)
– Chainlink (LINK)
– Uniswap (UNI)
– Aave (AAVE)
თუმცა, მათ შორის გარკვეული განსხვავებაც ისახება. მაგალითად:
Coinbase მომხმარებელს სთავაზობს:
სულ 107 კრიპტოვალუტას, მათ შორის Bitcoin Satoshi Vision (BSV)-ს.
Coinbase Pro მომხმარებელს სთავაზობს:
250-ზე მეტ კრიპტოვალუტაც, მათ შორის Golem (GNT)-სა და Loom Network-ს (LOOM).
უსაფრთხოება
პლატფორმა უსაფრთხოების ერთნაირად მაღალ დონეს სთავაზობს მომხმარებელს Coinbase-სა და Coinbase Pro-ზე.
ყველა USD ნაღდი ფულის ბალანსი (cash balance) აშშ-ის დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) მიერაა დაცული 250,000 აშშ დოლარამდე ინდივიდზე.
Coinbase მომხმარებელთა კაპიტალის 98%-ს ოფლაინ, cold storage-ში ინახავს. დარჩენილი 2% ინახება ონლაინრეჟიმში, Coinbase-ის სადაზღვევო პოლისით, რომელიც Coinbase-ის ობიექტების კიბერუსაფრთხოების დარღვევით გამოწვეულ ნებისმიერ დანაკარგს ანაზღაურებს.
ორივე ტიპის ანგარიშზე ორფაქტორიანი იდენტიფიკაციისა (2FA) და ბიომეტრიული, თითის ანაბეჭდის შესვლის ფუნქციებია ხელმისაწვდომი. ციფრული საფულეები და პირადი გასაღებები (private keys ) AES-256 დაშიფვრას იყენებენ. რა თქმა უნდა, უსაფრთხო და ძლიერი პაროლის შექმნაზე მომხმარებელია პასუხისმგებელი.
საკომისიო გადასახადები
Coinbase და Coinbase Pro საკომისიო გადასახადების სტრუქტურები განსხვავებულია. პირველი მათგანი უფრო ძვირი და კომპლექსურია, ხოლო უკანასკნელი შედარებით იაფია და maker-taker მიდგომას იყენებს. ზედმეტი საკომისიო გადასახადის თავიდან აცილების გზა სწორედ ანგარიშის ამ ტიპით ვაჭრობაა.
რეალური მაგალითებით რომ განვიხილოთ, Coinbase Pro-ზე:
– $10,000-ზე ნაკლები ღირებულების ტრანზაქციაზე 0,50% Taker ან 0,50% Maker Fee ეკისრება მომხმარებელს.
– $10,000-დან $50,000-მდე ტრანზაქციებზე – 0,35% Taker ან Maker Fee.
– $50,000-დან $100,000-ამდე ტრანზაქციაზე 0,25% Taker ან 0,15% Maker Fee-ს იხდის მომხმარებელი.
– $100,000-დან $1 მილიონამდე ტრანზაქციაზე კი 0,20% Taker ან 0,10% Maker Fee ეკისრება მომხმარებელს.
Coinbase-ის შემთხვევაში კი, თუ ალტკოინის შესაძენად მაგალითად $200-ს დახარჯავს მომხმარებელი, გადახდის მეთოდის მიხედვით, მას განსხვავებული საკომისიო დაეკისრება. საკრედიტო ბარათის შემთხვევაში, ეს 2,00% იქნება.
გამოყენების სიმარტივე
Coinbase ან Coinbase Pro-ის გამოსაყენებლად აპლიკაციის ჩამოტვირთვა არაა აუცილებელი. მათი ყველა ფუნქცია ვებბრაუზერშიც ხელმისაწვდომია. თუმცა, ანგარიშის ორივე ვერსიას მოსახერხებელი მობილური აპლიკაცია აქვს.
Coinbase-ის გამოყენების სიმარტივე (მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის მხარდაჭერა აქვს) მას დამწყებთათვის უკეთეს ვარიანტად აქცევს. ხოლო Coinbase Pro, მეტი სავაჭრო ფუნქციების გამო, უფრო მეტად კრიპტოვაჭრობის მცოდნე ადამიანებს შეეფერება.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის Coinbase და Coinbase Pro?
Coinbase და Coinbase Pro წამყვანი კრიპტომიმოცვლის პლატფორმებია, რომლებიც 2012 წელს დაარსებულ Coinbase Global Inc-ს ეკუთვნის.
როგორ მუშაობს Coinbase და Coinbase Pro?
ნებისმიერი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, Coinbase-ზე მომხმარებლის ანგარიშის შექმნა აუცილებელია. ამისთვის საჭიროა სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ახალი პაროლი.
ელფოსტის მისამართის ვერიფიკაციის შემდეგ, ორფაქტორიანი იდენტიფიკაციის დაყენების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს ტელეფონის ნომრის დადასტურებაც შეუძლია.
ანგარიშის შექმნის შემდეგ, აშშ-ში მცხოვრებმა მომხმარებლებმა Social Security ნომერი, ხოლო სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებმა იდენტიფიკაციის ალტერნატიული ფორმა უნდა წარადგინონ. ბოლოს კი, მომხმარებელს საკრედიტო ან სადებეტო ბარათის, ასევე საბანკო ანგარიშის დამატება შეუძლიათ.
შენიშვნა: ინვესტირების ნებისმიერი სტრატეგია და ინვესტიციები ზარალის რისკს შეიცავენ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა