fbpx

YC-ის რჩევები სტარტაპებს

yc-advices-mvp.ge

YC-ის რჩევები სტარტაპებს

ბევრი რჩევა, რომელსაც სტარტაპებს YC-ში აძლევენ, ტაქტიკურია – ისინი ყოველდღიური მუშაობის პროცესშია გამოსადეგი. თუმცა, უფრო ფუნდამენტური რჩევებიც არსებობს. სწორედ ამიტომ, მოდით განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციული საკითხები, რომლებიც სტარტაპებს წარმატებისკენ მიმავალი გზის პოვნაში დაეხმარება.

პროდუქტის ჩაშვება

პირველი საკითხი, რაზეც YC-ში სტარტაპების დამფუძნებლებს ესაუბრებიან, პროდუქტის ბაზარზე რაც შეიძლება მალე ჩაშვებაა. ამ რჩევას ერთი მარტივი მიზეზი აქვს – ეს ერთადერთი გზაა მომხმარებლების პრობლემების სრულად აღსაქმელად და იმის გასაგებად, აკმაყოფილებს თუ არა პროდუქტი მათ საჭიროებებს. ამიტომ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საშუალო ხარისხის პროდუქტის რაც შეიძლება მალე ჩაშვება და შემდეგ მისი გაუმჯობესება ბევრად უკეთესი მიდგომაა, ვიდრე იდეალური პროდუქტის შექმნის ლოდინი. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი – პროდუქტი იმ დონეზე უნდა იყოს განვითარებული, რომ მომხმარებლისთვის მიწოდებულმა მისმა სარგებელმა ნებისმიერი ხარვეზით გამოწვეული პრობლემა გადაწონოს.

ჩაშვების შემდეგ

ბევრი მრჩეველი სტარტაპებს რაც შეიძლება მალე მასშტაბირებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული შესაბამისი ტექნოლოგიის შექმნასა და პროცესების აწყობას მოითხოვს, ამის ნაადრევად გაკეთება კი დროისა და ძალისხმევის ფუჭად ხარჯვაა. აქედან გამომდინარე, YC-ში დამფუძნებლებს საწყის ეტაპზე არამასშტაბირებადი რაღაცების გაკეთებას თავაზობენ. მაგალითად, Airbnb-ის დამფუძნებლებმა თავიანთ პირველ მომხმარებლებს სახლებისა და ბინების ,,პროფესიონალური’’ გადაღება შესთავაზეს. შემდეგ კი მივიდნენ მათთან და თავად გადაიღეს ფოტოები. შედეგად, საიტზე განთავსებული განცხადებების ხარისხი გაუმჯობესდა და კონვერსიის სისწრაფე გაიზარდა.

ამასთან ერთად, YC-ის პარტნიორის, პოლ ბუჰაიტის რჩევაც აღსანიშნია. მისი თქმით, დამფუძნებლებმა 90/10 მიდგომა უნდა გამოიყენონ. ეს გულისხმობს, რომ მათ უნდა მოძებნონ ისეთი გზა, რომლითაც მიზნის 90%-ის მისაღწევად შრომის/ძალისხმევის/დროის მხოლოდ 10% დასჭირდებათ. ასეთი გამოსავალის მოძებნა კი თითქმის ყველა სიტუაციაშია შესაძლებელი. რაც მთავარია, მომხმარებლის პრობლემის 90%-ით დაუყოვნებლივ გადაჭრა უკეთესია, ვიდრე მისი 100%-ით გადაწყვეტა, რასაც წლები სჭირდება ხოლმე.

ფოკუსირება

სტარტაპის ზრდის პროცესში მრავალი პოტენციური ყურადღების გამფანტავი ჩნდება. ეს შეიძლება იყოს თუნდაც კონფერენციები, ვახშმები ან სხვა სახის შეხვედრები. YC-ში ყოველთვის ვახსენებთ დამფუძნებლებს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსი არ დაკარგონ. მათი ყურადღება მუდამ მომხმარებელთან საუბრისა და პროდუქტის დახვეწისკენ უნდა იყოს მიმართული.

შესაბამისი მომხმარებელი

დამფუძნებლების უმეტესობას ავიწყდება, რომ ისინი ირჩევენ მომხმარებელს ისევე, როგორც მომხმარებელი ირჩევს მათ. ზოგიერთი მომხმარებელი კომპანიას შეიძლება იმაზე ძვირი უჯდებოდეს, ვიდრე მისგან მიღებული სარგებელი (შემოსავლის თუ უკუკავშირის სახით). ასეთ შემთხვევაში, უნდა გახსოვდეთ, რომ სწორ მომხმარებელზე ფოკუსირება და ძალისხმევის მათში ჩადება საუკეთესო გამოსავალია. უნდა აღინიშნოს, რომ სჯობს გყავდეთ 10 მომხმარებელი, რომელთაც უყვარხართ, ვიდრე 100, რომელთაც ასე თუ ისე მოსწონხართ.

დიდ კომპანიებთან გარიგებები

სტარტაპ დამფუძნებლებს ხშირად უჩნდებათ იმის ცდუნება, რომ მხვილ კომპანიებთან გააფორმონ გარიგებები. თუმცა, პატარა სტარტაპებისთვის ასეთი შეთანხმებები იშვიათად მთავრდება კარგად. მათ ძალიან ბევრი დრო მიაქვთ, ძვირი ჯდება და ხშირად წარუმატებელია.

მეტრიკების შერჩევა

სტარტაპზე მუშაობისას ერთ-ერთი ურთულესი ამოცანა იმის არჩევაა, თუ რა უნდა გააკეთოთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დამფუძნებლებს გასაკეთებელი საქმის უსასრულო სია ყოველთვის აქვთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სტარტაპმა რაც შეიძლება მალე აირჩიოს ერთი ან ორი ძირითადი მეტრიკა წარმატების საზომად და შემდეგ დამფუძნებლებმა ყველაფერი იმის გათვალისწინებით გააკეთონ, თუ რა გავლენა ექნება ამა თუ იმ მოქმედებას ამ მეტრიკებზე.

კონკურენტებზე ფიქრი

ახალბედა სტარტაპის დამფუძნებლებისთვის ძალიან რთულია თავის გაკონტროლება, რომ ისინი კონკურენტებზე ფიქრმა არ შეიპყროს. თუმცა, აუცილებელია იცოდეთ, რომ კონკურენტებზე ფიქრში დროის ნებისმიერი რაოდენობის დახარჯვა ძალიან ცუდი იდეაა.

კი, აუცილებლად დადგება ისეთი დრო, როდესაც კონკურენტული დინამიკა სტარტაპის წარმატება-წარუმატებლობის საკითხში მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პირველი ორი წლის განმავლობაში მოხდეს.

თანადამფუძნებელთან ურთიერთობა

უნდა გახსოვდეთ, რომ თანადამფუძნებელთან ურთიერთობას იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. სტარტაპების დიდი ნაწილის წარუმატებლობის მიზეზი ხშირად სწორედ დამფუძნებლებს შორის დაძაბულობა ხდება ხოლმე. ამიტომ, თანადამფუძნებლებს შორის ღია და გულწრფელი კომუნიკაცია აუცილებელია.

განტვირთვა

YC-ში დამფუძნებლებს ყოველთვის ახსენებენ, რომ დაისვენონ, გაატარონ დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, იძინონ საკმარისად და ივარჯიშონ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post