fbpx

რა არის აქცია?

აქცია

რა არის აქცია?

აქცია არის კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, რომელიც წარმოადგენს ამ კომპანიის საკუთრების უფლებას. აქციებს ძირითადად საფონდო ბირჟებზე ყიდულობენ და ყიდიან. ხოლო მათი შესყიდვის შემდეგ, ფიზიკური ან იურიდიული პირი ხდება მეწილე, ანუ აქციონერი.
იმის გასაგებად თუ რა წილს ფლობს აქციონერი კომპანიაში საკმარისია მის საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობა შევაფარდოთ კომპანიის მიერ გამოშვებული (ემისირებული) აქციების საერთო რაოდენობასთან.

 

აქციის ფლობა ინვესტორს ანიჭებს უფლებას მიიღოს მისი წილის შესაბამისი შემოსავალი (დივიდენდი), თუკი კომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას გაანაწილოს მოგება (გასცეს დივიდენდები), თუმცა უმეტეს შემთხვევებში კომპანიის გეგმები, გაანაწილოს მოგება თუ მოახდინოს მისი რეინვესტირება, არ ემთხვევა კონკრეტული ინვესტორების გეგმებს. ამიტომ ინვესტორს აქვს შესაძლებლობა აქციები გადაყიდოს ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე შესაბამისად გაზრდილ ან შემცირებულ თანხაში.

იმ ქვეყნებში, სადაც მაღალ დონეზეა განვითარებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები, ინვესტორების უდიდესი ნაწილის მთავარი მოტივაცია სხვადასხვა კომპანიის აქციების შეძინისას არის, კომპანიის ღირებულების ზრდის საფუძველზე გადაყიდონ აქციები შესაბამისად გაზრდილ ფასად.

ასევე იმ შემთხვევაში თუ კომპანია გადაწყვეტს ლიკვიდაციას, ყველა სხვა ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ, დარჩენილ აქტივებს აქციონერები იყოფენ წილების შესაბამისად.

რატომ უშვებენ კომპანიები აქციებს?

მაშინ, როდესაც კომპანიას ფულადი სახსრები სჭირდება (მიზეზი შესაძლოა იყოს საოპერაციო პროცესის გაგრძელება, გაფართოება ან, თუნდაც, რაიმე პროექტზე მუშაობის დაფინანსება), მოქმედების ორი გზა აქვს – აიღოს სესხი, გამოუშვას სასესხო ფასიანი ქაღალდი(ობლიგაციები) ან გამოუშვას აქციები. ხშირად, კომპანიებისთვის ვალის აღება (თუნდაც, საბანკო კრედიტის) ნაკლებად მოგებიანია, რადგანაც, ძირითადად, დროის გარკვეულ პერიოდში, ვალდებულების გასტუმრება უხდებათ. აქციების გამოშვების შემთხვევაში კი, მათ არ წარმოექმენბათ სესხის დაფარვის თუ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია აქციების ემისიას აირჩევს და ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს, გახდება ემიტენტი.

კომპანიებს ახალი აქციების გამოშვება შეუძლიათ ნებისმიერ დროს, როდესაც დამატებითი ფინანსების საჭიროებას დაინახავენ. აღსანიშნია, რომ ეს პროცესი არსებული აუქციონერების წილის განზავებას, ანუ მათი ფლობის წილის პროცენტული რაოდენობის შემცირებას იწვევს.

აქციების ტიპები

არსებობს ორი სახის აქცია  – ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ჩვეულებრივი აქციის ფლობისას, ინვესტორს აუქციონერთა კრებაზე დასწრებისა და კომპანიის მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის, ანუ ხმის მიცემის უფლება აქვს. კომპანიებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა კლასის ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც, თავისთავად, განსხვავებული ხმის უფლებას ანიჭებენ მეწილეებს. ჩვეულებრივი აქციის მფლობელებისგან განსხვავებით, მათ, ვისაც პრივილეგირებული აქციები აქვთ, ხმის მიცემისა და კომპანიის მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება არ გააჩნიათ (თუ, მათი გამოცემისას სხვაგვარად არ განსაზღვრა კომპანიამ). განსხვავებულია დივიდენდის გაცემის ნაწილიც – პრივილეგირებულ აქციებზე კომპანია დივიდენდს სასესხო ვალდებულების მსგავსად იხდის. მეწილეებს ფასიანი ქაღალდის ორივე ტიპის გადაყიდვა შეუძლიათ.

როგორ უნდა შევიძინოთ აქციები და რა უნდა გავითვალისწინოთ

როგორ უკვე აღვნიშნეთ, აქციებით ვაჭრობა ძირითადად საფონდო ბირჟებზე მიმდინარეობს, ასევე OTC (over-the-counter) ბაზრებზე. მათი შეძენა შესაძლებელია როგორც შუამავლის (საბროკერო კომპანიის ან ამ საქმიანობისთვის ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის) მეშვეობით, ასევე მის გარეშე.

ცხადია, ინვესტირებამდე რისკებიც უნდა გავითვალისწინოთ და აქციის შეძენის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ გარკვეულ საკითხებში დარწმუნების შემდეგ მივიღოთ. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პოლიტიკაზე, განვითარების ეტაპზე, ფინანსურ ანგარიშებზე, მოგებიანობაზე, გადახდისუნარიანობასა და ა.შ. ინფორმაცია მოვიძიოთ და დავადგინოთ, თუ რამდენად შეესაბამება ის ჩვენს მოლოდინებს. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი გარე ფაქტორები, რომლებიც აქციის ფასებზე ახდენენ გავლენს. ესენი შესაძლოა იყოს რეგულაციები, პოლიტიკური თუ ეკონომიკური გარემოცვა და ა.შ.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post