iMessage-სა და WhatsApp-ს, შესაძლოა, პატარა პლატფორმებთან მუშაობა მოუწიოს
ევროკავშირის ახლადშეთანხმებულმა ციფრული ბაზრის აქტმა WhatsApp-ს, Facebook Messenger-სა ან iMessage-ს, შესაძლოა, შეტყობინებების უფრო პატარა პლატფორმებთან თანამშრომლობა დაავალოს.
გთავაზობთ ევროკავშირის განცხადებას:
“დაახლოებით 8-საათიანი ტრილოგის დროს (სამმხრივი მოლაპარაკებები პარლამენტს, საბჭოსა და კომისიას შორის), ევროკავშირის კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ უმსხვილესი შეტყობინებების სერვისებმა (როგორიცაა Whatsapp, Facebook Messenger ან iMessage) უნდა ითანამშრომლონ მცირე პლატფორმებთან. შემდეგ უკვე, მცირე თუ დიდი პლატფორმების მომხმარებლებს შეეძლებათ გაცვალონ შეტყობინებები, გაგზავნონ ფაილები ან განახორციელონ ვიდეოზარები შეტყობინებების აპლიკაციებში, რაც მათ მეტ არჩევანს მისცემს. რაც შეეხება სოციალური ქსელების თავსებადობის ვალდებულებას, თანაკანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ ასეთი თავსებადობის დებულებები მომავალში შეფასდება.”
მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჯერ არ არის მიღებული, მომავალში მან შეიძლება აიძულოს ისეთი კომპანიები, როგორიცაა Apple და Meta, გახსნან თავიანთი სისტემები, რომლებსაც ადრე მთლიანად აკონტროლებდნენ. მაგალითად: iMessages-ის გაგზავნა შეგიძლიათ მხოლოდ Apple-ის iMessage აპის გამოყენებით, რომელიც მხოლოდ მის მოწყობილობებზე მუშაობს. როგორც ჩანს, ევროკავშირს სურს, აიძულოს Apple, სხვა შეტყობინებების აპლიკაციების ინტერფეისი დაუშვას iMessage-ზე. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მოუწევთ თუ არა დიდ აპლიკაციებს ერთად იმუშაონ (მაგ. WhatsApp-ის მომხმარებლებს შეეძლებათ გაგზავნონ iMessage-ზე შეტყობინება და ა.შ).
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის თავსებადობის შექმნა შეიძლება, რთული ჩანდეს ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ევროკავშირმა კომპანიებს დიდი დრო არ მისცა ამის გასაკეთებლად. წესები ძალაში ციფრული ბაზრის აქტის მიღებიდან არაუმეტეს ექვს თვეში შევა.
თუ ევროკავშირის წინადადება დამტკიცდება, კომპანიები იძულებულები იქნებიან, გახსნან თავიანთი შეტყობინებების ქსელები. როგორც ევროკავშირი აცხადებს თავის პრესრელიზში, მას შეუძლია დააჯარიმოს კომპანია მისი გლობალური წლიური შემოსავლის 10 პროცენტამდე, განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში – 20 პროცენტამდე, ასევე კომისიას შეუძლია, ხელი შეუშალოს კომპანიას შესყიდვების განხორციელებაში, თუ ის სისტემატურად არღვევს წესებს.